„პანდემიას ასრულებ შენ!“ – ბსუ-ს სტუდენტები ვაქცინაციის კამპანიაში ერთვებიან

სურათი

“პანდემიას ასრულებ შენ!“ –  ამ დევიზით ვაქცინაციის წამახალისებელ ექვსთვიან საინფორმაციო კამპანიაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მედიცინის მიმართულების  სტუდენტები ერთვებიან. კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდისა და იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციის  (AIVA) მიერ USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს და Covid 19-ის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

 საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში (UNICEF) ღასან ხალილიმ და იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციის (AIVA) წარმომადგენელმა მარიამ ჯაშმა მოაწერეს.

ღონისძიებაზე სტუდენტებს შეხვდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილე ფილიპ კორი, USAID საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ხეჩინაშვილი, პროექტის მთავარი კონსულტანტი, პროფესორი მაია გოთუა და კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

მემორანდუმის ფარგლებში, ექვსი თვის განმავლობაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს რეგიონების ახალგაზრდებს  Covid 19-ის, მისი პოტენციური გართულებების, პრევენციული ზომებისა და ვაქცინაციის შესახებ ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას მიაწვდიან. 

საინფორმაციო კამპანიაში ჩართულია საქართველოს  5 უნივერსიტეტი:  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი და ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ამ მიზნით დაარსდება მედიკოს სტუდენტთა ქსელი - MEDიატორი.

ვაქცინაციის მიმდინარე პროცესისა და ხელმისაწვდომი ვაქცინების შესახებ სტუდენტებს ტრენინგებს ჩაუტარებენ - ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მაია გოთუა, ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია და მეიოს კლინიკის ვაქცინების კვლევის ჯგუფის წევრი, ექიმი თამარ რატიშვილი.

ტრენინგის გავლის შემდეგ სტუდენტური ლიგა ვაქცინების შესახებ განახლებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყებს ადგილობრივ თემებში ინფორმაციის გავრცელებას. სტუდენტები საველე გასვლებს მოაწყობენ მთიანი აჭარის ძნელად მისასვლელ სოფლებში, ასევე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. ვიზიტებისას ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები მიიღებენ უახლოეს სანდო ინფორმაციას კოვიდ-19-ის ვაქცინაციის შესახებ. სტუდენტები ასევე დაეხმარებიან ადგილობრივ მოსახლეობას ვაქცინაციაზე დარეგისტრირებაში და გაავრცელებენ დამატებით ინფორმაციას, მათ შორის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებზე გათვლილ  საინფორმაციო მასალებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა