ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი

1936 წლის 22 მარტს ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტში შეიქმნა პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრა. კათედრის პირველ გამგედ მოიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი კონსტანტინე ჭკუასელი. კათედრის შემადგენლობაში შედიოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის კათედრის ყოფილი გამგე პროფესორი გიორგი თავზიშვილი და ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (შემდეგში აკადემიკოსი) ანგია ბოჭორიშვილი. ამ პერიოდიდან მოყოლებული, პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრები ერთად მოქმედებდა და მხოლოდ 1990 წელს, ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის უნივერსიტეტად გადაკეთების შემდეგ გაიყო ორ დამოუკიდებელ - პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრებად.

კ. ჭკუასელის შემდეგ, პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ დოცენტები: ანგია ბოჭორიშვილი, ტიტე სარიშვილი, უშანგი ობოლაძე, გიორგი ნიკოლეიშვილი, ვლადიმერ ნორაკიძე და სხვები.

პირველ ეტაპზე კათედრას გარკვეული სირთულეების გადალახვა უხდებოდა ადგილობრივი სპეციალისტების ნაკლებობის გამო, თუმცა მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 1939-1962 წლებში, დოცენტ ვლადიმერ ჭანტურიას ხელმძღვანელობის პერიოდში. ამ წლებში კათედრაზე მოვიდნენ უფროსი მასწავლებლები ნადია ჯანგველაძე, ვარვარა ჩიჩუა-ჭანტურია, დოცენტი აგია ართილაყვა, ილია კეჭაყმაძე, ზინა გოგოლიშვილი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი მარია მიკულინსკაია, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აჭარაში პედაგოგიური კადრების მომზადების საქმეში.

პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრის ისტორიაში მნიშვნელოვან პერიოდად ითვლება 1980 წელი, როცა ქუთაისიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში გადმოვიდა ახალგაზრდა მეცნიერ-ფსიქოლოგი ნოდარ ბარამიძე.

კათედრაზე ქართული პედაგოგიკის ისტორიის კვლევა ტრადიციულად გაგრძელდა დოცენტ გრიგოლ ბაბილოძის ხელმძღვანელობის პერიოდში (1962-1975).

აჭარის განათლების ისტორიის კვლევის საქმეში გარკვეული წვლილი შეიტანა, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ, დოცენტმა ეთერ ცივაძემ, რომელიც კათედრაზე შეთავსებით მუშაობდა.

1975 წლიდან კათედრას ხელმძღვანელობდა საქართველოს პედაგოგიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი ალექსანდრე გობრონიძე. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველოს უმაღლეს სასწავლებელთა შორის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის კათედრა დიდხანს იყო ერთადერთი, სადაც ერთდროულად ხუთი პედაგოგიკის მეცნიერების დოქტორი მოღვაწეობდა (ალექსანდრე გობრონიძე, ოთარ გიორგაძე, იური ბიბილეიშვილი, ნანი გუგუნავა, ციალა მეგრელაძე).

2000 წლის ივნისში პედაგოგიკის კათედრის გამგედ არჩეულ იქნა დოცენტი ლელა თავდგირიძე. ამ პერიოდში კათედრის წევრები იყვნენ: საქართველოს განათლების აკადემიის წევრი, პროფ. იური ბიბილეიშვილი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორები - ნოდარ ბასილაძე, ციალა მეგრელაძე, ნანი გუგუნავა, პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატები მადონა ფალავანდიშვილი და თემურ მჭედლიძე. კათედრაზე 2003 წლამდე საათობრივი ანაზღაურების წესით მუშაობდნენ დოც. მარინე კვაშილავა, მ/კ ზურაბ აბაშიძე, მასწავლებლები ნანული ვაშაკიძე, ნანა ჟღენტი, მზია ქათამაძე, აჭარის დამსახურებული მსახიობი თამილა მეიშვილი. კათედრას ემსახურებოდნენ ლაბორანტები ვენერა სიმონია, ელენე შეროზია, ნათელა სტამბოლიშვილი, თინა ჩიქოვანი, ნინო დოლიძე, დიანა ბასილაძე, ელენე კუკულაძე. საუნივერსიტეტო პედპრაქტიკას კი ხელმძღვანელობდა მეთოდისტი ალექსანდრა საბაშვილი.

კათედრაზე რამდენიმე წელიწადს მოქმედებდა ასპირანტურა, სადაც ახალგაზრდა ასპირანტები და მაძიებლები იმაღლებდნენ ცოდნის დონეს პედაგოგიკის თეორიასა და ისტორიაში. ამ ასპირანტურის კურსი დაასრულეს ნანა მაკარაძემ, დარეჯან გელაძემ, ნანი მამულაძემ, ნინო ლორთქიფანიძემ, ნაირა ზოიძემ, თამილა მწერალიშვილმა, მარინა კონცელიძემ.

1957 წელს შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში შეიქმნა დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობა, რომელიც დაწყებითი სკოლის მასწავლებლებს ამზადებდა. 1960 წლიდან კი სპეციალობის მეცნიერული და მეთოდიკური ხელმძღვანელობისათვის ჩამოყალიბდა დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკათა კათედრა, რომლის ხელმძღვანელი  1965 წლამდე იყო უფროსი მასწავლებელი და მეთოდისტი გიორგი ჩხაიძე.  გიორგი ჩხაიძის შემდეგ, კათედრას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ ისეთი ცნობილი პედაგოგები, როგორებიც იყვნენ დოც. მერი ცინცაძე (1965-1972), დოც. სილოვან დადუნაშვილი (1973-1978), ასლან ხახუტაიშვილი (1980-1992), საქართველოს პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი ოთარ გიორგაძე (1993-2004).

დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკათა კათედრაზე სხვადასხვა დროს მუშაობდნენ სელიმ ნიჟარაძე, გივი კოზმოვი, ილია კეჭაყმაძე, რევაზ ბერაძე, პავლე ნაცვლიშვილი, დავით მამფორია, ზინა გოგოლიშვილი, მიხეილ გოხიძე, ვაჟა აფხაზავა, ალი მსხალაძე, სერგო ვადაჭკორია, დიმიტრი უჩანეიშვილი, ნოდარ ბარამიძე, ლუბა დოლჟენკო, ომარ გვარიშვილი, კომპოზიტორი ალექსანდრე ფარცხალაძე, ლუბა ბიბილეიშვილი, მერი გორდელაძე, ქეთევან დონაძე, ქეთევან ალასანია, ჯემალ გაბაიძე, ნოდარ ბასილაძე, მადონა ფალავანდიშვილი, ლელა თავდგირიძე, შოთა ღოღობერიძე, აკაკი ზოიძე, სულიკო ბერიძე, ნათელა ოსეფაშვილი, ნაზი ლორთქიფანიძე, დოდო ჯოჯუა, გულნარა ნოღაიდელი, მადონა გიორგაძე, ლეილა ხმელიძე, დავით ბერიძე, მარიამ ლორთქიფანიძე, ჯემალ მიქელაძე, ნუნუ ბერიძე, ლია ინაიშვილი, ნატო შეროზია, ნანი გვარიშვილი, ნანა მაკარაძე, ინგა ლორია, რუსუდან ჭილაია, მარინა ნაგერვაძე, თამილა მწერალიშვილი; ლაბორანტები: ნანული ბოლქვაძე, მანანა მაჩალაძე, ლუბა ყალიჩავა, ქეთი თადუმაძე, ხათუნა ოსეფაშვილი, ნაილე ჯორბენაძე.

2004 წელს, უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შედეგად, გაერთიანდა პედაგოგიურ ფაკულტეტში შემავალი დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკათა, პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრები და ჩამოყალიბდა პედაგოგიკა–ფსიქოლოგიის დეპარტამენტი, რომლის პირველი ხელმძღვანელი იყო პროფესორი ნოდარ ბარამიძე. 2006 წელს, ნოდარ ბარამიძის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის თანამდებობაზე გადაყვანის გამო, დეპარტამენტის ხელმძღვანელად აირჩიეს პროფესორი ლელა თავდგირიძე. 2007 წელს კვლავ გაიყო ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის დეპარტამენტები და პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტმა დაიწყო დამოუკიდებლად ფუნქციონირება. 2007-2009 წლებში დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა ასოცირებული პროფესორი ლელა თავდგირიძე, 2009-2010 წლებში - პროფესორი იური ბიბილეიშვილი, 2010-2011 წლებში - ასოცირებული პროფესორი ლია ინაიშვილი, 2011-2013 წლებში - პროფესორი გული შერვაშიძე, 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის აპრილამდე - ასოცირებული პროფესორი მადონა მიქელაძე, 2014 წლის აპრილიდან დღემდე კი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ისევ პროფესორი გული შერვაშიძეა.

დღეისათვის პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტში 11 აკადემიური პერსონალი - 2 პროფესორი, 6 ასოცირებული პროფესორი და 3 ასისტენტ პროფესორი  მუშაობს.

დეპარტამენტში მოქმედებს დაწყებითი განათლების საბაკალავრო, განათლების ადმინისტრირებისა და უმაღლესი განათლების მენეჯმენტის სამაგისტრო, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, მასწავლებლის მომზადების (დამოუკიდებლად და Minor-ის ფარგლებში მოქმედი) საგანმანათლებლო პროგრამები. აგრეთვე, ბაგა-ბაღის აღმზრდელ პედაგოგის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. დეპარტამენტის წევრები აქტიურად ახორციელებენ მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამებსაც.

დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის მეცნიერული კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს ადგილობრივ და საერთაშირისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, პედაგოგიური და მეთოდიკური ნაშრომების გამოქვეყნება ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში.

დეპარტამენტის წევრები აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო საგრანტო პროექტებში.

დეპარტამენტთან წარმატებით მუშაობს სტუდენტთა სამეცნიერო წრე, ფუნქციონირებს სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბი ,,სკოუნი“, რომლის ფარგლებშიც ტარდება ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები. დეპარტამენტი ხელს უწყობს აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას, რაც დადებით ზეგავლენას ახდენს მომავალი თაობის პიროვნულ ზრდასა და აკადემიურ მოსწრებაზე.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა