განცხადება

სურათი

ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნური ვერძაძე. პროფესორმა ნური ვერძაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უმაღლესი სკოლისა და ქართული მეცნიერების განვითარებაში. ღვაწლმოსილი მეცნიერი დაიბადა 1942 წლის 5 მარტს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ხელვაჩაურში. საშუალო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ (1958) ერთხანს იმუშავა აჭარის წყალთა მეურნეობის სამმართველოში. 1959 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მაგრამ ინჟინრის პროფესია მის მოწოდებად არ ჩათვალა და 1960 წელს შევიდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

მეორე კურსიდან გაცვლითი პროგრამით მიავლინეს კიევის უნივერსიტეტში უკრაინული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად. უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1967 წელს ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტის ასპირანტურაში. წარუშლელი კვალი დატოვა თბილისის უნივერსიტეტში გატარებულმა წლებმა ახალგაზრდა სპეციალისტისა და მკვლევრის ცნობიერებაზე. იგი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა თბილისის უნივერსიტეტის ტრადიციების ერთგული. როგორც მეცნიერი და მასწავლებელი მისთვის მისაბაძი იყო აკად. ვარლამ თოფურია, პროფ. ივ. ქავთარაძე, პროფ. ივ. გიგინეიშვილი... ეამაყებოდა, რომ იყო ამ უნივერსიტეტის აღზრდილი.
1973 წელს ნური ვერძაძემ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.
1972 წლიდან ნ. ვერძაძე მუშაობას იწყებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, სადაც სხვადასხვა დროს იყო:
_ ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის უფროსი მასწავლებელი (1971-1975 წწ).
_ პრორექტორი იდეურ-აღმზრდელობითი მუშაობის დარგში (1975-1981 წწ).
_ პრორექტორი საღამოსა და დაუსწრებელი მუშაობის დარგში (1981-1986 წწ).
_ პრორექტორი სასწავლო დარგში (1986-1996 წწ).
_ ზოგადი ფილოლოგიის კათედრის გამგე (1991-1996).
_ რექტორი (1996-2004 წწ).
_ 1995 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1996 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.

ფართეა ნ. ვერძაძის სამეცნიერო ინტერესები: ქართულ-რუსულ-უკრაინული ლიტერატურული ურთიერთობები, თარგმანის თეორია, ზოგადი ენათმეცნიერება, საქართველოს უახლესი ისტორიის პრობლემები. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, მათ შორის 6 წიგნი.

წლების განმავლობაში ნ. ვერძაძე კითხულობდა ,,ზოგადი ენათმეცნიერების’’, ,,ენათმეცნიერების შესავლის’’, ,,ქართული ენის სტილისტიკის’’, ,,ახალი ქართული ენის’’ კურსებს. მისი ლექციები გამოირჩეოდა აკადემიურობით, თავად ლექტორი კი იყო მომთხოვნი და ახალგაზრდობის მოყვარული. მისი რეკომენდაციითა და ხელმძღვანელობით მეცნიერებაში გაიკვლია გზა არაერთმა ახალგაზრდამ, რომლებიც, დღეს უკვე პროფესორები და წარმატებული მკვლევრები, მოღვაწეობენ ბათუმის უნივერსიტეტსა და სხვა სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში.

1996-2001 წლებში ნ. ვერძაძე აირჩიეს აჭარის უზენაესი საბჭოდ დეპუტატად, იყო უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. 2001 წელს აირჩიეს აჭარის არ პარლამენტის დეპუტატად, 1997 წლიდან მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო კრების თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 1998 წლიდან იყო აჭარის უმაღლესი სასაწავლებლების რექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; 2001 წელს აირჩიეს ევროპის საბჭოს რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების თვითმმართველობის კონგრესის წევრად.

მისი ინიციატივითა და ძალისხმევით ბათუმის უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ,,მემედ აბაშიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი’’, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2000-2004 წლებში. ,,ცენტრის’’ სამეცნიერო პრიორიტეტად გამოიკვეთა ისტორიული სამხრეთ საქართველოს (,,ჭოროხის ქვეყნების’’) პრობლემების კვლევა. მისი იდეალი იყო უახლოესი ისტორიიდან ილია ჭავჭავაძე და მემედ აბაშიძე. თავის ნაწერებში განსაკუთრებით ცდილობდა მათი ღვაწლის წარმოჩენას აჭარისა და სრულიად საქართველოს წინაშე.

1991 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე ჩამოყალიბდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის სტრუქტურული ფორმირების საქმეში დიდია ნ. ვერძაძის წვლილი. იგი არ იშურებდა ძალასა და ენერგიას უნივერსიტეტის შემდგომი სრულყოფისათვის.

ნ. ვერძაძის მოღვაწეობაში ცალკე უნდა აღინიშნოს თანამოაზრეებთან ერთად ,,ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის’’ ჩამოყალიბება. იგი 1991-1996 წლებში, დაარსებიდან რეორგანიზაციამდე, დამოუკიდებელ უნივერსიტეტსაც ხელმძღვანელობდა. მის მუშაობაში ჩააბა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მოიწვია ახალგაზრდა სპეციალისტები, საფუძველი ჩაუყარა ბათუმში ახალ სპეციალობებს...

ნ. ვერძაძის, როგორც განათლებისა და მეცნიერების ორგანიზატორის ნიჭი განსაკუთრებით გამოვლინდა უნივერსიტეტის რექტორად მოღვაწეობის პერიოდში: შეიქმნა ახალი კათედრები და ფაკულტეტები, ბათუმში საფუძველი ჩაეყარა სამართალმცოდნეობის, ეკონომიკის, სამედიცინო, თურქული ფილოლოგიის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტებსა და სპეციალობებს, შეივსო და გამდიდრდა უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი, შეიქმნა უნივერსიტეტის გამომცემლობა, ჩამოყალიბდა სტამბა, მისი დიდი ძალისხმევით შეკეთდა (ფაქტიურად ხელახლა აშენდა) უნივერსიტეტის ზღვისპირა (პირველი) კორპუსი, განახლდა მაღლივი კორპუსი, აშენდა ახალი ბიბლიოთეკა და სამკითხველო დარბაზი, უნივერსიტეტის კაბინეტები და აუდიტორიები აღიჭურვა ახალი ინვენტარით... ყველაფერმა ამან დიდი დრო და ენერგია წაიღო. ბედნიერი იყო, როცა ხედავდა განახლებულ და რიცხობრივად და თვისობრივად გაზრდილ უნივერსიტეტს. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მაღალმთიანი აჭარისა და გურიის სოფლებისათვის პედაგოგიური კადრების მომზადებას. მისი რექტორობის პერიოდში უნივერსიტეტში ფუნქციონირებდა სპეციალური ჯგუფები ამ რეგიონის ახალგაზრდებისათვის.

მისი უნივერსიტეტის პრორექტორად და განსაკუთრებით რექტორად მუშაობის პერიოდში დიდი ყურადღება ექცეოდა ეროვნული დისციპლინების სწავლებას. მისი უშუალო ინიციატივით უნივერსიტეტში მოქმედ ყველა სასწავლო გეგმაში შეტანილი იქნა ,,ქართული ენის პრაქტიკული კურსი’’, ,,ქართული ლიტერატურის ისტორიის ზოგადი კურსი’’ და ,,საქართველოს ისტორია’’.

ნური ვერძაძე იყო საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სხვა არაერთი დარგობრივი აკადემიის წევრი.

იგი იყო კარგი მეგობარი, უნივერსიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარი ოჯახის წევრად მიაჩნდა, ფიქრობდა და ზრუნავდა მათზე, ახარებდა ყველას წინსვლა...

მოღვაწეობის წლებში იყო წარმატებები და სიხარული, იყო გულისტკივილიც, მაგრამ ბატონი ნური ყოველთვის პოულობდა საკუთარ თავში ძალას და რჩებოდა უნივერსიტეტისა და საუნივერსიტეტო საქმის ერთგულად. სიცოცხლის ბოლომდე მასთან ყოველი შეხვედრა და საუბარი სრულდებოდა უნივერსიტეტის პრობლემებზე მსჯელობით, ,,მოუარეთ უნივერსიტეტსო,’- გვარიგებდა დღემუდამ...

იგი დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.

ნური ვერძაძის, როგორც უმაღლესი სკოლის ორგანიზატორისა და მოღვაწის სახელი კუთვნილ ადგილს დაიჭერს უნივერსიტეტისა და საქართველოს განათლების ისტორიაში.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა