უნივერსიტეტში ვახტანგ შამილაძის 75 წლის იუბილე აღინიშნა

სურათისაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორს, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს, ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს, მსოფლიოში აღიარებულ ეთნოლოგს, პროფესორ ვახტანგ შამილაძეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საიუბილეო სხდომაზე პროფესორ-მასწავლებლებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა აკადემიკოსის სასწავლო-სამეცნიერო მიღწევებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაზე ისაუბრეს, იუბილე მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ვახტანგ მამიას ძე შამილაძე დაიბადა 1935 წ. 15 სექტემბერს ბათუმის რაიონის სოფელ ახალშენში. 1953 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის N14 საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1959-1961 წლებში Bბატონი ვახტანგი მუშაობდა ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, 1961 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ დაიცვა საკანდიდატო (1964), ხოლო მოგვიანებით სადოქტორო (1979) დისერტაციები.

1961 წლიდან ვახტანგ შამილაძე ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლია, სადაც შემდეგ მუშაობდა სწავლულ მდივნად (1969-1977), დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად (1977-1978), დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო მუშაობის დარგში (1981-1984). კითხულობდა ლექციებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტსა (1976-1977) და უნივერსიტეტში (1993-1996). 1983 წელს მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის კათედრის გამგედ, სადაც იმუშავა 2006 წლამდე. 1988 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.

პროფესორი ვახტანგ შამილაძე წამყვანი სპეციალისტია ეთნოლოგიაში. იკვლევს ქართველი ხალხის მეურნეობის, მატერიალური და სულიერი კულტურის, საზოგადოებრივ ურთიერთობების პრობლემებს, ეთნოსისა და ეროვნული პოლიტიკის ზოგადთეორიულ საკითხებს, ისტორიული ეთნოლოგიის, ეთნოლოგიის მეთოდიკისა და მეთოდოლოგიის პრობლემებს. აღნიშნულ საკითხებს მკვლევარმა მიუძღვნა 180-მდე სამეცნიერო ნაშრომი, წერილი, სტატია ქართულ, რუსულ და ინგლისურ და სხვა ენებზე, რომელთა შორის 10 მონოგრაფიაა. ახლახან მკითხველმა მიიღო მეცნიერის 600 გვერდიანი მონოგრაფია ,,საქართველოს ეთნოლოგიის ისტორია” – პირველი ტომი, რომელმაც გამოცემისთანავე სპეციალისტთა მაღალი შეფასება დაიმსახურა.

განუზომელია პროფ. ვახტანგ შამილაძის დამსახურება სამეცნიერო კადრების მომზადების საქმეში. მისი ხელმძღვანელობითა და კონსულტაციებით დაცულია თსუ-ს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, საქართველოს სხვა სამეცნიერო ცენტრების (სოხუმი, თბილისი, ახალციხე), საზღვარგარეთის (ისრაელი, ბულგარეთი, ადიღე, დაღესტანი, Aზერბაიჯანი) მეცნიერ-თანამშრომელთა 20 საკანდიდატო და 10-მდე სადოქტორო დისერტაცია, არაერთი სამაგისტრო ნაშრომი.
დიდია პროფ. ვახტანგ შამილაძის წვლილი სამეცნიერო-ორგანიზაციული საქმიანობის თვალსაზრისითაც. იგი არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ეთნოლოგიური კომისიის, კავკასიის ხალხებთან სამეცნიერო თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ატლასის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი, ამერიკის შეერთებული შტატების ბიოგრაფიული ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და აშშ - ს კავკასიის კულტურათა შემსწავლელი საზოგადოების წევრი, ნიუ-ორლეანის საპატიო მოქალაქე, საქართველოს სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებების სამეცნიერო საბჭოს წევრი. 2002 წელს აშშ-ს ბიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ მსოფლიოს 1000 ცნობილ მეცნიერთა ნომინაციაში გაიმარჯვა. შესაბამისად, მისი ბიბლიოგრაფიული მონაცემები შევიდა ამავე ინსტიტუტის მიერ გამოცემულ ლექსიკონში. სამეცნიერო-პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისათვის იგი მრავალჯერაა დაჯილდოებული ორდენებითა და მედლებით.

პროფ. ვახტანგ შამილაძე სისტემატიურად ეწევა სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით. მონაწილეობდა თბილისში, ვაშინგტონში, სიეტლში, დენვერში, ახალ ორლეანში, კოლორადოს სპრინგსში, ჰააგაში მოსკოვში, სოხუმში, ბაქოში, უფაში, კიშინიოვში, ნალჩიკში, მახაჩკალასა და სხვა ქალაქებში გამართულ სამეცნიერო კონფერენციებისა და სესიების მუშაობაში. იყო მოსკოვის, დელის, ჩიკაგოს, ლონდონის, თეირანის საერთაშორისო კონგრესების მონაწილე და მომხსენებელი.

კავკასიის რეგიონში შექმნილი დაძაბული ვითარების მიუხედავად განვლილ პერიოდში ვახტანგ შამილაძე არაერთხელ ეწვია ამიერ და ჩრდილო კავკასიის სააკადემიო, საუნივერსიტეტო და სამთავრობო სამეცნიერო ცენტრებს და პირადი კონტაქტები დაამყარა წამყვან მეცნიერებთან და პოლიტიკოსებთან. 1998-2003 წწ. კომისიის უშუალო ინიციატივით ჩატარდა სამეცნიერო კონფერენციები თბილისში (1998; 2003), ერევანში (1999, 2003), მახაჩკალაში (1999), ბაქოში (2000), შამქირში (2008) და ა. შ. კომისიის მიერ მიწოდებული იდეითა და მხარდაჭერით ირანის ქალაქებში: თავრიზში, ყაზვინში, თეირანსა და ისპაჰანში 2001 წ. ჩატარდა თეირანის უნივერსიტეტისა და დასავლეთის არასამთავრობო გაერთიანების მიერ ორგანიზებული კონფერენციები და სიმპოზიუმები, სადაც ცალკე ადგილი დაეთმო ირანულ-კავკასიურ და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობების პრობლემებს.

პროფესორ ვახტანგ შამილაძეს მხოლოდ მეცნიერული მემკვიდრეობით როდი იცნობენ, გამორჩეულია საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობის თვალსაზრისითაც. 1988-1990-იანი წლების დასაწყისში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეროვნული მოძრაობის აზვირთების პერიოდში თსუ-ს ეთნოლოგიის კათედრა (სადაც ბატონი ვახტანგი იყო კათედრის გამგე) არაერთხელ გამხდარა აქაურთა შეკრებებისა და საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობის ცენტრი. სწორედ ამიტომ 9 აპრლის ტრაგედიის ცხელ კვალზე, 1989 წ. 14 მაისს, აირჩიეს საკავშირო უმაღლესი საბჭოს დეპუტატად ბათუმის ლეონიძის ტერიტორიული ოლქიდან, 1990 წლიდან სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს წევრია, 1991 წ. აჭარის არ უზენაესი საბჭოს დეპუტატი, 1985 და 1989 წლებში საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი.

1996 წ. ზაფხულში ვატანგ შამილაძემ ერთ-ერთმა პირველმა (5 პარლამენტართან ერთად) განაცხადა უარი ფრაქცია ,,აღორძინების” მიერ საქართველოს პარლამენტისადმი გამოცხადებულ ბოიკოტზე და სათავეში ჩაუდგა საპარლამენტო ფრაქცია ,,მამულს”. Fფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობისას და შემდგომ პერიოდშიც, გამართულ პოლიტიკურ დებატებში იგი საპარლამენტო ტრიბუნიდან თუ მასმედიის საშუალებით აშკარად ემიჯნებოდა და გმობდა ა. აბაშიძის პოლიტიკას, რის გამოც დაითხოვეს ბათუმის უნივერსიტეტიდან.

საქართველოს პარლამენტში მოღვაწეობის პერიოდში იგი იყო თავდაცვის, უშიშროებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის, საგარეო ურთიერთობებისა და მეცნიერების, კულტურის, სპორტის კომიტეტების წევრი, 1999-2004 წლებში ხელმძღვანელობდა პარლამენტის კავკასიის ქვეყნებთან და ხალხებთან ურთიერთობის ქვეკომიტეტს, მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა საპარლამენტო დელეგაციებს აშშ-ში, ჰოლანდიაში, ირანში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. Aამავე პერიოდში იყო საქართველოს პარლამენტის საქართველო-ირანის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს საელჩოსთან ირანში და ირანის საელჩოსთან საქართველოში. მათი მეშვეობით მომზადდა და განხორციელდა ორი ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის არაერთი პროექტი.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა