
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ფიზიკის, ლაზერული ტექნოლოგიებისა და ინტელექტუალური გარემოსდაცვითი სისტემების საერთაშორისო კონფერენციას – BS-CAPLES 2026.
2026 წლის 9–11 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
უმასპინძლებს Black Sea International Conference on Advanced Physics, Laser Technologies and Intelligent Environmental Systems (BS-CAPLES 2026)-ს - საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმს, რომელიც თავს მოუყრის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან მეცნიერებს, მკვლევრებს, ახალგაზრდა მეცნიერებსა და დოქტორანტებს.
კონფერენცია ეძღვნება თანამედროვე ფიზიკის, ლაზერული ტექნოლოგიების, პლაზმის ფიზიკის, ფოტონიკის, ოპტიკის, სპექტროსკოპიის, მაღალი ენერგიების ფიზიკის, კვანტური მასალების, გარემოს მონიტორინგისა და ინტელექტუალური გარემოსდაცვითი სისტემების უახლესი მიღწევების განხილვას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფუნდამენტური კვლევების პრაქტიკულ გამოყენებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა გარემოს დაცვა, ენერგეტიკა, ბიოსამედიცინო ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და ციფრული მონიტორინგის სისტემები.
BS-CAPLES 2026 ორგანიზებულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია Interreg NEXT Black Sea Basin Programme, რომლის ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო პროექტებიც წარმოდგენილი იქნება სპეციალურ სესიებზე.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მეცნიერები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, იაპონიიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან. პლენარული მოხსენებებით წარდგებიან საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები, მათ შორის:
- პროფესორი დიმიტრი ბატანი - (ბორდოს უნივერსიტეტი, საფრანგეთი);
- პროფესორი ბორის ჩიჩკოვი - (ჰანოვერის ლაიბნიცის უნივერსიტეტი, გერმანია);
- პროფესორი ევანგელოს ქრისტოფორუ - (ათენის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, საბერძნეთი);
- დოქტორი ხარალამპოს დულგერისი - (ELGO-DIMITRA, საბერძნეთი);
- პროფესორი ბიულენტ ბუიუკი - (ბანდირმა ონიედი ეილიულის უნივერსიტეტი, თურქეთი);
- პროფესორი იუჰირო ივამოტო (ნაგოიას ტექნოლოგიური ინსტიტუტი, იაპონია);
- პროფესორი სერჟ ზელენსკი (კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტი, უკრაინა);
აგრეთვე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.
კონფერენციის სამდღიანი პროგრამა მოიცავს პლენარულ და სექციურ სხდომებს, თემატურ დისკუსიებს, ახალგაზრდა მეცნიერების პრეზენტაციებს, საერთაშორისო თანამშრომლობის შეხვედრებსა და კულტურულ ღონისძიებებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ როგორც ფუნდამენტური სამეცნიერო პრობლემები, ასევე საერთაშორისო კვლევითი პროექტების შედეგები და ახალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის მიზანია, BS-CAPLES ჩამოყალიბდეს შავი ზღვის რეგიონში თანამედროვე ფიზიკისა და დაკავშირებული ინტერდისციპლინური მიმართულებების ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმად, რომელიც ყოველწლიურად გააერთიანებს მეცნიერებს, ინჟინრებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ წარადგინონ გაფართოებული სამეცნიერო ნაშრომები. შერჩეული საუკეთესო მოხსენებების ავტორები მოწვეულნი იქნებიან სრულყოფილი სტატიების მოსამზადებლად. სრული სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადა განისაზღვრა 2026 წლის 30 ოქტომბრით.
წარმოდგენილი ხელნაწერები გაივლიან საერთაშორისო ორმაგ ბრმა (double-blind) რეცენზირების პროცესს, ხოლო დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში გამოქვეყნდება კონფერენციის სპეციალურ გამოცემაში საერთაშორისო აკადემიურ გამომცემლობაში. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო გამომცემლებთან (AIP Conference Proceedings, EasyChair), ხოლო გამოცემის მიზანია მისი Scopus-ისა და Google Scholar-ის ბაზებში ინდექსირება, გამომცემლისა და შესაბამისი ინდექსირების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
კონფერენციის შესახებ სრული ინფორმაცია, რეგისტრაციის პირობები (განთავსდება საგამომცემლო პირობების შესაბამისად 2026 წლის 1 აგვისტოსათვის), მნიშვნელოვანი თარიღები, თემატური მიმართულებები და საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტების შემადგენლობა ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე:
https://bscaples2026.bsu.edu.ge
BS-CAPLES 2026 წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის, შავი ზღვის რეგიონის კვლევითი თანამშრომლობის გაძლიერებისა და თანამედროვე ფიზიკისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ კონფერენცია საფუძველს ჩაუყრის ახალ საერთაშორისო კვლევით პარტნიორობებსა და ერთობლივ სამეცნიერო პროექტებს.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერემცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში ტარდება.
| უკან |
