უნივერსიტეტში ემერიტუს სერგო დუმბაძის 75 წლის იუბილე აღინიშნა

სურათიცნობილი მეცნიერის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსის სერგო დუმბაძის დაბადებიდან 75 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა. ღვაწლმოსილ პროფესორს ღირსშესანიშნავი თარიღი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა, კოლეგებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მიულოცეს და მკვლევრის ცხოვრებასა და სამეცნიერო საზოგადოებრივ საქმიანობაზე ისაუბრეს. მეცნიერის კვლევის სფეროს საქართველოს უახლესი პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენები და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს გამოჩენილ ადამიანთა მოღვაწეობის წარმოჩენა წარმოადგენს. სერგო დუმბაძე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევების ოთხტომეულის მეოთხე ტომის თანაავტორი, 500-მდე საგაზეთო წერილის, სამეცნიერო სტატიის, მოგონების, მეცნიერული რეცენზიის, 60-მდე მეცნიერული ნაშრომის და 10 მონოგრაფიის ავტორია. სერგო დუმბაძის ინიციატივით სოფელ ბაკოში სახალხო დღესასწაული ,,სელიმობა“ დაწესდა.

სერგო დუმბაძე 1937 წლის 20 მაისს ზემო აჭარის ისტორიულ სოფელ ბაკოში დაიბადა. დაამთავრა ხიხაძირის საშუალო სკოლა. 1961 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის სტიპენდიანტმა წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი და შეუდგა პრაქტიკულ პედაგოგიურ მოღვაწეობას ხულოს რაიონის სოფელ თხილვანის არასრულ საშულო სკოლაში. 1970 წელს სერგო დუმბაძე როგორც პერსპექტიული ისტორიკოსი მშობლიურ პედაგოგიურ ინსტიტუტში იწყებს მუშაობას კათედრის ლაბორანტად, შემდეგ იყო უფროსი მასწავლებელი, კათედრის დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე და ფაკულტეტის დეკანი.


მის კალამს ეკუთვნის წიგნი ,,სელიმ ხიმშიაშვილის სტრატეგიული მიზანი და მისი განხორციელების გზები“. მეცნიერმა განსაკუთრებით დიდი დრო დაუთმო მეორე მსოფლიო ომში აჭარიდან წარგზავნილთა გმირობის გაშუქებას ,,აჭარა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში“, ნაშრომი ,,წარუშლელი ფურცელი“, ეძღვნება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღვაწლს მეორე მსოფლიო ომის წლებში. 2007 წელს წელს გამოცსა მონოგრაფია ,,ისინი იბრძოდნენ ავღანეთში“ - ავღანეთში მებრძოლი ქართველების შესახებ, ხოლო 2004 წელს საქართველოში პირველად გამოაქვეყნა მონოგრაფია ,,კავშირგაბმულობა და ფოსტა აჭარაში“, რომელშიც ამ დარგის ხელმძღვანელთა და თანამშრომელთა ღვაწლი წარმოაჩინა. სერგო დუმბაძე ავტორია პუბლიცისტური წერილებისა როგორიცაა: ,,სოფელი ბაკო“ - ისტორიულ-ეთნოგრაფიული დახასიათება, ,,სელიმ ხიმშიაშვილი - საქართველოს ერთიანობისათვის წამებული რაინდი“, ,,იტალიელი მეცნიერი აჭარის შესახებ“, ,,დედაენის როლი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში“, ,,აბუსერისძე ტბელის თხზულების ზოგიერთი გეოგრაფიული სახელის შესახებ“, ეტიმოლოგიურად ახსნილია ,,ხიხა“, ,,ხიხათა“, ,,ხიხანი“, ,,შუარტყალა“,,ხიხაძირი“, ,,ქოჩახი“, ,,ერდო“ და სხვ.

ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო პედაგოგიური მოღვაწეობისთვის იგი დაჯილდოებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელითა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მედლითა და საპატიო სიგელით.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა