ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ Interreg Black Sea Basin Programme - ის ფარგლებში დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის (ECOSOLVE4BlackSea) პარტნიორია

სურათი

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, საერთაშორისო პროექტის ECOSOLVE4BlackSea პირველი (kick-off) შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ბსუ-ს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ჰორიზონტ ევროპის საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის კოორდინატორი, ასისტენტ-პროფესორი შოთა როდინაძე და ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი მირანდა ხაჯიშვილი.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტში მონაწილეობს როგორც პარტნიორი ორგანიზაცია (PP4). უნივერსიტეტში პროექტის ხელმძღვანელია ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის უვადო პროფესორი ნუგზარ ღომიძე. პროექტის ფარგლებში ბსუ-ს გუნდი აერთიანებს აკადემიურ პერსონალს, პოსტდოქტორანტებს, დოქტორანტებსა და ადმინისტრაციულ თანამშრომლებს, რომლებიც ჩართული იქნებიან როგორც სამეცნიერო, ისე ტექნიკურ და საორგანიზაციო საქმიანობაში.

ECOSOLVE4BlackSea მიზნად ისახავს შავი ზღვის აუზში ევტროფიკაციისა და მისი უარყოფითი შედეგების შემცირებას ინოვაციური და ტრანსნაციონალური მიდგომების გამოყენებით. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წყლის ხარისხის გაუმჯობესებას, ნუტრიენტული დაბინძურების შემცირებას, გარემოსდაცვითი მონიტორინგის თანამედროვე სისტემების განვითარებას, ცოცხალი ლაბორატორიების შექმნასა და სამეცნიერო, სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

პროექტში ბსუ აქტიურად ჩაერთვება საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის გარემოსდაცვით მონიტორინგში, ევტროფიკაციისა და ანოქსიის პროცესების კვლევასა და შეფასებაში, გარემოსდაცვითი მონაცემების შეგროვებასა და ანალიზში, ცოცხალი ლაბორატორიების საქმიანობაში, ასევე პროექტის შედეგების გავრცელებასა და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობაში.

შეხვედრის ფარგლებში პარტნიორებმა განიხილეს პროექტის განხორციელების გეგმა, სამომავლო აქტივობები, ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხები, ასევე თანამშრომლობის მექანიზმები. შეხვედრამ მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა კონსორციუმის წევრებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისა და პროექტის წარმატებული განხორციელებისთვის.

ECOSOLVE4BlackSea-ის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები ხელს შეუწყობს შავი ზღვის ეკოსისტემების მდგრადობის გაძლიერებას, თანამედროვე გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დანერგვასა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლს რეგიონულ და ევროპულ კვლევით სივრცეში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა