დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მსვლელობით დაიწყეს და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ილია ჭავჭავაძის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიების ფარგლებში შოთა რუსთაველის დარბაზში კონფერენცია გაიმართა თემაზე: „14 აპრილი – დედაენის დღეა“. მონაწილეებმა 1978 წლის 14 აპრილს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და შეაფასეს. ენათმეცნიერებმა და სტუდენტებმა მოხსენებები წარმოადგინეს ქართული ენის პრობლემატიკაზე, მისი სწავლებისა და უფლებების დაცვის საკითხებზე. ასევე შედგა ემერიტუს-პროფესორ მერი ცინცაძის მონოგრაფიის „ქართულად ხსნილად უბნობდი“ და ნანა ცეცხლაძისა და მზია ხახუტაიშვილის წიგნის „სტილისტიკის“ განხილვა. შეხვედრის დასასრულს სტუდენტებისათვის გაიმართა ვიქტორინა „რა ენა წახდეს...“.
უკან |