საქმიანი ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

სურათი23-27 იანვარს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე, საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი გაიოზ ფარცხალაძე, ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ნელი ახვლედიანი, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ჯამბულ სურმანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მიხეილ მჟავანაძე და უმაღლესი საბჭოს საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ქიძინიძე საქმიანი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. დელეგაციის წევრები ქვეყნის ოფიციალურ პირებსა და უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე კოტბუსის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტს, დოქტორ ვალტერ ციმერლისა და ებერსვალდის მდგრადი განვითარების უმაღლესი სასწავლებლის პრეზიდენტს, დოქტორ ვილჰელმ-გუნტერ ვარსონს შეხვდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებებსა და პირობებზე შეთანხმდნენ, ესენია:

• დოქტორანტების და მაგისტრანტების ერთობლივი მომზადება;
• ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება;
• სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების დანერგვა მშენებლობის ტელეკომუნიკაციის, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიის მიმართულებით;
• პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა ურთიერთგაცვლა;
• სპეციალური მოკლევადიანი აკადემიური პროგრამების შემუშავება;
• ერთობლივი კვლევითი პროექტების. კონფერენციების, შეხვედრებისა და სემინარების ორგანიზება;
• გერმანელი პროფესორ-მასწავლებლების მოწვევა;
• ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლება და სტაჟირების გავლა;
• პროექტების ერთობლივი დამუშავება გარემოს დაცვის, ტურიზმისა და საინჟინრო ტექნოლოგიების სფეროებში;
• მოკლევადიანი საზაფხულო სკოლების ორგანიზება გერმანიასა და საქართველოში;
• ერთობლივი საერთაშორისო სემესტრის მომზადება;
• ინფორმაციისა და პუბლიკაციების ურთიერთგაცვლა;
• ბიბლიოთეკის გამოყენება ონლაინ-რეჟიმში;
• ერთობლივი საგანმანათლებლო, კვლევითი და კულტურული ღონისძიებების განხორციელება;
• სამედიცინო ტურიზმის განვითარება;

დელეგაციის წევრები კოტბუსის ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ექსპერიმენტული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მუშაობას გაეცნენ, სადაც რუხი ქვანახშირის დამუშავების ტექნოლოგიების სრულყოფა და ნარჩენების (ორგანული და არაორგანული) გადამუშავების შედეგად ენერგეტიკული რესურსების ეფექტურობის ამაღლება მიმდინარეობს.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჯანმრთელობის მინისტრთან ფილიპ როსლერთან. მედიკოსებმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, თანამშრომლობის ხელშეწყობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. კოტბუსის კარლ თიმის მუნიციპალურ კლინიკაში გამართულ შეხვედრაზე მხარეები გამოცდილების გაზიარებაზე, ქართველი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, სტაჟირებაზე, სტუდენტების გაცვლითი პროგრამის განხორცილებასა და სამედიცინო ტურიზმის განვითარებაზე შეთანხმდნენ. მასპინძლებმა კოლეგებს საჩუქრად გადასცეს სამედიცინო აპარატურა - კოლპოსკოპი, რომელსაც შუახევის საავადმყოფო გამოიყენებს.

შეხვედრა გაიმართა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან ქალბატონ გაბრიელა ფონ ჰაბსბურგთან და კონსულთან დოქტორ კლაუს ჰიპთან, კოტბუსის სამშენებლო კომპანიასა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან და ”ხელოვნების ფაბრიკის” ხელმძღვანელთან, დოქტორ დიტერ ტილთან.

ბათუმში დაგეგმილი საპასუხო ვიზიტისას კოტბუსის ტექნიკური უნივერსიტეტისა და ებერსვალდის მდგრადი განვითარების უმაღლესი სასწავლებლის პრეზიდენტები შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა