პროფესორ ონისე სურმანიძის 70 წლის იუბილე

სურათიშოთა რუსთაველის დარბაზში ცნობილი მათემატიკოსის, ქართული მათემატიკური სკოლის ღირსეული წარმომადგენლის, პროფესორ ონისე სურმანიძის 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო შეხვედრა გაიმართა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა მიხეილ მახარაძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა და მეგობრებმა ღვაწლმოსილი მეცნიერის ცხოვრებასა და მიღწევებზე ისაუბრეს. იუბილარს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. საქართველოს მათემატიკოსთა კავშირმა პროფესორი ონისე სურმანიძე ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის სიგელით დააჯილდოვა.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ონისე სურმანიძის მოღვაწეობის წლები ნაყოფიერი სამეცნიერო და აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობის წლებადაა აღიარებული.
ონისე სურმანიძე დაიბადა 1942 წლის 13 იანვარს, ხულოს რაიონის სოფელ რაქვთაში. 1959 წელს ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. წარჩინებულ და მაღალი აკადემიური მომზადების სტუდენტს მინიჭებული ჰქონდა უმაღლესი ხარისხის საუნივერსიტეტო სტიპენდია.
1964 წელს მუშაობა დაიწყო ხულოს რაიონის სოფ. რაქვთის რვაწლიანი სკოლის მათემატიკის მასწავლებლად, 1965 წელს კი - კომკავშირის ხულოს რაიკომის პირველ მდივნად. 1968 წელს სამუშაოდ გადავიდა ა. რაზმაძის სახელობის თბილისის მათემატიკის ინსტიტუტში.
პროფესორ ონისე სურმანიძის სამეცნიერო მუშაობის სფეროს მიეკუთვნება თანამედროვე ალგებრის საინტერესო მიმართულება - ჯგუფთა თეორია. არჩევანის გაკეთებისას დიდი როლი ითამაშა პროფესორმა შოთა ქემხაძემ, რომელიც მას სტუდენტობის წლებში უკითხავდა სპეციალურ კურსებს ჯგუფთა თეორიაში. მათემატიკის ინსტიტუტის ალგებრა-გეომეტრიის განყოფილების ხელმძღვანელის, საქართველოში აბსტრაქტული მათემატიკის ფუძემდებლის აკადემიკოს გიორგი ჭოღოშვილის ზეგავლენით, მისი კვლევების არეალი გაფართოვდა, საინტერესო შინაარსი შეიძინა და ტოპოლოგიურ ალგებრას დაუკავშირდა. ქართული აბსტრაქტული მათემატიკური სკოლის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, 1969 წელს მიავლინა მოსკოვის მათემატიკურ სკოლაში, სადაც ცნობილი რუსი მათემატიკოსის, პროფესორ ლ. კულიკოვის ხელმძღვანელობით გაიარა ასპირანტურის კურსი და დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,სუსტად წრფივად კომპაქტური ტოპოლოგიური აბელის ჯგუფები’’.
დისერტაციის დაცვის შემდეგ ონისე სურმანიძემ აქტიური სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწყო თბილისის მათემატიკის ინსტიტუტში და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის მრავალი ცნობილი სამეცნიერო შრომის ავტორი, კითხულობდა საინტერესო ლექციების კურსებს თანამედროვე ალგებრის აქტუალურ მიმართულებებში.
პროფესორი ონისე სურმანიძე გახლავთ მრავალი მათემატიკური ფორუმის მონაწილე. დიდი წარმატებით მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნისა და უცხოეთის მათემატიკურ სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში.
1989 წლიდან ონისე სურმანიძე იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრაზე, ხოლო 1996 წლიდან შეთავსებით - ბათუმის ახლად დაარსებული უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრაზე. 2006 წელს თავისი მოღვაწეობა მთლიანად დაუკავშირა მშობლიურ ბათუმის უნივერსიტეტს. იგი ნაყოფიერად მუშაობდა მათემატიკის კათედრის, მათემატიკის დეპარტამენტის და უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელად.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა