28 მაისი 2022 წელი
22-28 მაისს, ევროკავშირის ,,Erasmus+”-ის პროექტის DITECH-ის (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs/ ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში) ფარგლებში გაიმართა პირველი ტრენერთა ტრენინგი პროექტის მონაწილე ქართული უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებისათვის. ტრენინგს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პროექტის სამი წევრი ესწრებოდა: ასოცირებული პროფესორი მადონა მიქელაძე, ასისტენტ პროფესორი ნინო სამნიძე, ასისტენტ პროფესორი ამირან შარაძე.
ტრენინგი ჩატარდა ტალინის უნივერსიტეტის (ესტონეთი) ორგანიზებით. პრაქტიკულ სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს ტალინის უნივერსიტეტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. ტრენინგზე მონაწილეები გაეცნენ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სწავლების ინივაციურ სტრატეგიებსა და ციფრული სასწავლო გარემოს შექმნის გზებს. სწავლების შედეგად მონაწილეები შეძლებენ თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პოტენციალის უკეთ გამოყენებას სასწავლო კურსების შექმნისა და წარმართვის პროცესში. ასევე, უკეთ გაიაზრებენ სხვადასხვა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლს ინოვაციური პედაგოგიკური მიდგომების დანერგვისას. აღსანიშნავია, რომ მონაწილეები გაეცნენ საგანმანათლებლო ვიდეობის შექმნის პედაგოგიკურ და ტექნოლოგიურ ასპექტებს, სასწავლო პროცესში ტელემატიკური რობოტების გამოყენების შესაძლებლობებს, ინტერაქციული საგანმანათლებლო ვიდეოების შექმნის, ჩაწერისა და დამონტაჟების მრავალფეროვან ინსტრუმენტებსა და პროგრამებს. მონაწილეები თავად იყვნენ ჩართულნი პრაქტიკულ სამუშაოებში, შექმნეს და წარმოადგინეს ვიდეოები და პრეზენტაციები სხვადსახვა ტექნოლოგიური ინსტრუმენტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით.