
მესამე მისიის ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის ორგანიზებით, კლინიკის კოორდინატორის ნარგიზ ცეცხლაძის ხელმძღვანელობით, ბათუმის N16 საჯარო სკოლაში გაიმართა შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, IX, X და XI კლასების მოსწავლეები, ასევე უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების სტუდენტები -იურიდიული კლინიკის სტაჟიორები.
ნარგიზ ცეცხლაძემ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ბავშვთა უფლებებსა და მათთან დაკავშირებულ სიახლეებზე როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობაში.
იურიდიული კლინიკის სტაჟიორებმა - ნიკა ფარტენაძემ და იოსებ შავაძემ, წარმოადგინეს პრეზენტაცია პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით თემაზე: „კიბერდანაშაული, კიბერტერორიზმი და კიბერჰიგიენა“. მათ ხაზი გაუსვეს, რომ თანამედროვე ცხოვრებაში ციფრული ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია და საზოგადოების დამოკიდებულება მათზე სულ უფრო იზრდება. ამასთან ერთად იზრდება ინფორმაციის დაკარგვისა და კიბერშეტევების რისკებიც, რაც კიბერჰიგიენის დაცვას განსაკუთრებით აქტუალურ თემად აქცევს.
სტაჟიორებმა - ანა ხვედელიძემ, ანა ნინიძემ და სანდრო კიკნაძემ წარმოადგინეს პრეზენტაციები პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ. მათ განიხილეს არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების წესები, დაცვის მექანიზმები და აღნიშნულ პროცესში როგორც ბავშვების, ისე მათი მშობლების უფლებები.
შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის ფორმატში, დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ სკოლის მოსწავლეები.
უკან |