
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის, ბიოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის ინიციატივით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეიძინა რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის სისტემის ერთ-ერთი თანამედროვე მოდელი – QuantStudio™ 5. პროექტის შემსრულებელია კომპანია ABM, ხოლო პასუხისმგებელი პირები – ნინო არუთინაშვილი და ზანდა ბედინაშვილი.
აღნიშნული სისტემის სრულფასოვანი ათვისებისა და გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, 2025 წლის 2-4 აპრილს ჩატარდა სპეციალიზებული ტრენინგ კურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორმა, მარინა ნაგერვაძემ და ანზორ დიასამიძის სახელობის იმუნოგენეტიკის ლაბორატორიის სპეციალისტმა, შორენა გაბაიძემ.
ტრენინგის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
- გენეტიკური კვლევებისთვის დნმ-ის გამოყოფისა და ანალიზის პროცედურების გაცნობა;
- დნმ-ის მანუალური ექსტრაქცია GeneJET Whole Blood Genomic DNA Purification Mini Kit-ის გამოყენებით;
- დნმ-ის ავტომატური ექსტრაქცია MagMAX™-96 DNA Multi-Sample Kit-ით;
- KingFisher™ Duo Prime Purification System-ის შესაძლებლობების შესწავლა და მისი დანერგვა;
- რეალურ დროში PCR ანალიზი QuantStudio™ 5 სისტემაზე: შაბლონის შექმნა, რეაქციის ინიცირება, შედეგების ინტერპრეტაცია და მონაცემების შენახვა.
ტრენინგმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მონაწილეთა კომპეტენცია თანამედროვე გენეტიკურ კვლევებთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებში, რაც მომავალში ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის ლაბორატორიული კვლევების ხარისხისა და ეფექტიანობის ზრდას.
უკან |