საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ევროპული სამართალი სამხრეთ კავკასიაში“ გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ავსტრიის გრაცის უნივერისტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი საზაფხულო სკოლა - „ევროპული სამართალი სამხრეთ კავკასიაში“ (EULISC) გაიხსნა. საზაფხულო სკოლა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა, აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და იედიტეპეს უნივერსიტეტის (თურქეთი) იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ჰალუქ ქაბალიოღლუმ გახსნეს. პროექტში მონაწილეობას ქართველი, ამერიკელი, ავსტრიელი, ფრანგი, იტალიელი, ესტონელი, სომეხი, თურქი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი, რუსი და ბელარუსი სტუდენტები ღებულობენ. მომავალ იურისტებს ლექციებს ორი კვირის განმავლობაში ცნობილი უცხოელი ექსპერტები წაუკითხავენ. საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს მონაწილეთა მოტივაციის ამაღლებას, მათ დაინტერესებას ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხებით.
EULISC ხელს შეუწყობს მათ ინფორმირებულობის ზრდას, გააღრმავებს ცოდნას ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ. საზაფხულო სკოლის სტუდენტები დაეუფლებიან პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს და შეიძენენ მეთოდოლოგიურ ცოდნას. შეიქმნება საერთაშორისო გარემო, სადაც ჩართული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნის მომავალი იურისტები, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციასა და ფილოსოფიური ფლაგმანის - „მეგობრული წრე ევროკავშირის სამეზობლოში“ შექმნას. საზაფხულო სკოლის ფარგლებში შეიქმნება ახალგაზრდა მეცნიერთა მულტიკულტურული ჯგუფი, რომელიც განიხილავს კავკასიის პრობლემატურ საკითხებს. პროექტი ევროკავშირის უწყვეტი განათლების პროგრამა ჟან მონეს, ქალაქ ბათუმის მერიისა და სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავენ ცნობილი პროფესორები:
• თომას კრუსმანი - რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპის და ევრაზიის მცოდნეობის ცენტრის დირექტორი, გრაცის უნივერსიტეტი, ავსტრია)
• ჰუბერტ იზაკი - ევროპული სამართლის ინსტიტუტის პროფესორი, გრაცის უნივერსიტეტი, ავსტრია
• არმენ ბაიბურთიანი -მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სომხეთი
• ბენედიქტ ჰარლცი - ევროპული სამართლის ინსტიტუტის ასისტენტ პროფესორი, გრაცის უნივერსიტეტი, ავსტრია
• ლორის-ხუანეს ვაგნერი -ევროპული სამართლის ინსტიტუტის ასისტენტ პროფესორი, გრაცის უნივერსიტეტი, ავსტრია
• აისტე მიკონიტე - ევროპული სამართლის ინსტიტუტის ასისტენტ პროფესორი, გრაცის უნივერსიტეტი, ავსტრია
• ანი ჰარუთინიანი - რუსული, აღმოსავლეთ ევროპული და ევრაზიული სწავლების ცენტრის ასისტენტ პროფესორი, გრაცის უნივერსიტეტი, ავსტრია


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა