ბსუ-ში 2007 წლის 8 ნოემბერის მოვლენებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით 2007 წლის 8 ნოემბერის მოვლენებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა სპეცრაზმის მიერ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების დარბევის ფაქტის გამოძიების დასრულებას, დამნაშავეთა დასჯას და უნივერსიტეტის ავტონომიის დაცვას. შეხვედრაზე შედგა ბსუ-ს დარბევის ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენება, რომლის შემდეგ თვითმხილველებმა გაიხსენეს და დაგმეს თერთმეტი წლის წინ მომხდარი ძალადობის ფაქტები.

2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა საპროტესტო აქციით სოლიდარობა გამოუცხადა 7 ნოემბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს, რომლის შემდეგაც ძალოვანმა სტრუქტურებმა ბსუ-ში ოპერაცია განახორციელეს - სპეცრაზმელები შემოიჭრნენ, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაარბიეს, ხელკეტებით ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას აუდიტორიებში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

ბსუ-ს აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა მომხდარზე და 2008 წლის 4 თებერვალს მიიღო დადგენილება იმუნიტეტის საკითხთან დაკავშირებული საკანონმდებლო კანონპროექტის შესახებ.

2012 წლის 8 ნოემბერს ბსუ-ს აკადემიურმა საბჭომ 2007 წლის 8 ნოემბერს ბსუ–ში განვითარებული მოვლენების შესახებ კიდევ ერთხელ მიიღო დადგენილება (#220):
„ცნობად იქნას მიღებული, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ–მასწავლებლები, აკადემიური საბჭო და ადმინისტრაცია გმობენ 2007 წლის 8 ნოემბერს ბსუ–ში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, სტუდენტებისა და პროფესორ–მასწავლებლების დარბევის ფაქტებს. ამასთანავე უერთდებიან სტუდენტთა და საზოგადოების წარმომადგენელთა მოთხოვნას, გათავისუფლდნენ პოლიტიკური შეხედულებების გამო დაპატიმრებული უნივერსიტეტის სტუდენტები ცოტნე ანანიძე და დიმიტრი ჭეიშვილი“.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რამდენჯერმე  წერილობით მიმართა შესაბამის სამსახურებს  მომხდარის გამოსაძიებლად და დამნაშავეების დასასჯელად.
2012-2014 წლებში დამოუკიდებელი სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივა“-ს ორგანიზებით სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და საზოგადოების წარმომადგენლები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენჯერმე შეიკრიბნენ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განვითარებული მოვლენები გაიხსენეს, სპეცრაზმელების მიერ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების დარბევის ფაქტები დაგმეს და დამნაშავეთა გამოვლენა მოითხოვეს.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა