„კონსტიტუცია და ხელისუფლების ორგანიზების პრინციპები აშშ-ში“

სურათისაერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართალმცოდნეობის სპეციალობების სტუდენტებისათვის, მშვიდობის კორპუსის მოხალისეებმა ჯონ რაიტმა და ადამ მალინოვსკიმ ბსუ-ს ასისტენტ-პროფესორ არმაზ კახიძესთან ერთად ლექცია წაიკითხეს თემაზე: „კონსტიტუცია და ხელისუფლების ორგანიზების პრინციპები აშშ-ში“. მათ თარჯიმნობას ამერიკის გაცვლითი პროგრამის მოხალისე ლია ფუტკარაძე უწევდა. მომხსენებლებმა ლექციებზე განიხილეს აშშ-ში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზების კონსტიტუციური პრინციპები, ხელისუფლების სტრუქტურა და ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების სისტემა. მომხსენებლებმა სტუდენტებს გააცნეს თუ როგორ ხდება აშშ-ში პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირება და მიღება, საზოგადოებრივი ინტერესების უზრუნველყოფა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, როგორია ძალაუფლების უზურპაციის თავიდან აცილების კონსტიტუციური პროცედურები.

სტუდენტებმა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ საგნებში (შედარებითი კონსტიტუციური სამართალი, კონსტიტუციონალიზმის საფუძვლები, ევროპის ქვენების პოლიტიკური სისტემები) მიღებული ცოდნა გაიღრმავეს. მათთვის საინტერესო იყო იმის გაცნობა, თუ როგორ მუშაობს პრაქტიკაში აღნიშნული სისტემა აშშ-ში, ასევე, როგორია ამერიკელი სპეციალისტის მიერ ამ სისტემის ფუნქციონირების შეფასება.

„საერთაშორისო მიკროსაფინანსო ორგანიზაციები“

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტები დაესწრნენ პრეზენტაციას, რომელიც გლობალურ მიკროსაფინანსო სფეროს შეეხებოდა. წარდგინებას უძღვებოდა მშვიდობის კორპუსის მოხალისე ადამ მალინოვსკი, ხოლო თარჯიმნობას უწევდა აშშ-ს გაცვლითი პროგრამის მონაწილე დავით ჯინჯიხაძე. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს მრავალ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მოქმედი ძირითადი კონცეფციები და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს ახლებური ხედვა. კერძოდ, განხილული იყო გრამენის ბანკის მაგალითი და სიღარიბის დაძლევის გლობალურ ინსტრუმენტი - მიკროსაფინანსო სფერო.

ლექცია თემაზე: „ბავშვთა უფლებები აშშ-ში“

მშვიდობის კორპუსის მოხალისის, ადამ მალინოვსკიმ დაწყებითი განათლების სპეციალობის სტუდენტებისათვის ლექცია წაიკითხა თემაზე: „ბავშვთა უფლებები აშშ-ში“. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ამერიკის ისტორიის იმ პერიოდზე, როდესაც ხდებოდა სკოლების სეგრეგაცია, ასევე, ამ პროცესთან დაკავშირებულ პრობლემებზე; ასევე განიხილა აშშ-ში ბავშვთა შრომის გამოყენების საკითხი მე-20 საუკუნის დასაწყისში, სკოლების სეგრეგაცია რასობრივი ნიშნით და ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრა. მომავალი მასწავლებლებისათვის საინტერესო იყო ბავშვთა უფლებების გაცნობა საერთაშორისო თვალთახედვით. მოხალისეს თარჯიმნობას უწევდა ამერიკის გაცვლითი პროგრამის მონაწილე ლია ფუტკარაძე.

„ათენის აგორას არქეოლოგიური გათხრები“

მაიკლ დეკერმა (ინგლისური ენის მასწავლებელი, პროექტი „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთვის“) ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტებს მოუთხრო იმის შესახებ, თუ როგორია კლასიკური არქეოლოგიის სწავლების მოდელი აშშ-ში, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო დონეზე, ასევე, როგორ ხდება საველე კვლევა-ძიების უნარების განვითარება სტუდენტებში საუნივერსიტეტო საზაფხულო საველე სკოლების მეშვეობით. მომხსენებელმა ისაუბრა ამერიკული სკოლის გათხრების შესახებ ათენის გულში, აგორაზე, რომელშიც ის, როგორც დოქტორანტი, პირადად მონაწილეობდა რვა წლის განმავლობაში. მაიკლ დეკერმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ გააფართოვა ათენის აგორას აღმოჩენებმა ჩვენი წარმოდგენები ძველი ათენის დემოკრატიის ფუნქციონირების შესახებ.

„უცხოელ მოგზაურთა შთაბეჭდილებები საქართველოს შესახებ“

რაიან ეარმა (ინგლისური ენის მასწავლებელი, პროექტი „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთვის“) ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს წარუდგინა თავისი სტატია უცხოელ მოგზაურთა შთაბეჭდილებები საქართველოს შესახებ, რომელიც დაიბეჭდა ვაშინგტონის წიგნის კლუბის ჟურნალში 2012 წლის გაზაფხულზე. მომხსენებელმა წარმოადგინა ხუთი სხვადასხვა ავტორის (პიტერ ფლემინგი, ჯონ სტაინბეკი, კოლინ თაბრონი, რობერტ კაპლანი და პოლ თარექსი) შთაბეჭდილებები საქართველოს შესახებ, რომლებიც შეეხება ჩვენი ისტორიის უკანასკნელ 80 წლის პერიოდს. რაიანმა ხსენებულ ავტორთა მონაცემები განიხილა ისტორიულ კონტექსტში და სტუდენტებს საკუთარი შეხედულებებიც გაუზიარა. სტუდენტებისათვის საინტერესო იყო საქართველოს შესახებ უცხოელ ავტორთა მოსაზრებების გაცნობა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა