ვანო პაპუნიძე - 85

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის პროფესორ ვანო პაპუნიძეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის უნივერსიტეტის საპატიო ჯილდო მიენიჭა. აკადემიური საბჭოს სხდომაზე უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ ღვაწლმოსილ პროფესორს საიუბილეო თარიღი - 85 წელი მიულოცა და შოთა რუსთაველის სახელობის მედალი გადასცა.  აკადემიკოსს საიუბილეო თარიღი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს აკადემიური საბჭოს წევრებმა, კოლეგებმა და ოჯახის წევრებმა.

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ვანო პაპუნიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოში აგროსატყეო და ზოგადი ბიოლოგიური მეცნიერების დარგების განვითარებაში, გამოქვეყნებული აქვს 120-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 21 მონოგრაფია.

აკადემიკოსი ვანო პაპუნიძე დაიბადა 1940 წლის 10 თებერვალს. 1965 წელს მან წარმატებით დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი. 1967 წელს იგი თბილისის სატყეო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ასპირანტად მიიწვია აკადემიკოსმა ვასილ გულისაშვილმა, 1972 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1990 წელს – სადოქტორო. 1989-2006 წლებში ხელმძღვანელობდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, სადაც საფუძველი ჩაუყარა მნიშვნელოვან ეკოლოგიურ და ბოტანიკურ კვლევებს.

1992 წლიდან ასწავლის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. პროფესორი ვანო პაპუნიძე ასწავლის არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ სისტემატურად ამზადებს დოქტორანტებს. მის საზოგადოებრივ საქმიანობაში შედის აგრეთვე საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების დაცვის საბჭოს ხელმძღვანელობა. არის მრავალი დისერტაციის ოპონენტი. ასევე გახლავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განახლებული რეგიონული სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი.

პროფესორი აქტიურად თანამშრომლობს ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან, მონაწილეობა აქვს მიღებული 60-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში.

1988 წელს პროფესორ ვანო პაპუნიძეს მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული მეტყევის საპატიო წოდება. 2001 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. არის საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა, სოციალურ მეცნიერებათა, აფხაზეთისა და ფაზისის მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი. იგი არჩეულია იუნესკოს პროგრამის ,,ადამიანი და ბიოსფერო“ საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრად (1978): მეცნიერებათა აკადემიის `მეტყევეობის პრობლემების საბჭოს წევრად (1983): საქართველოს ბოტანიკური საზოგადოების წევრად და საზოგადოების აჭარის განყოფილების ხელმძღვანელად (1999): საქართველოს ბოტანიკური ბაღებისა და პარკების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად (1999).

პროფესორი ვანო პაპუნიძე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა