ერაზმუს მუნდუსის მეორე აქტივობის პროექტის ,,WEBB“ წარდგინება

სურათი

ერაზმუს მუნდუსის მეორე აქტივობის პროექტის ,,WEBB - მთელი ევროპა საზღვრებს მიღმა“ კოორდინატორი, ბოლონიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ფრანჩესკა მალტაურო და ,,BACKIS - შავ და კასპიის ზღვებს შორის“ კოორდინატორი, მონპელიეს უნივერსიტეტის წარმომადგენელი კოლინ ვოლე უნივერსიტეტის სტუდენტებს, მკვლევრებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შეხვდნენ და პროგრამაში მონაწილეობის პირობები გააცნეს. პროექტი WEBB ითვალისწინებს ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორანტების, პოსტდოქტორანტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის (ტრენინგი, სწავლება, კვლევა) მობილობას პროექტის პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში.

პროექტი სრულად აფინანსებს გრანტის მფლობელის მასპინძელ უნივერსიტეტში მგზავრობისა და დაზღვევის ხარჯებს. ასევე სტუდენტები ღებულობენ ყოველთვიურ სტიპენდიას 1000-1500 ევროს ოდენობით, მკლევრები - 1800 ევროს, აკადემიური პერსონალისათვის დასაშვებია მობილობა 1-3 თვის ხანგრძლივობით, თვიური ანაზღაურება 2500 ევრო. გარდა 6-10 თვიანი გაცვლებისა პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაძლებელია კონსორციუმის წევრ ევროპის უნივერსიტეტში მაგისტრისა და დოქტორის ხარისხის მოპოვება. აპლიკაციების შევსება დაწყებულია და გაგრძელდება 2013 წლის 15 იანვრამდე.

გასულ წელს მსგავსი მობილობის პროგრამით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 6 სტუდენტი დაფინანსდა გიოტინგენისა და ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ უნივერსიტეტში სწავლისათვის. ერთმა პროფესორმა გაიარა სტაჟირება ტალინის უნივერსიტეტში, ამავე პროგრამის მეორე ეტაპისათვის აპლიკანტთა შერჩევა ამჟამად მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება მომდევნო სტიპენდიანტების ვინაობა.

ერაზმუს მუნდუსი (Erasmus Mundus) არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე.

ევროკომისიამ შეცვალა თავისი მიდგომა ერაზმუს მუნდუსის მეორე აქტივობის პროექტების მიმართ და თუ აქამდე ქართულ უნივერსიტეტებს ყოველწლიურად ერთ კონსორციუმში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ, მიმდინარე წელს 11 ქართული უნივერსიტეტი 9 სხვადასხვა კონსორციუმშია ჩართული, რაც განსაკუთრებით ზრდის ევროპაში სწავლისა და კვლევის მსურველთა შანსს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროექტის ვებ-გვერდი
პროექტში მონაწილე ევროპული უნივერსიტეტები:

1. ბოლონიის უნივერსიტეტი, იტალია
2. კა-ფოსკარის უნივერსიტეტი, ვენეცია, იტალია
3. პავიას უნივერსიტეტი, იტალია
4. კარდიფის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი
5. გენტის უნივერსიტეტი, ბელგია
6. ლაიპციგის უნივერსიტეტი, გერმანია
7. ლუნდის უნივერსიტეტი, შვედეთი
8. ტურკუს უნივერსიტეტი, ფინეთი
9. პოიტიერის უნივერსიტეტი, საფრანგეთი
10. ვარშავის უნივერსიტეტი, პოლონეთი

პროექტში ჩართული არაევროპული უნივერსიტეტები:

1. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
3. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
4. ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტი
5. განჯის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი)
6. ხაზარის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი)
7. ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი
8. ვიტებსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბელორუსია)
9. ოდესის სახელმწიფო უნივერსიტეტი
10. რუსოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოლდოვა)


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა