ბიოლოგიის სპეციალობა მასში შემავალი კათედრებით ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის თუ უნივერსიტეტის ჩამოყალიბებისა და შემდგომი საქმიანობის ყველა ეტაპზე იყო და რჩება ერთ-ერთ წამყვან ფრთად ახალგაზრდობის სასწავლო-აღმზრდელობით, დროის შესაბამისი სპეციალისტების მომზადებისა თუ სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის საქმეში.
აღნიშნული სპეციალობით კადრების მომზადება ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტის დაარსებიდანვე იწყება (პირველი ზარი ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტში 1935 წლის 3 ოქტომბერს დაირეკა). ჩამოყალიბდა უმაღლესი სკოლისათვის საჭირო შესაბამისი სტრუქტურებიც. ინსტიტუტის გახსნისთანავე, 1935 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებით შექმნილ 8 კათედრას შორის იყო ბიოლოგიის კათედრაც, რომელსაც სათავეში ჩაუდგა დოც. გ.კოკოჩაშვილი. დოც. გ.კოკოჩაშვილი კითხულობდა ზოოლოგიისა და ზოგადი ბიოლოგიის კურსებს. მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაარსდა ზოოლოგიის კაბინეტი. მანვე დიდი ამაგი დასდო თვალსაჩინოებით კაბინეტის შევსებას.
მაშინ ბათუმში არ იყო ინსტიტუტისათვის შესაფერისი კვალიფიციური კადრები. საქართველოს მოწინავე ინტელიგენციის მაგალითისამებრ, ბათუმს მხარში ამოუდგნენ თბილისისა და ქუთაისის სამეცნიერო ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომელთა უშუალო თანადგომით შეიქმნა და განვითარდა ბათუმში უმაღლესი ბიოლოგიური განათლებისათვის საჭირო სტრუქტურები. ისინი თავადვე კითხულობდნენ ლექციებს და ამასთან, გულდაგულ ამზადებდნენ ადგილობრივ სამეცნიერო თუ პედაგოგიურ კადრებს. ეს ყოველივე ძირითადად მხოლოდ ენთუზიაზმით, სამშობლოსა და საქმისადმი უდიდესი სიყვარულით კეთდებოდა. დიდი მადლიერებით უნდა მოვიხსენიოთ ჩვენი ქვეყნის მაშინდელი თუ შემდგომში გამოჩენილი მეცნიერები, თავდადებული მამულიშვილები, რომლებმაც უდიდესი შრომა გასწიეს და სხვადასხვა დროს დაუზარელად მოღვაწეობდნენ ბიოლოგიის კათედრაზე. აი, მათი არასრული სიაც: გ.კოკოჩაშვილი, ა.გოცირიძე, პ.მგალობლიშვილი, დ.გედევანიშვილი, გ.თვალაძე, გ.ჯავახიშვილი, ნ.ჯავახიშვილი, პ.ჭანტურიშვილი, ლ.ჯაფარიძე, ალ.მაყაშვილი, გ.თუმანიშვილი, შ.ნახუცრიშვილი, ა.კობერიძე, ბ.ქიქოძე, ბ.მესხი, ე.ვასაძე, გ.შანშიაშვილი და მრავალი სხვა.
1939–1940 წლებში ბიოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობდა დოცენტი (შემდგომში პროფესორი), ა.გოცირიძე, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კაბინეტების დაფუძნება და აუცილებელი თვალსაჩინო მასალით მათი აღჭურვა. მიუხედავად იმისა, რომ პროფ. ა. გოცირიძე შემდგომში ქუთაისსა და თბილისში მოღვაწეობდა, მას არ გაუწყვეტია კავშირი კათედრასთან და იგი არა ერთი სამეცნიერო კონფერენციისა თუ სხვა სახის მეცნიერული თავყრილობის მოთავე იყო ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიის კათედრის ბაზაზე. 1940–1941 წლებში ა. გოცირიძე კვლავაც ბათუმის პედინსტიტუტის ბიოლოგიის კათდრის პროფესორია და აქ აგრძელებს ლექციების კურსის კითხვას. კათედრასთან მან ჩამოაყალიბა ადამიანის ანატომიის კაბინეტი და ყველაფერი გააკეთა მისი სათანადო მატერიალური აღჭურვისათვის.
1941–45 წლებში კათედრის გამგედ ირჩევენ დოცენტ პ.მგალობლიშვილს, რომელიც კითხულობდა ლექციების კურსს მცენარეთა სისტემატიკასა და ფიტოგეოგრაფიაში. მან დააარსა ბოტანიკის კაბინეტი და შეავსო იგი სათანადო მატერიალური ბაზით.
1945 წლის დასაწყისისათვის სამასწავლებლო ინსტიტუტის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტად გადაკეთებასთან დაკავშირებით ბიოლოგიის კათედრის ბაზაზე ჩამოყალიბდა ბოტანიკის, ზოოლოგია-ანატომია-ფიზიოლოგიისა და ქიმიის კათედრები. ზოოლოგიის კათედრას 1945 წლიდან 1952 წლამდე ხელმძღვანელობდა ცნობილი ზოოლოგი გ.ჯავახიშვილი, 1955 წლამდე კი – დოც. ჯ.მესხიძე. კათედრაზე სხვადასხვა დროს ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ ცნობილი მეცნიერები: ა.ჯანაშვილი, გ.კოკოჩაშვილი, ლ.კუტუბიძე, ო.ცხომელიძე, ო.ბურჭულაძე და სხვები, რომელთა სახელმძღვანელოებზე, მონოგრაფიებსა თუ შრომებზე აღიზარდა და იზრდება მრავალი ზოოლოგი, მკვლევარი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტი.
ბოტანიკის კათედრის პირველ გამგედ არჩეული იქნა დოც. პ.მგალობლიშვილი (1945–52 წწ).
1952–55 წწ. ბოტანიკის კათედრას დოც. გ.შანშიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც მცენარეთა ფიზიოლოგიის კურსს კითხულობდა. ბოტანიკის კათედრის არსებობის (1945–55) განმავლობაში ამ კათედრაზე სხვადასხვა დროს მუშაობდნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ლ. ჯაფარიძე, პროფ. ა. მაყაშვილი, დოც. გ. გედევანიშვილი, პროფ. შ. ნახუცრიშვილი და სხვები, რომელთა მიერ ბოტანიკის სწავლების საქმეში შექმნილი ტრადიციები ღირსეულად გააგრძელეს დოცენტებმა: ვ.ჯორბენაძემ და ნ. ბერაძემ, უ/მასწავლებელმა ნ.ოქროპირიძემ.
კათედრის მცირე დროით ფუნქციონირების მიუხედავად, ამ პერიოდში საფუძველი ჩაეყარა ბოტანიკური დისციპლინის საინსტიტუტო სწავლებას, შეიქმნა სხვადასხვა სახის თვალსაჩინო მასალა: ჰერბარიუმები, ტაბულები, ცოცხალი ობიექტები.
1955 წლის სექტემბრიდან პედაგოგიურ ინსტიტუტში სტრუქტურული რეორგანიზაციის საფუძველზე ქიმიის, ბოტანიკისა და ზოოლოგია-ანატომია-ფიზიოლოგიის კათედრები წყვეტს დამოუკიდებელ ფუნქციონირებას და ერთ – ბიოლოგიის კათედრად ერთიანდება. კათედრის გამგედ არჩეულ იქნა დოც. ჯ. მესხიძე, რომელიც განაგებდა კათედრას 1974 წლამდე.
1974–დან 1986 წლამდე კათედრის გამგე იყო დოც. ო.ახვლედიანი.
1986 წელს ბიოლოგიის კათედრის გამგედ, რომელიც 1999 წლიდან უკვე უნივერსიტეტის ზოგადი ბიოლოგიის კათედრა იყო, არჩეულ იქნა პროფ. ა.დიასამიძე. იგი კათედრას 2006 წლამდე ხელმძღვანელობდა.
გარდა ზემოთ დასახელებული სპეციალისტებისა, ზოგადი ბიოლოგიის კათედრაზე შემავალ საგნებს სხვადასხვა დროს კითხულობდნენ ცნობილი მეცნიერ-პედაგოგები, რომელთაც ბიოლოგიური მიმართულებით სწავლების პროცესში პედაგოგიური ინსტიტუტისა თუ უნივერსიტეტის ცხოვრებაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას: გიორგი ჩხაიძეს, დიმიტრი უჩანეიშვილს, ჯემალ მესხიძეს, ოთარ ახვლედიანს, ვერა ჯორბენაძეს, ონისიმე ცხომელიძეს, ოთარ ბურჭულაძეს, დავით ნიკოლაშვილს, ივანე ქერქაძეს, ნოდარ შარაშიძეს, ლიანა ქორიძეს.
საბჭოთა იმპერიის კრიზისმა, მისმა რღვევამ და ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების დამოუკიდებელ ქვეყნებად ჩამოყალიბებამ ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად აუცილებელი გახადა ახალი უნივერსიტეტის დაფუძნება. ყოფილი პედაგოგიური ინსტიტუტის საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე თანდათანობითმა გადასვლამ დღის წესრიგში დააყენა ახალი კათედრების გახსნის აუცილებლობის საკითხი.
1989 წელს ბიოლოგიის კათედრას გამოეყო ადამიანისა და ცხოველთა ანატომია-ფიზიოლოგიის კათედრა, რომლის გამგედ არჩეული იქნა დოც. ზ.ბოლქვაძე.
უნივერსიტეტის სტატუსი შესაძლებლობას იძლეოდა, გახსნილიყო ახალი სპეციალობებიც. ბათუმის გეოგრაფიულმა მდებარეობამ და იმანაც, რომ ქვეყნის ეკონომიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს მდიდარ შიდა წყალსაცავებს და წყლის ბიორესურსებს. ამდენად, მიზანშეწონილი გახდა გახსნილიყო წყლის ბიორესურსების, აკვაკულტურისა და ეკოლოგიის სპეციალობა. იგი ქვეყანას უმზადებს ჰიდრობიოლოგებს, იქთიოლოგებს, ეკოლოგებს და სხვ. აღნიშნული სპეციალობის დაფუძნების მთავარი ინიციატორი იყო ბიოლოგიის კათედრის გამგე პროფ. ა. დიასამიძე.
ახალი სპეციალობის გახსნამ მოითხოვა შესაბამისი მაპროფილებელი კათედრის შექმნა. 1994 წელს ბიოლოგიის კათედრას გამოეყო წყლის ბიორესურსებისა და აკვაკულტურის კათედრა, რომელსაც 1998 წლიდან ეწოდა ზოოლოგია-წყლის ბიორესურსების კათედრა. მას 2006 წლამდე ხელმძღვანელობდა პროფ. თ. გოგმაჩაძე.
ბათუმს ბოტანიკური მეცნიერების განვითარებისათვის დიდი ტრადიციები და შესაძლებლობებიც აქვს. აქაური მცენარეთა სამყარო განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება. ამან შესაძლებელი გახადა ბოტანიკის კათედრის დაფუძნება (1995 წელს), რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი პროფ. მ. დავითაძე.
აჭარისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ბათუმის უნივერსიტეტთან დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ჩამოყალიბება, რომელშიც გაიხსნა სამედიცინო ფაკულტეტი. მრავალი თაობის მიერ ნანატრი ამ უდიდესი მამულიშვილური საქმის სათავეებთან დადგა პროფ. ნ.ვერძაძე. ფაკულტეტზე კადრების მომზადება ბიოსამედიცინო ეკოლოგიური გენეტიკის სპეციალობითაც ხდებოდა.
ცხადია, სამედიცინო განათლება მოითხოვდა ახალი კათედრების გახსნას. მათ რიცხვშია ბიოლოგიის კათედრიდან გამოყოფილი ადამიანის ანატომიისა და ჰიგიენის კათედრა, რომელსაც განაგებდა პროფ. რ. ზოსიძე.
ასე რომ, ბიოლოგიის კათედრის ბაზაზე მოკლე დროში გაიხსნა ახალი კათედრები. საკუთრივ ბიოლოგიის კათედრამ კი შეინარჩუნა ზოგადბიოლოგიური პროფილი 2006 წლამდე, რომელსაც ამ დრომდე პროფ. ა.დიასამიძე ხელმძღვანელობდა.
საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე გადასვლამ სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის გაფართოების აუცილებლობა განაპირობა, რამაც მოითხოვა ასპირანტურის გახსნა გენეტიკის, ზოოლოგია-ჰიდრობიოლოგიის, ბოტანიკა-ეკოლოგიური ფიტომორფოლოგიის, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის მიმართულებით.
სხვადასხვა დროს ბიოლოგიური სწავლების პროცესში პედაგოგიური ინსტიტუტისა თუ უნივერსიტეტის ცხოვრებაში წვლილი შეიტანეს: ნ. ბერაძემ, ნ. ოქროპირიძემ, ნ. შარაშიძემ, შ. ფუტკარაძემ, ა. ბერიძემ, ვ.კუტუბიძემ, ნ.მაზმანიდმა, ნ.გუგუნავამ, ნ. დუმბაძემ, ზ. ცინცაძემ, დ. გვიანიძემ და სხვებმა.
კათედრის პედაგოგებს მაღალკვალიფიციურ დახმარებას უწევდნენ: ნ.უჯმაჯურიძე, ე.ხინიკაძე, ნ.ხურციძე, კ. ინწკირველი, ნ.სამნიძე, მ.თავდგირიძე, ე.მებუკე, ვლ.თოხაძე, ლ.ხითარიშვილი, ე.გათენაძე, ლ. გოგმაჩაძე, მ. ზარქუა, რ.გვასალია და აწ გარდაცვლილნი: ლ.ესებუა, ნ.ისელიძე, მ.ვახანია, ე.კვესელავა, გ.ინწკირველი და სხვა ლაბორანტები.
დრომ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის აუცილებლობა მოიტანა. უნივერსიტეტი სამსაფეხურიან სწავლებაზე გადავიდა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ბაკალავრიატში სწავლება მიმდინარეობს 3 საგანმანათლებლო პროგრამაზე: ბიოლოგიის, ეკოლოგიისა და ჰიდრობიოლოგიის. თუმცა, ჰიდრობიოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება დროებით შეჩერებულია. გაიხსნა მაგისტრატურა, რომელშიც ფუნქციონირება დაიწყო ოთხმა სამაგისტრო პროგრამამ: გენეტიკის, ზოოლოგია-ჰიდრობიოლოგიის, ბოტანიკა-ეკოლოგიური ფიტომორფოლოგიის, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის მიმართულებით.
2006 წლიდან ბიოლოგიის მიმართულებით სწავლებას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით 5 ბიოლოგიური კათედრის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებული ბიოლოგიის დეპარტამენტი უძღვება, რომელსაც 2010 წლამდე პროფ. მ. ქორიძე ხელმძღვანელობდა, 2010 წლიდან კი პროფ. დ. ბარათაშვილი უძღვება.
ამჟამად ბაკალავრიატში ფუნქციონირებს 2 საგანმანათლებლო პროგრამა: ბიოლოგიის და ეკოლოგიის მიმართულებით.
მაგისტრატურაში სწავლება მიმდინარეობს ბიოლოგიისა და ეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით, რომლებშიც ფუნქციონირებს გენეტიკის, ჰიდრობიოლოგიის, ეკოლოგიური ბიომორფოლოგიის, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის სპეციალობები.
დოქტორანტურაში კი მოქმედებს საგანმანათლებლო პროგრამები შემდეგი მიმართულებებით: ადამიანის პოპულაციების გენეტიკა, მცენარეთა გენეტიკა, ჰიდრობიოლოგიია, ეკოლოგიური ბიომორფოლოგია.
დეპარტამენტი ღირსეულად აგრძელებს წინამორბედ კათედრათა მიერ წლების განმავლობაში შექმნილ ტრადიციებს.
დეპარტამენტში სასწავლო სამეცნიერო პროცესი მიმდინარეობს თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად. ლექცია-პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც სტუდენტებში სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა მიმართ ცხოველ ინტერესს იწვევს. სასწავლო პროცესში აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა თაობის პროფესორ-მასწავლებლები: რ. ზოსიძე, თ. გოგმაჩაძე, მ. დავითაძე, ქ.დოლიძე, დ.ბარათაშვილი, რ.ხუხუნაიშვილი, მ.ქორიძე, ნ.თურმანიძე, ნ.ვარშანიძე, ლ.ახვლედიანი, მ.ნაგერვაძე,, ნ. ლომთათიძე, ნ.გვარიშვილი, ნ.ზარნაძე, გ.დუმბაძე, ი.დიასამიძე, ე.მიქაშავიძე, თ. ქოიავა, რ.გორაძე, ლ.ჟღენტი, ი.სულაბერიძე, ე.სარალიძე, ირ.დიასამიძე, ჟ.ჭითანავა, თ.ასანიძე, ო.ცეცხლაძე, ნ.ზოსიძე, ზ.მანველიძე, ნ.მემიაძე, რ.მიქელაძე, ს.ცქვიტინიძე, ი.ფარულავა, ირ. ნაკაშიძე, ნ. ქედელიძე, ლ. კოდანოვი, მ. ბერიძე, ალ. შარაბიძე, გ. ბოლქვაძე, ირ. მიქელაძე, მ. მიქელაძე მ. შავლაყაძე, მ. მეტრეველი, მ. გვიანიძე, ი. მაჭუტაძე, ნ. ღაჭავა ტ. წეროძე, ფ. ჩაიძე, ჯ. ჯაყელი, ლ. ქოიავა, გ. მეფარიშვილი, ირ. ბარამიძე.
დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო და ორგანიზაციულ საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი: სპეციალისტი მ. რესულიძე, ტექნიკოსი შ. გაბაიძე.
დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები ეწევიან წარმატებულ სამეცნიერო კვლევით საქმიანობას. მათი კვლევის შედეგები გასცდა საქართველოს ფარგლებს და არა ერთი ადგილობრივი თუ რესპუბლიკური და საერთაშორისო კონგრესისა და სიმპოზიუმის დღის წესრიგშია ჩართული. სამეცნიერო კვლევის შედეგები სისტემატიურად ქვეყნდება საქართველოს თუ უცხოეთის მაღალრეიტინგულ ჟურნალებში, მონოგრაფიებში, ბსუ-ს შრომების კრებულში. იბეჭდება მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოები.
დეპარტამენტის ძირითადი სამეცნიერო-კვლევითი პრიორიტეტებია: შავი ზღვის წყლისა და ბიორესურსების კომპლექსური კვლევა, ექსპრეს-დიაგნოსტიკა და მონიტორინგი; აჭარისა და გურიის ბიომრავალფეროვნების შესწავლა, დაცვა-კონსერვაცია და გამოყენება; აჭარის ეკოსისტემების ბიოეკოლოგიური ასპექტების შესწავლა ტურიზმის განვითარებისათვის; აჭარისა და გურიის მოსახლეობაში პოპულაციების ბიოლოგიური, გერონტოლოგიური, იმუნოლოგიური და პათოლოგიური კანონზომიერებების კვლევა.
კვლევით საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული სტუდენტი-ახალგაზრდობა. მათი კვლევის შედეგები ასახულია სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებისა და ახალგაზრდა მეცნიერთა შრომების კრებულებში.
დეპარტამენტში ფუნქციონირებს ბიოტექნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის, მცენარეთა ანატომია-მორფოლოგიისა და სისტემატიკის, უხერხემლო და ხერხემლიან ცხოველთა ზოოლოგიის, ფიზიოლოგიის, ციტოგენეტიკის, სიცოცხლის მოლეკულურ-უჯრედული და გენეტიკური კვლევის, მცენარეთა ფიზიოლოგიის სასწავლო ლაბორატორიები. ბიოლოგიის დეპარტამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან, აჭარის არ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ლაბორატორიული კვლევების ცენტრთან, აჭარის არ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტთან, შპს ბათუმის წყალთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ბათუმის ლაბორატორია. შპს გამა კონსალტინგი
ბიოტექნოლოგისა და მიკრობიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიაში ხორციელდება კვლევა in vitro კულტურაში სხვადასხვა სახეობის მცენარეთა გენოფონდის ცვალებადობის შესწავლის მიმართულებით მიკროკლონური მეთოდების გამოყენებით.
აქტიური სამეცნიერო კვლევითი მუშაობა წარმოებს ბიოლოგიის დეპარტამენტთან არსებულ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ იმუნოგენეტიკის ლაბორატორიაში, სადაც მიმდინარეობს სისხლის ჯგუფური ანტიგენების გავრცელების კანონზომიერებათა შესწავლა აჭარისა და გურიის მოსახლეობაში და ამ რეგიონებში მცხოვრებ ასაკოვან და ხანდაზმულ ადამიანთა პოპულაციის გენეტიკური და იმუნური თავისებურებების შესწავლა. კვლევა ხორციელდება სხვადასხვა საგრანტო პროექტების (მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო) ფინანსური მხარდაჭერით.
დეპარტამენტის კურიკულუმის კომიტეტი ფაკულტეტის ხარისხის სამსახურთან ერთად სისტემატიურად ზრუნავს სწავლების ხარისხის ამაღლებაზე, საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწასა და სრულყოფაზე.
აქტიურია დეპარტამენტში სტუდენტური ცხოვრებაც: მოქმედებს საზაფხულო სკოლა, ბიოლოგიური და ეკოლოგიური კალენდარი, ეწყობა ვორქ-შოპები, დისკუსიები, დებატები, საქველმოქმედო აქციები. აღნიშნულ ღონისძიებებში სტუდენტებთან ერთად მონაწილეობენ საჯარო სკოლების მოსწავლეებიც.
უკან |