ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ აბელ სურგულაძის 80 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღვაწლმოსილი მეცნიერის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა, ემერიტუს-პროფესორებმა, კოლეგებმა, სტუდენტებმა, საზოგადო მოღვაწეებმა, მეგობრებმა. პროფესორმა აბელ სურგულაძემ ღირსეულად განვლო თავისი ცხოვრების გზა. მის სახელთან არის დაკავშირებული 1991 წელს უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიის კათედრის დაფუძნება და საქართველოს ისტორიის პოპულარიზაცია. ცნობილი მკვლევრის რედაქტორობით დაიწყო საქართველოს ისტორიის კათედრის გაზეთ "ძლევაის" და კრებულ "საისტორიო მაცნე"-ს გამოცემა. კონფერენციის ფარგლებში მკვლევრებმა სამეცნიერო სტატიები წარმოადგინეს საქართველოს ისტორიის აქტუალურ საკითხებზე.
პროფესორი აბელ სურგულაძე იკვლევდა საქართველოს XVIII-XX საუკუნეების საკვანძო საკითხებსა და აჭარის ისტორიის პრობლემებს. მეცნიერმა მოღვაწეობის 45 წლის მანძილზე გამოაქვეყნა 30-მდე წიგნი, 400-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, მოგონებები გამოჩენილ ადამიანებსა და მამულიშვილებზე.
ნაყოფიერ სამეცნიერო კველვა-ძიებას პროფესორი აბელ სურგულაძე უთავსებდა უმაღლესი სასწავლებლის ლექტორის აქტიურ, შრომატევად საქმიანობას. მანძილზე მისი ლექციები საქართველოს ისტორიაში, ევროპის და ამერიკის ქვეყნების ახალ და უახლეს ისტორიაში გამოირჩეოდა მეცნიერული სიახლეების წარმოჩენით, ღრმა ანალიზითა და ორატორული ხელოვნებით.
უკან |