უნივერსიტეტის N227-ე აუდიტორიას ალექსანდრე ბერაძის სახელი მიენიჭა

სურათირსუ-ს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის №227-ე აუდიტორიას ცნობილი მათემატიკოსისა და ღვაწლმოსილი მეცნიერის ალექსანდრე ბერაძის სახელი მიენიჭა. კლასიკური გეომეტრიის თვალსაჩინო წარმომადგენლის სახელობის აუდიტორიის გახსნაზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა, კოლეგებმა, მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ოჯახის წევრებმა აღიარებული მეცნიერის ცხოვრება და მოღვაწეობა გაიხსენეს და მის სამეცნიერო მიღწევებზე ისაუბრეს.

დიდი და საინტერესო ცხოვრების გზა განვლო ცნობილმა მათემატიკოსმა ალექსანდრე ასლანის ძე ბერაძემ. იგი 1952-57 წლებში იყო ალგებრა-გეომეტრიის კათედრის უფროსი მასწავლებელი, 1957 წლიდან გარდაცვალებამდე მათემატიკის კათერდის დოცენტი და მათემატიკის დეპარტამენტის დოქტორი, 1957-62 წლებში პედაგოგიური ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის დარგში, 1962-71 წლებში მათემატიკის კათედრის გამგის მოადგილე, 1978-79 წლებში დაწყებითი განათლების, პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის გამგე.

ალექსანდრე ბერაძე დაიბადა 1926 წლის 19 აგვისტოს ქობულეთის რაიონიოს სოფელ ქაქუთში. ქაქუთის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1944 წელს სწავლა გააგრძელა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1948 წელს. როგორც ნიჭიერი, შრომისმოყვარე და წარჩინებული კურსდამთავრებული, იმავე წელს სამუშაოდ დატოვეს მათემატიკის კათედრაზე.

1949 წლიდან ალექსანდრე ბერაძე კრუპსკაიას სახელობის მოსკოვის საოლქო პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტია. მან პროფესორ ს. ბახვალოვის ხელმძღვანელობით მოამზადა საკანდიდატო დისერტაცია „ერთ-ერთი ბრტყელი გეომეტრიის აქსიომატიკური აგება“, რომელიც წარმატებით დაიცვა 1953 წელს.

ალექსანდრე ბერაძემ 50-ზე მეტი ნაშრომი დაწერა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სახელმძღვანელოები: ,,გეგმილური გეომეტრია, როგორც ვექტორული სივრცის გეომეტრია და პირიქით“, ,,ორადობის პრინციპის შესახებ ვექტორულ სივრცეში“, ,,დიფერენციალური გეომეტრიის მოკლე კურსი“, ,,გეგმილური გეომეტრია“, ,,ზოგიერთი პირველ-დაწყებითი საკითხები ზოგად და გეომეტრიულ ტოპოლოგიაში“, ,,მატრიცები, დეტერმინატები და წრფივ განტოლებათა სისტემები“, რომლებიც სათანადო დახმარებასა და სარგებლობას უწევს არამარტო სტუდენტებს, არამედ გეომეტრიის შესწავლით დაინტერებულ ნებისმიერ მათემატიკოსს.

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მათემატიკოსები სავსებით სამართლიანად აღიარებენ, რომ ბატონი ალექსანდრე ბერაძე გახლდათ საქართველოში კლასიკური გეომეტრიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. მის მიერ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს სასწვლებლებში წაკითხული ლექციები, მათემატიკოსთა უმარავ კონფერენციაზე გაკეთებული მოხსენებები და გამოსვლები ყოველთვის იწვევდა მსმენელთა დიდ ინტერესს.

ალექსანდრე ბერაძის დამსახურება და ღვაწლი ჩვენი ქვეყნის და უნივერსიტეტის წინაშე უყურადღებოდ არ დარჩენილა, მთავრობისაგან მიღებული ჰქონდა მრავალი ჯილდო, მათ შორის ღირსების ორდენი და საპატიო სიგელი.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა