უნივერსიტეტში აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ამირან მამალაძის მემორიალური დაფა გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანის, V ქვეითი ბრიგადის კაპრალ ამირან მამალაძის მემორიალური დაფა გაიხსნა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურმა საბჭომ აგვისტოს ომში დაღუპული გმირის უკვდავსაყოფად უნივერსიტეტის მცირე სპორტულ დარბაზს სტუდენტ ამირან მამალაძის სახელი მიანიჭა. ახალგაზრდა მებრძოლი ერთადერთი სტუდენტი იყო აჭარის რეგიონიდან, რომელიც 2008 წლის 9 აგვისტოს ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. იგი საცეცხლე ზონაში დაჭრილი თანამებრძოლებისა და მეთაურის გამოსაყვანად დაბრუნდა და გმირულად დაეცა. მემორიალური დაფა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და დაღუპული გმირის მამამ, გურამ მამალაძემ გახსნეს.

საზოგადოების წარმომადგენლებმა ამირან მამალაძე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას. ტრაგიკულად დაღუპული გმირის ღვაწლზე ისაუბრეს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ზურაბ ზოიძემ, აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა მერაბ ნაგერვაძემ, უნივერსიტეტის პროფესორმა ბესიკ ციცაგმა, შუახევის ამირან მამალაძის სახელობის ბარათაულის საჯარო სკოლის დირექტორმა ნოდარ ჯინჭარაძემ, ადლიის სამხედრო ბატალიონის ჯარისკაცებმა, სტუდენტებმა, თანაკურსელებმა და მეგობრებმა.

მემორიალური დაფის გახსნის შემდეგ „შავფაროსნებმა“ ქართული საბრძოლო ხელოვნება წარმოადგინეს. ასევე გაიმართა ამირან მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველობა მკლავჭიდსა და ბაგირის გადაწევაში. პირველი ადგილი მალხაზ ჭელიძეს ერგო, მეორე ადგილი - პაატა შავაძეს და მესამე ადგილი - ზურა ვანაძეს.

ამირან გურამის ძე მამალაძე დაიბადა 1985 წლის 21 ივლისს, შუახევის რაიონის სოფელ ბარათაულში. 2002 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საჯარო სკოლა და 2004 წელს ჩაირიცხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი სამხედრო მომზადებისა და ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტზე.

ამირან მამალაძეს 2005 წელს პროექტში -„სასოფლო ტურიზმი“ აქტიური მონაწილეობისათვის გადაეცა დიპლომი. ამავე წელს ახალგაზრდა სპორტსმენს აჭარის მოსახლეობის გაჯანსაღებისა და მასობრივი სპორტის ფედერაცია აჯილდოებს დიპლომით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ მძლეოსნურ კროსში მესამე ადგილის დაკავებისათვის.

2008 წელს აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ქობულეთის ტურიზმის სასწავლო ცენტრი აჯილდოებს სიგელით ვაჟებს შორს სამთო-სათხილამურო სპორტში, 4000 მეტრზე რბოლაში III ადგილის დაკავებისათვის.

2008 წლის 2 მაისს ამირან მამალაძე ჩაირიცხა ქართული ჯარის 53-ე ბატალიონის მე-5 ბრიგადაში.

2008 წლის 16 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის №610 განკარგულებით ამირან მამალაძე დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

2009 წლის 9 აგვისტოს ამირან მამალაძე აჭარის საკოორდინაციო საბჭომ და საქართველოს კარატეს ფედერაციამ გადასცა დიპლომი, მიენიჭა აღმოსავლურ ორთაბრძოლებში, კარატეში პირველი დანი და შავი ქამარი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №96/ნ ბრძანების საფუძველზე, სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლას მიენიჭა სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირის ამირან მამალაძის სახელი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა