უნივერსიტეტში მწერლისა და საზოგადო მოღვაწის რამაზ სურმანიძის 80 წლის იუბილე აღინიშნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, მედიკოსის, პუბლიცისტის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ რამაზ სურმანიძის დაბადებიდან 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ცნობილ მკვლევრს იუბილე მიულოცეს, დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა, აჭარის ა.რ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ, მთავრობის წევრებმა, აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ დავით თედორაძემ, საზოგადოება „ჭვანელის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა აკაკი ზოიძემ, ბსუ-ს ემერიტუსებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, მწერლებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, პროფესორებმა შორენა მახაჭაძემ, ოთარ გოგოლიშვილმა და აკაკი ბერიძემ საიუბილეო საღამოზე იუბილარის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს.

პროფესორ რამაზ სურმანიძის მიერ განვლილი რვა ათეული წელი დატვირთულია საზოგადოებრივი მოღვაწეობით, სამეცნიერო კვლევა-ძიებითა და შემოქმედებითი მონაგარით. წარმატებით უთავსებს ერთმანეთს სამეცნიერო, შემოქმედებით და საორგანიზაციო საქმიანობას: იყო ბათუმის ჯანდაცვის განყოფილების გამგე, აჭარის კურორტების მართვის საბჭოს თავმჯდომარე, ა.რ. ჯანდაცვის მინისტრი, დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ა.რ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

1968 წელს რამაზ სურმანიძემ დაიცვა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, 1999 წელს - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

1983 წლიდან პროფესორი რამაზ სურმანიძე გახლავთ საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის, 1987 წლიდან – მწერალთა კავშირის წევრი.

1991 წელს რამაზ სურმანიძემ დააარსა ბათუმის სამედიცინო–ეკოლოგიური ინსტიტუტი, რომლის რექტორი იყო წლების განმავლობაში.

1969–1979 წლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა მედიცინის დების მოსამზადებელ კურსებს, ასწავლიდა სასკოლო ჰიგიენას ასაკობრივი ფიზიოლოგიით. 2003–2008 წლებში მომავალ მედიკოსებს მედიცინის ისტორიას უკითხავდა.

1994–2004 წლებში რამაზ სურმანიძე იყო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოების აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე. ასევე გახლავთ აჭარის ჩოხოსან რაინდთა ორგანიზაციის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე.

არ ყოფილა საქართველოს, განსაკუთრებით აჭარის, ცხოვრებაში მეტნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც პროფესორი რამაზ სურმანიძე არ გამოხმაურებოდა და ავტორიტეტული სიტყვა არ ეთქვა. მისი სამეცნიერო შრომები, ისტორიულ–გენეალოგიური ნარკვევები, რომანები და მოთხრობები, პუბლიცისტიკა მუდამ არის ინტერესის საგანი.

პროფესორი რამაზ სურმანიძე არჩეულია მედიცინის მეცნიერებათა, სამედიცინო ეკოლოგიისა და ფაზისის აკადემიების ნამდვილ წევრად. არის საქართველოსა და აჭარის დამსახურებული ექიმი, აბუსერისძე ტბელისა და ზაქარია ჭიჭინაძის სახელობის პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა