
განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი, ბსუ-ს რექტორთან ტიტე აროშიძესთან, ცენტრის კურსდამთავრებულთან, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს წევრთან, გოგი ფუტკარაძესთან ერთად, ბსუ-ს სტუდენტებს შეხვდა. ცენტრის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, საუბარი შეეხო საგრანტო პროგრამებს, რომელთა მეშვეობითაც უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე, აკადემიურ, სამეცნიერო-კვლევით და ადმინისტრაციულ პერსონალს შესაძლებლობა ეძლევათ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, სწავლა განაგრძონ ან კვალიფიკაცია აიმაღლონ საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალ პროგრამაზე - „უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების განვითარებისთვის“, რომლის განხორციელებაც 2024 წლიდან დაიწყო. პროგრამა შესაძლებლობას აძლევს კონკურსის წესით შერჩეულ ახალგაზრდებს, სახელმწიფოს დაფინანსებით, განათლება მიიღონ/კვალიფიკაცია აიმაღლონ საზღვარგარეთ და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, რეკომენდაციის გამცემ მუნიციპალიტეტებში დასაქმდნენ, რათა შეძენილი ცოდნა რეგიონების განვითარებას მოახმარონ.
შეხვედრის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და განათლების საერთაშორისო ცენტრსა შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ტიტე აროშიძემ და განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობას საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის, აკადემიური პარტნიორობის გაძლიერების, საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან ერთობლივი და ორმაგი ხარისხის აკადემიური პროგრამებისა და სამეცნიერო პროექტების განხორციელების, უნივერსიტეტისთვის აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების, ასევე, ცენტრის კურსდამთავრებულების კარიერული მხარდაჭერისა და მათ მიერ საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის საქართველოში ინტეგრირების ხელშეწყობას.
უკან |