ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი შეიქმნა 2018 წლის სექტემბერში განათლებისა და ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტების გაერთიანების გზით. ახალ სტრუქტურულ ერთეულში გაერთიანებულ მიმართულებებს განვითარების მდიდარი ისტორია აქვს, თუმცა ტექნოლოგიებისა და მეცნიერების განვითარების დინამიურად მზარდი ტემპი ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ცალკეულ მათგანს. ფაკულტეტი საინტერესოა აგრეთვე, დარგთაშორისი კავშირებისა და ინტერ დისციპლინური მიდგომების თვალსაზრისითაც. ერთი მხრივ, ფიზიკის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების თანამედროვე ამოცანები საჭიროებს მჭიდრო თანამშრომლობას, მეორე მხრივ, ფაკულტეტის სტრუქტურა მოქნილია სწავლება-სწავლის პრობლემატიკის შესწავლისთვის როგორც სასკოლო, ასევე საუნივერსიტეტო დონეზე.
ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტზე მოქმედი დარგობრივი დეპარტამენტები ღირსეულად აგრძელებენ იმ მდიდარ სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო ტრადიციებს, რასაც ბსუ-ს დაარსების დღიდან ჩაუყარეს საფუძველი მათემატიკის, ფიზიკის, პედაგოგიკისა და მეთოდიკის მიმართულებით მოღვაწე კადრებმა.
წლების განმავლობაში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი ახორციელებდა ერთსაფეხურიან სწავლებას შემდეგი სპეციალობით: მათემატიკა, ფიზიკა, ფიზიკა, ინფორმატიკა და გამოთვლითი ტექნიკა, საინჟინრო-პედაგოგიური. 1997 წლიდან შეიქმნა აღნიშნული სპეციალობების საბაკალავრო, ხოლო 2001 წლიდან სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.
განათლების ფაკულტეტი წლების განმავლობაში აერთიანებდა შემდეგ სპეციალობებს: დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკათა, დაწყებითი განათლება უცხო ენით, სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკა და ფსიქოლოგია, ფილოსოფია, დაწყებითი სამხედრო მომზადება და ფიზიკური აღზრდა. აღნიშნული ფაკულტეტის შემადგენლობაში სხვადასხვა დროს შედიოდა დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკათა კათედრა, პედაგოგიკა–ფსიქოლოგიის და ფიზიკური აღზრდის დეპარტამენტები, ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი.