საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ რისმაგ გორდეზიანს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი ავტორია 140-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 26 წიგნის. გამოსაქვეყნებლად გადაცემული აქვს 100-მდე (ძირითადად ენციკლოპედიისათვის „ანტიკური კავკასია“) სამეცნიერო ნაშრომი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 40-მდე დისერტაცია.
აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი მოწვეული პროფესორი სტატუსით ლექციებს კითხულობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში (იენა, ათენი, ლაიპციგი, მიტილენე, ბერლინი, მოსკოვი, ჰაიედლბერგი, ბოლონია, პერუჯა, პიზა, მალაგა და გრანადა). იგი არის საბერძნეთის არქეოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (გფრ), ვინკელმანის საერთაშორისო საზოგადოების წევრი (გფრ) და Collegium Europeum-ის წევრი (გფრ).
ნაშრომებისათვის ჰომეროლოგიასა და ეგეისტიკაში 1970, 1972, 1973 წლებში აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანს მიენიჭა თსუ-ს პირველი, რესპუბლიკური და საკავშირო პრემიები. 2003 წელს იგი საქართველოს ღირსების ორდენით დააჯილდოვეს, 2008-ში საბერძნეთის ღირსების ორდენის კავალერი გახდა, ხოლო 2010 წელს პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი მიიღო.
აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი არის ჟურნალ ფასისის მთავარი რედაქტორი, ჟურნალ „კავკაზიკის“ რედაქტორი, ჟურნალ „რელიგიის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, ჟურნალ „ფილოლოგუსის“ (გფრ) სარედაქციო საბჭოს წევრი 1994-2010 წლებში და საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსის“ ხელმძღვანელი.
უკან |