შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 75 წლისაა

სურათიუნივერსიტეტის იუბილე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საზეიმოდ აღინიშნა. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ისტორიაზე, მიღწევებსა და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ხელმძღვანელებმა იუბილარ უნივერსიტეტს ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. საიუბილეო საღამო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემოქმედებითი ჯგუფებისა და ანსამბლ ,,ბათუმის“ ერთობლივი კონცერტით დასრულდა.

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელია, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა სრუ-ლიად საქართველოს და განსაკუთრებით, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (აჭარა) განათლებისა და კულტურის აღორძინება-განვითარებაში. 2010 წლის 3 ოქტომბერს დაარსებიდან 75 წელი შეუსრულდა. ამ ხნის მანძილზე იგი ორწლიანი სამასწავლებლო ინსტიტუტიდან მრავალპროფილიან, სამსაფეხურიან (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და ცნობილ უნივერსიტეტად იქცა.

ილიას თაოსნობით ბათუმში გახსნილი პირველი ქართული სკოლით (1881 წელი) დაიწყო ამ მხარის სულიერი და კულტურული აღორძინება. 1893 წელს ბათუმში გაიხსნა ვაჟთა გიმნაზია.

1935 წლის 13 ივნისს საქართველოს განათლების სახალხო კომისრის № 413 ბრძანებით შეიქმნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტიც (ადრე სამასწავლებლო ინსტიტუტი, ახლა უნივერსიტე-ტი), იგი ვაჟთა გიმნაზიის შენობაში განთავსდა.

ახალგახსნილი ორწლიანი სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა ცნობილი მოღვაწე ხუსეინ ნაკაიძე. 1935 წლის 22 აგვისტოს ჩატარებულ ინსტიტუტის საბჭოს პირველ სხდომაზე ოთხი ფაკულტეტი ჩამოყალიბდა: ქართული ენისა და ლი-ტერატურის, ისტორიის, ფიზიკა-მათემატიკის და ბუნებისმეტყველება-გეოგრაფიის. 1936 წელს შეიქმნა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ფაკულტეტი.

3 ოქტომბერს დაირეკა სამასწავლებლო ინსტიტუტის ზარი, რითაც დაიწყო მისი შინაარსიანი და საინტერესო ისტორია.

1938 წელს ინსტიტუტს მიეკუთვნა შოთა რუსთაველის სახელი.

მძიმე, ძალიან მძიმე იყო მეორე მსოფლიო ომის წლები ინსტიტუტისათვის. ფრონტზე წავიდა 25-მდე ლექტორ-თანამშრომელი და 160-ზე მეტი სტუდენტი, რომელთაგან ბევრი ვეღარ დაუბრუნდა ინსტიტუტს. სიძნელეების მიუხედავად, სას-წავლო პროცესი არ შეწყვეტილა. იმ დროის რექტორები _ ნური ნიჟარაძე, მემედ სტამბოლიშვილი და ვლადიმერ ქემხაძე ყველაფერს აკეთებდნენ სასწავლებელში სწავლების დონის სრულყოფისათვის. სწორედ, ამის შედეგი იყო ის, რომ 1945 წელს ორწლიანი სამასწავლებლო ინსტიტუტი გარდაიქმნა ოთხწლიან პედაგოგიურ ინსტიტუტად.

განსაკუთრებით დიდი ცვლილებები მოხდა ინსტიტუტის ცხოვრებაში 50-იან წლებში. ინსტიტუტის შენობას დააშენეს მესამე სართული, კეთილმოეწყო ეზო, სპორტული ბაზები, მეტი ყურადღება მიექცა აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან სტუ-დენტთა ჩარიცხვას. ამ წლებში უნივერსიტეტს ხელმძღვანელობდნენ დოცენტები ნადიმ ნიჟარაძე და ვლადიმერ ქემხაძე (მეორეჯერ).

ინსტიტუტი იზრდებოდა და ვითარდებოდა 60-70-იან წლებშიც (რექტორები: დოც. კ. დოლიძე, პროფესორები: ო. ბაკურაძე, დ. ბალაძე).

დიდი მოვლენა იყო 1977 წელს ახალი, ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობის დაწყება. სტუდენტთა გაზრდილ კონტინგენტს ერთი კორპუსი დამხმარე შენობებით ვეღარ აკმაყოფილებდა. მშენებლობა 1982 წელს დასრულდა (რექტორი _ პროფ. დ. ბა-ლაძე). 1985 წლისათვის ინსტიტუტში სტუდენტთა რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა. მათ სწავლა-აღზრდას ემსახურებოდა 134 პროფესორ-მასწავლებელი (7 პროფესორი, 61 მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი).

გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, მათ შორის საქართველოში, ფართოდ გაშლილი ბრძოლა ეროვნული სუვერენიტეტისათვის სსრკ დაშლით დასრულდა. დამოუკიდებლობის ოფიციალურად გამოცხადებამდე (1991 წ. 9 აპრილი), 1990 წლის 9 აგვისტოს საქართველოს რესპუბ-ლიკის მინისტრთა კაბინეტის №453 დადგენილებით, ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ახდა ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობისა და ბათუმის პედინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებელთა არაერთი თაობის ოცნება. განხორციელდა დიდი ივანე ჯავახიშვილის სურვილი: `როცა საამისოდ ნიადაგი მომზადდება, მეორე უნივერსიტეტი ბათუმში უნდა გაიხსნასო~.

უნივერსიტეტის შექმნისთანავე ფართო პროგრამა დაისახა მისი შემდგომი განვითარება-გაფართოების, მატერიალური ბაზის განმტკიცებისა და სამეცნიერო საქმი-ანობის სრულყოფისათვის (რექტორები: აზიზ ახვლედიანი, ნური ვერძაძე). 1996-1997 სასწავლო წელს უნივერსიტეტს შეუერთდა ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი (რექტორი _ ნური ვერძაძე). შეიქმნა ახალი ფაკულტეტები და სპეციალობები (იურიდიული, ეკონომიკური, სამედიცინო, ჟურნალისტიკის, აღმოსავლეთმცოდნეობის და სხვა).

უნივერსიტეტში სწავლება ორსაფეხურიანი გახდა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა – 4+2), უმრავლეს სპეციალობებზე მოქმედებდა ასპირანტურა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უცხო ენებისა და კომპიუტერული ტექნიკის შესწავლას.

უმაღლეს სასწავლებელს აქვს საკუთარი გამომცემლობა და სტამბა, მდიდარი და საუცხოოდ აღჭურვილი ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზები. ბოლო წლებში კაპიტალურად შეკეთდა უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, იგი ფაქტობრივად ხე-ლახლა აშენდა და აღიჭურვა თანამედროვე ავეჯით, საჭირო მოწყობილობებით. დიდი სამუშაოები ჩატარდა მეორე კორპუსშიც.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მისი კოლექტივი გამორჩეულია მოქალაქეობრივი პოზიციითაც. ბოლო ორმოცი წლის მანძილზე მან სამი დიდი გამოცდა ჩააბარა: პირველი, როცა 1978 წელს ქართული ენის დაცვის საკითხი დაისვა; მეორე, როცა ქვეყნის დამოუკიდებლობის ბედი წყდებოდა წინა საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში და მესამე, როცა 2004 წლის გაზაფხულზე აჭარაში არსებული რეჟიმის ბედი წყდებოდა. სამივე შემთხვევაში უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა უმრავლესობის პოზიცია უშეცდომო იყო. იდგნენ იქ, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობის საკითხი წყდებოდა.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის №37 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, ბათუმის საავიაციო ინსტიტუტის, ბათუმის აგრარული ბიოტექნოლოგიებისა და ბიზნესის ინსტიტუტის, მემბრანული ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტისა და ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რეორგანიზაცია და მათი გაერთიანების გზით დაფუძნდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 სექტემბრის №176 დადგენილებით კი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის ბოტანიკური ბაღი შეუერთდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამჟამად აერთიანებს 8 ფაკულტეტსა და 4 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს.

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური ბაზა გამოიყენება სასწავლო და კვლევითი პროცესისთვის. შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო ფართი შეადგენს 18 466.7 კვ. მ-ს. უნივერსიტეტის სასწავლო ფართი აერთიანებს აუდიტორიებს, კაბინეტ-ლაბორატორიებს, კომპიუტერულ კლასებს, პროფესორ-მასწავლებელთა სამუშაო ოთახი (საპროფესოროებს), ფაკულტეტებისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებს. კვლევით ინსტიტუტებში მოწყობილია შესაბამისი საკვლევი ლაბორატორიები. სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი კი ფლობს სასწავლო-საცდელ ბაზას 25,5 ჰა მიწის ფართობით.

სტუდენტთათვის პრაქტიკული უნარების გამოსამუშავებლად, ასევე კვლევითი სამუშაოების წარმოებისთვის სათანადო ვიდეო და აუდიოაპარატურით, ინვენტარით, მოწყობილობებით აღჭურვილია კაბინეტ-ლაბორატორიები, იურიდიული კლინიკა, ენების შემსწავლელი ცენტრები.

2010-2011 სასწავლო წლის დასაწყისისათვის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს 4000-მდე სტუდენტი. სტუდენტი-ახალგაზრდობის სწავლებისა და აღზრდის საქმეს ემსახურება კონკურსის წესით არჩეული 250–მდე პროფესორი და 300-მდე მოწვეული მასწავლებელი, ხოლო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში მოღვაწეობს, ასევე კონკურსის წესით არჩეული 50 მეცნიერ-თანამშრომელი.

ასე ვითარდებოდა და ძლიერედებოდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი,, მატულობდა სტუდენტთა რაოდენობა, მრავალფეროვანი ხდებოდა სასწავლო პროგრამები, მკვიდრდებოდა ახალი სპეციალობები, რიცხობრივად და ხარისხობრივად იზრდებოდა აკადემიური პერსონალი.

75 წლის მანძილზე ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ უფრო მეტია: აჭარის რეგიონის სტრატეგიულმა ადგილმდებარეობამ, კლიმატმა, ისტორიულმა ღირებულებებმა ბათუმს მსოფლიო საუნივერსიტეტო ქალაქებს შორის ღირსეული ადგილის დაკავების შანსი მისცა. პროექტმა – `ბათუმი –საუნივერსიტეტო ქალაქი~ – აქტუალობა შეიძინა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს განვითარების მეტი პერსპექტივა მისცა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა