ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ტბეთი“ 55 წლისაა

სურათიშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ტბეთმა“ 55 წლის იუბილე ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აღნიშნა. მოცეკვავეებმა ანსამბლ ,,ტბეთის“ ხელმძღვანელის ზურაბ სვანაძის მიერ დადგმული ფოლკლორული ცეკვები - ,,ხევსურული სუიტა“, ,,ქალთა ხორუმი“, ,,მოხეური“, ,,ქალ-ვაჟთა“ და ,,მთიულური“ შეასრულეს. გაიმართა ცეკვა ,,აფხაზურის“ პრემიერა. უნივერსიტეტის კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ,,ტბეთი“ საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

ანსამბლი ,,ტბეთი“ 1950-იან წლებში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იმ დროისათვის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ცნობილმა ქორეოგრაფმა ალექსანდრე ჯიჯეიშვილმა დაარსა. ანსამბლს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ ცნობილი ქორეოგრაფები: გივი ჩიხლაძე, ვლადიმერ შალიკაშვილი, რევაზ ჭანიშვილი, ჯემალ ჩიჩუა, თამაზ ბეჟანიძე. მათ ტრადიციებს კი დღემდე ღირსეულად აგრძელებს ნიჭიერი, ახალგაზრდა ქორეოგრაფი ზურაბ სვანაძე.

რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლების ანსამბლებს შორის ,,ტბეთი“ იმთავითვე ერთ-ერთ ფართო მასშტაბიან და შემოქმედებითად სრულყოფილ კოლექტივად იქცა. ანსამბლი ,,ტბეთი“ კონცერტებს მართავდა საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო ფესტივალებში, კონკურსებსა და ოლიმპიადებში.

არსებობის ნახევარსაუკუნოვან პერიოდში ანსამბლი მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევდა საცეკვაო ფოლკლორის სიწმინდის დაცვასა და საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, რის გამოც ,,ტბეთს“ სახალხო ანსამბლის წოდება მიენიჭა. 2000 წელს კი შემოქმედებითი წარმატებებისათვის საქართველოს პრეზიდენტის საპატიო დიპლომით დააჯილდოეს.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა