
ევროპის ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის დირექტორი, ანტვერპენის უნივერსიტეტის პროფესორი ნადია ვისერსი და ანტვერპენის უნივერსიტეტის პროფესორი ფრედერიკ მარენი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ტიტე აროშიძეს შეხვდნენ. მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო პროექტები, მათ შორის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისა და პერსონალის მონაწილეობა ,,ერაზმუს+"-ის გაცვლით პროგრამაში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, თეონა ბერიძე, ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, ინგა შამილიშვილი და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, მარინე გიორგაძე. აღსანიშნავია, რომ ბსუ 2023 წლიდან გაერთიანებულია ჟურნალისტიკის სწავლების ევროპულ ასოციაციაში (EJTA) და ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას ასოციაციის მიერ გამართულ ტრენინგებსა და ფორუმებში.
ვიზიტის ფარგლებში ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ვორქშოფი ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა ჟურნალისტიკის სწავლებაში დასავლური სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვას. მონაწილეები თანამედროვე ჟურნალისტურ სტანდარტებს, ინოვაციურ მეთოდებსა და ციფრული მედიის განვითარების ტენდენციებს გაეცნენ.
ვორქშოფზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები:
- ,,პერსონალური ინტერვიუ ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით" - ნადია ვისერსი, ევროპის ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის დირექტორი, ანტვერპენის უნივერსიტეტის პროფესორი;
- ,,AI ჟურნალისტიკაში და მონაცემებზე დაფუძნებული ჟურნალისტური პროდუქტების შექმნა" - ფრედერიკ მარენი, ანტვერპენის და ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი;
შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |