გარდაიცვალა ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მალხაზ სიორიძე.
მალხაზ სიორიძე დაიბადა 1957 წლის 2 მაისს. უმაღლესი განათლება მიიღო ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიისა და ფრანგული ენის სპეციალობით. 1984-1986 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1986 წელს მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 2001 წელს - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. მისი სადოქტორო დისერტაციის თემა იყო „სამხრეთ–დასავლეთ საქართველო 1914–1918 წლებში (სოციალურ–ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება)“.
1997 წელს მალხაზ სიორიძეს მიენიჭა დოცენტის წოდება, ხოლო 2004 წელს აირჩიეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად.
მალხაზ სიორიძე წლების მანძილზე ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მის მიერ წაკითხული ლექციები იყო გამორჩეული მაღალი აკადემიზმითა და საკითხებისადმი სიღრმისეული წვდომით. მისი გამოცდილება, პედაგოგიური და პიროვნული თვისებები ხელს უწყობდა სტუდენტებში მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებასა და ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების განმტკიცებას. ბატონი მალხაზი მუდამ დიდი სერიოზულობით უდგებოდა ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების აღზრდა-მომზადებას.
1987 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, აქატიურად მონაწილეობდა მის სამეცნიერო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დიდი წვლილი მიუძღვის ინსტიტუტის ისტორიის განყოფილების ჩამოყალიბე-ბაში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში იყო ამავე განყოფილების უფროსი.
პროფესორ მალხაზ სიორიძეს გამოქვეყნებული აქვს ოთხმოცზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 5 მონოგრაფია. არის მრავალი წიგნისა თუ მონოგრაფიის რედაქტორი და რეცენზენტი. იყო „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევების (აჭარა)“ ოთხტომეულის სარედაქციო კოლეგიის წევრი და მე-3 ტომის რედაქტორი. მისი ნაშრომები ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებდა სამეცნიერო წრეებში. გამოირჩეოდა მაღალი მეცნიერული კეთილსინდისიერებით.
ბატონი მალხაზი იყო ჭეშმარიტი ბათუმელი. მისი ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა ქალაქ ბათუმის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვეობის შესწავლის პროექტი. მან ჩაუყარა საფუძველი ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ბათუმი, წარსული და თანამედროვეობა“, იყო ამავე დასახელების სერიული გამოცემის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე.
მალხაზ სიორიძე ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას. 2004-2008 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2007 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
ბატონი მალხაზი იყო არა მარტო წარმატებული მეცნიერი და მკვლევარი, არამედ ავტორიტეტული და საუკეთესო ადამიანური თვისებებით შემკული პიროვნება. გამოირ-ჩეოდა აქტიური ეროვნულ-მოქალაქეობრივი პოზიციით. მისი ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება თანამშრომლებსა და მეგობრებში.
უკან |