პროფესორ გურამ ჩაგანავას 70 წლის იუბილე აღინიშნა

სურათიცნობილი მეცნიერის, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ღვაწლმოსილი პროფესორის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის გურამ ჩაგანავას 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა. მკვლევრის ცხოვრებაზე, სამეცნიერო და პედაგოგიურ მიღწევებზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა მიხეილ მახარაძემ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა ადამ მახარაძემ, პროფესორებმა ნოდარ ბარამიძემ, ილია კეჭაყმაძემ, ნოდარ კახიძემ, კოლეგებმა, სტუდენტებმა და მეგობრებმა ისაუბრეს. გურამ ჩაგანავა ავტორია ასზე მეტი სტატისა და ოთხი მონოგრაფიისა, მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ფსიქოლოგიური სკოლის განვითარებისა და მომავალი თაობის აღზრდის საქმეში.

პროფესორი გურამ ჩაგანავა დაიბადა 1941 წლის 25 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის პრიმორიის მხარის არტემოვის რაიონის სოფელ უგლოვოეაში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. 1964 წელს ჩაირიცხა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენის, ლიტერატურისა და ინგლისური ენის სპეციალობაზე, რომელიც დაამთავრა 1969 წელს.
1981 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, 1982 წლიდან - შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში (ახლანდელ უნივერსიტეტში).
გურამ ჩაგანავას საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები სოციალური ფსიქოლოგიის საკითხებს ეძღვნება, იკვლევს ეგოიზმთან დაკავშირებულ პრობლემებს. 1995 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „აპროპრიაციის ფსიქოლოგიის პრობლემები“. 2000 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალობით. 2009 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის სრული პროფესორი. 2010 წლიდან ხელმძღვანელობს სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტს, არის ფსიქოლოგიის პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი. მისი ინიციატივით რამდენიმე წელია უნივერსიტეტში მოქმედებს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა კლინიკურ ფსიქოლოგიაში. 2009 წლიდან ფსიქოლოგიის პროგრამა ამოქმედდა ბაკალავრიატშიც. ბატონი გურამის დამსახურებით ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამამ წარმატებით გაიარა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ეტაპები, იგი იქცა ერთ–ერთ მოთხოვნად სპეციალობად და ყოველწლიურად მაღალი კონკურენციის პირობებში კომპლექტდება.

პროფესორი გურამ ჩაგანავა ავტორია ოთხი მონოგრაფიისა: „განწყობის ფსიქოლოგიის აქტუალური პრობლემები“; „ისტორიული და სოციალური ფსიქოლოგიის აქტუალური პრობლემები“; „აპროპრიაციის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები“; „შიშის ფსიქოლოგია“. მისი რამდენიმე სტატია ეძღვნება ენათმეცნიერებისა და ისტორიის საინტერესო პრობლემატიკას. გამოსაცემად ამზადებს სოციალური ფსიქოლოგიისა და კლინიკური ფსიქოლოგიის სალექციო კურსებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ეფუძნება მისივე ექსპერიმენტულ და პრაქტიკულ გამოკვლევებს.
წარმატებულ სამეცნიერო-კვლევითი მუშაობასთან ერთად, პროფესორი გურამ ჩაგანავა შესანიშნავი ლექტორია. იგი კითხულობს სალექციო კურსებს ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგში, ხელმძღვანელობს სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომებს, სისტემატიურად მონაწილეობს პროფესორ-მასწავლებელთა საუნივერსიტეტო, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებში, რედაქტორობს (პროფესორ ნ. ბარამიძესათან ერთად) პერიოდულ გამოცემას - „ფსიქოლოგიური გამოკვლევები“, არის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და პედაგოგიკის დარგის სპეციალიზირებული საბჭოს წევრი და უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის ხელმძღვანელი.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა