შეხვედრა განათლების სფეროს წარმომადგენლებთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, განათლების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ პერსონალსა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა განათლების მიმართულებით არსებული პროგრამების წარდგენას, მათი პრაქტიკული და კვლევითი კომპონენტების მნიშვნელობის განხილვასა და დამსაქმებლებთან ურთიერთობის გაღრმავებას.

სტუმრებს მიესალმა და განათლების სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა რექტორმა, ტიტე აროშიძემ. დამსწრე საზოგადოებას მოდიფიცირებული პროგრამები და სასწავლო პრაქტიკის დეტალები წარუდგინა  ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა თურმანიძემ. დიალოგის ფორმატში ცალკეული პროგრამის დეტალებზე ისაუბრეს პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორებმა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების კონკრეტული ნაბიჯები.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს  სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამას, მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო და მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებს, განათლების ადმინისტრირების, პროფესიული და უწყვეტი განათლების სამაგისტრო პროგრამებს, სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამას, ასევე „განათლების მეცნიერებების“ ერთობლივ სადოქტორო პროგრამას, გარდა ჩამოთვლილი 8 პროგრამისა, სხვადასხვა საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს, დამატებითი სპეციალობის ალტერნატივის სახით,  საშუალება აქვთ ძირითადი პროგრამის პარალელურად გაიარონ მასწავლებლის პროგრამა და ბაკალავრის ხარისხთან ერთად მოიპოვონ მასწავლებლობის უფლება.

პროგრამების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პროგრამებში არსებულ პრაქტიკის კომპონენტსა და კვლევით კომპონენტზე. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში  გათვალისწინებული სასწავლო პრაქტიკის და კვლევითი კომპონენტი, სტუდენტის პროფესიულ დახელოვნებასთან ერთად, საშუალებას იძლევა უნივერსიტეტმა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებმა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებმა, განათლების სფეროს წარმომადგენლებმა მოახდინონ არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, სტუდენტების ჩართულობით დაგეგმონ და განახორციელონ საფუძვლიანი კვლევა და ერთობლივად დასახონ მათი გადაჭრის გზები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა