განცხადება

სურათი

75 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა ცნობილი მეცნიერი, ქართული ეთნოლოგიის თვალსაჩინო მკვლევარი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკდემიის წევრ-კორესპონდენტი, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ვახტანგ შამილაძე.

დიდია ვახტანგ შამილაძის ღვაწლი ქართული ეთნოლოგიური სკოლის განვითარების საქმეში. მისი 10 მონოგრაფია და 200-მდე სამეცნიერო სტატია ქართველი ხალხის მეურნეობის, მატერიალური და სულიერი კულტურის, საზოგადოებრივი ურთიერთობების, ეთნოსისა და ეროვნული პოლიტიკის, ისტორიული ეთნოლოგიისა თუ სხვა საკითხების შესახებ, რომლებიც მრავალ ენაზეა ნათარგმნი, ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებდა. მისი ბოლო 600 გვერდიანი მონოგრაფია ,,საქართველოს ეთნოლოგიის ისტორია” (I, 2009), ქართული ეთნოლოგიური მეცნიერების დიდი შენაძენია. სამწუხაროდ, ბატონი ვახტანგი ვეღარ მოესწრო თითქმის დასრულებული ნაშრომის მეორე ტომის გამოცემას.

ვახტანგ შამილაძის მოღვაწეობა მხოლოდ სამეცნიერო სფეროთი როდი შემოიფარგლებოდა. მრავალფეროვანი იყო მის მიერ წაკითხული ლექციების თემატიკა. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტებში წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ზოგადი, საქართველოსა და კავკასიის ხალხთა ეთნოლოგიის, ძირითადი თეორიული მიმდინარეობების, მეთოდოლოგიის საკითხებზე. მკვლევრის პირადი კონტაქტების წყალობით და მისივე ინიციატივით საქართველოში თუ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარდა არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და სიმპოზიუმი.

დიდია ვახტანგ შამილაძის დამსახურება ეთნოლოგთა სამეცნიერო კადრების მომზადების საქმეში. მისი ხელდასხმულია თსუ-ს ეთნოლოგიის კათედრაზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს სხვა სამეცნიერო ცენტრებში (სოხუმი, თბილისი, ახალციხე), საზღვარგარეთ (ისრაელი, ბულგარეთი, ადიღე, დაღესტანი, აზერბაიჯანი) მოღვაწე 20 მეცნიერებათა კანდიდატი და 10-მდე მეცნიერებათა დოქტორი. მას დიდი წვლილი მიუძღვის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ორგანიზაციული და მეცნიერული საქმიანობის დაგეგმვასა და განმტკიცებაში. წლების მანძილზე მუშაობდა ინსტიტუტის სწავლულ მდივნად და დირექტორად, ხელმძღვანელობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის კათედრას. სათავეში ედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან არსებულ კავკასიის ქვეყნებთან სამეცნიერო თანამშრომლობის კომისიას, რომელმაც მისი ხელმძღვანელობით აღადგინა სსრკ-ს დაშლის შემდეგ გაწყვეტილი მეცნიერული კონტაქტები კავკასიის ქვეყნების სამეცნიერო წრეებთან.

ვახტანგ შამილაძის ღვაწლის აღიარებაა ისიც, რომ იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ეთნოლოგიური კომისიის, კავკასიის ხალხებთან სამეცნიერო თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ატლასის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი, ამერიკის შეერთებული შტატების ბიოგრაფიული ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და აშშ-ს კავკასიის კულტურათა შემსწავლელი საზოგადოების წევრი, ნიუ-ორლეანის საპატიო მოქალაქე, 2002 წელს მსოფლიოს 1000 ცნობილ მეცნიერთა ნომინაციის გამარჯვებული.

ბატონი ვახტანგი იყო არა მარტო დიდი მეცნიერი და ცნობილი საზოგადო მოღვაწე, არამედ საუკეთესო ადამიანური თვისებებით გამორჩეული პიროვნება.

ვახტანგ შამილაძე გამოირჩეოდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტიურობით. არჩეული იყო სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს წევრად, აჭარის არ უზენაესი საბჭოს დეპუტატად, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატად. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიური ეროვნული მოქალაქეობრივი პოზიციით.

ცნობილმა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ, ბატონმა ვახტანგ შამილაძემ წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ მეცნიერებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში. მისი ნათელი ხსოვნა დიდხანს დარჩება კოლეგებსა და მეგობრებში.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა