
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“ გაიხსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და ჟან მონეს პროგრამის შესახებ ისაუბრეს ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა მარინა გიორგაძემ და ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა, ჟან მონეს მოდულის კოორდინატორმა, პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ.
საზაფხულო სკოლა ტარდება „ერაზმუს+“-ის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს მოდულის „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპეიზაციის“ ფარგლებში, რომელიც იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ხორციელდება 2023 წლიდან. მოდული მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.
ჟან მონეს საზაფხულო სკოლა ბსუ-ში ყოველ წელს ტარდება. 2025 წელს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობს 25 სტუდენტი, ბსუ-დან, ასევე უცხოელი სტუდენტები (დისტანციურად). ხუთდღიანი საზაფხულო სკოლის მიზანია, სტუდენტებს მისცეს საბაზისო ცოდნა ევროკავშირში გაწერიანების პროცესის შესახებ და პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ თემებს, როგორიცაა: ევროკავშირის გაფართოების ისტორია, კოპენჰაგენის კრიტერიუმები (პოლიტიკური კრიტერიუმები), სამართლებრივი და პოლიტიკური რეფორმები, უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ათი ყველაზე გავრცელებული მითი ევროკავშირის შესახებ, რუსული პროპაგანდა ევროინტეგრაციის წინააღმდეგ და სხვა.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოწვეულნი არიან ქართველი და უცხოელი პროფესორები, ასევე წარმომადგენლები ევროკომისიიდან, რომლებიც ჩაატარებენ ლექციებს ევროკავშირის ძირითადი პრინციპების, ღირებულებების, გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესის შესახებ, ასევე სტუდენტებს გაუზიარებენ ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების გამოცდილებას. საზაფხულო სკოლის პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტებს გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატები.
უკან |