ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მარკეტინგის მიმართულებისა და სტუდენტების ინიციატივით პროექტი „revolution motivatori” იწყება. პროექტი „revolution motivatori” ბათუმში მარკეტინგული განყოფილების შექმნას და სტუდენტების დასაქმებას ითვალისწინებს. პროგრამის მიზანია კრეატიულ და მარკეტინგული საქმიანობით დაინტერესებულ სტუდენტებს დაეხმაროს პროფესიული, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში, კარიერულ წინსვლასა და გამოცდილების გაზიარებაში.
პროექტი ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რეგიონში მარკეტინგული კულტურის განვითარებას, სახელმწიფო და ბიზნეს სექტორში არსებული პრობლემების გამოვლენას.
პროექტი „revolution motivatori” ითვალისწინებს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების შემადგენლობით ხუთი სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც სახელმწიფო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორს მარკეტინგული მომსახურების სრულ პაკეტს შესთავაზებს. კონკურსის წესით გამოვლენილი გამარჯვებული ჯგუფის წევრები ორგანიზატორ კომპანიაში დასაქმდებიან. პროექტის მონაწილეთა რეგისტრაცია 20 მაისს დაიწყო და 6 ივნისს დასრულდება.
უკან |