აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ

სურათი

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA – Drug Enforcement Administration) სპეციალური აგენტი როკო ჰერონი, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის ქვეყნის ატაშე (საქართველო) ჯენიფერ სვიდერი, ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტი მელორ წიფურია და კაპრალ-სპეციალისტი თემურ დადიანი  ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. როკო ჰერონმა ახალგაზრდებს პროექტი „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ წარუდგინა და ნარკოტიკების მოხმარების შემცირების პოლიტიკასთან ერთად მისი გამოყენების უარყოფითი შედეგები გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გამოყენების შემთხვევებზე, მასთან დაკავშირებულ დაავადებებზე, დანგრეულ ოჯახებსა და ძალადობაზე.


კაპრალ-სპეციალისტი, მრავალგზის ჩემპიონი სპორტის სხვადასხვა სახეობაში, გინესის რეკორდსმენი თემურ დადიანი სტუდენტებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ესაუბრა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ თემურ დადიანმა ავღანეთში ნაღმზე აფეთქების დროს ორივე ქვედა კიდური დაკარგა. შემთხვევიდან სამი წლის შემდეგ, თემურმა მსოფლიო რეკორდი აზიდვებში დაამყარა, მან  38.25 წამში 36 ე.წ. „ამპუტირებული აზიდვა“ შეასრულა, რითაც გინესის მიერ დაწესებულ მინიმუმს სამჯერ გადააჭარბა. სპორტსმენმა მოგვიანებით საკუთარი შედეგი გააუმჯობესა.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის პროექტი „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ მიზნად ისახავს ახალგაზრდებისათვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. პროექტი ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა