ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

„აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებებში“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს „ერაზმუს+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებებში“ კონსორციუმის მესამე საერთაშორისო შეხვედრას. პროექტის მიზანია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროგრამა ითვალისწინებს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენის, პრევენციისა და აღმოფხვრის ხელშემწყობი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას.

ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში ქართველი და უცხოელი პარტნიორები განიხილავენ პროექტის ძირითადი კომპონენტების შესრულების მიმდინარე შედეგებს. ღონისძიება ხელს შეუწყობს პროექტის სამომავლო გეგმების დასახვასა და შემაჯამებელი ფინალური კონფერენციის მომზადებას, რომელიც გაიმართება 2020 წლის ივნისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ბსუ 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან იყენებს პლაგიატის  წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურ პროგრამას (Turnitin), რომელიც შეძენილია ERASMUS+-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის INTEGRITY-ის ფარგლებში. პროგრამის სპეციფიკის გაცნობის მიზნით ჩატარდა სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები, პროგრამა დაინსტალირდა Moodle-ს სისტემაში, დარეგისტრირდა საპილოტე სასწავლო კურსები, სილაბუსებში ცვლილებები შევიდა, მასალების აიტვირთა და სტუდენტები პროგრამაში ჩაერთნენ.

2018-2019 სასწავლო წელს ბსუ-სთვის გამოყოფილი 2000-ზე მეტი  ლიცენზიიდან (თითოეულ მომხმარებელზე გათვალისწინებულია ერთი ლიცენზია) 1300 გამოყენებულია პირველკურსელებისთვის. ლიცენზიების დარჩენილი რაოდენობა გადანაწილდა ბსუ-ს შვიდ ფაკულტეტზე. პილოტირებაში ჩაერთო როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის საფეხურის სასწავლო კურსები. 2018-2019 სასწავლო წლისთვის სავალდებულოდ განისაზღვრა სამაგისტრო ნაშრომების ატვირთვა Moodle-ს პროგრამაში. სულ აიტვირთა 277-მდე სამაგისტრო ნაშრომი. ამავე დადგენილების თანახმად, 2019-2020 სასწავლო წლიდან სავალდებულოდ განისაზღვრა Moodle-ს პროგრამაში საბაკალავრო ნაშრომების ატვირთვაც.

2019-2020 სასწავლო წლისთვის ბსუ-სთვის გამოყოფილი 4000 ლიცენზიიდან მიმდინარე პერიოდისთვის ათვისებულია 2400-მდე ლიცენზია. მათ შორის 1268 პირველკურსელია ჩართული აკადემიური წერის სასწავლო კურსით. მეორე სემესტრისთვის დაგეგმილია დამატებით 1000-მდე სტუდენტის ჩართვა, ლიცენზიების გარკვეული რაოდენობა (დაახლოებით 800-მდე ლიცენზიის) გამოიყენება საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომებისთვის.

პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტისა და უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციების საფუძველზე 2019 წელს შემუშავდა საუნივერსიტეტო რეგულაციები. კერძოდ, ,,ბსუ-ში აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის წესი“, რომლითაც დადგინდა უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის პოლიტიკა, მექანიზმები, დარღვევის სახეები და მასზე რეაგირების პროცედურა და სანქციები. წესი ვრცელდება უნივერსიტეტის პერსონალზე (მათ შორის შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ პერსონალზე), სტუდენტებზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებზე და მოკლევადიანი საგანმანათლებლო   პროგრამების  მსმენელებზე. გარდა ამისა, ცვლილება შევიდა უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსსა და შინაგანაწესში.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა