ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, პირველად მონაწილეობდა საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაციის (EAIE) ორგანიზებით ქ. ტულუზში (საფრანგეთი) 2024 წლის 17-20 სექტემბერს გამართულ განათლების საერთაშორისო გამოფენასა და კონფერენციაში.
მასშტაბურ საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებას ბსუ-დან სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფ. მარინე გიორგაძე დაესწრო. საქმიანი და საინტერესო შეხვედრები გაიმართა როგორც ბსუ-ს ძველ პარტნიორებთან და მეგობრებთან, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების მიზნით, ასევე ახალ პარტნიორებთან, რომლებმაც მომავალი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს, კერძოდ, საფრანგეთის, გერმანიის, თურქეთის, ისრაელის, ესპანეთის, იტალიის, რუმინეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია სამომავლოდ მემორანდუმების ხელმოწერა, ასევე ხელშეკრულებების გაფორმება გაცვლითი პროგრამების განხორციელების მიზნით, საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა.
EAIE უმაღლესი განათლების სფეროში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენაა, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე ორგანიზაციის 7000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის 16 უნივერსიტეტი საქართველოდან. საინტერესო პლენარულ და სასესიო გამოსვლებში ევროპელი ექსპერტები განიხილავდნენ უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების საკითხებს.
საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაციის (EAIE) გამოფენებში მონაწილეობა ხელს უწყობს უნივერსიტეტების პოპულარიზაციას, ცნობადობის ზრდას და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის განვითარებას.
უკან |