პროფესორ ფერიდე აცამბას საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

სურათი

ცნობილ მეცნიერს, აღმოსავლეთმცოდნეს, ბსუ-ს კურსდამთავრებულს, მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ფერიდე აცამბას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა და რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხალვაშმა შოთა რუსთაველის სახელობის მედალი გადასცა. პროფესორმა ფერიდე აცამბამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბსუ-ს განვითარებაში, მას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ხანგრძლივი სამეცნიერო და პედაგოგიური ურთიერთობა აკავშირებს, უწევს მეცნიერულ, მეთოდურ და პროფესიულ დახმარებას. ღვაწლმოსილ პროფესორს გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია და 60-ზე მეტი სამეცნიერო სტატია არაბეთის ქვეყნების სოციალური სტრუქტურის პრობლემებისა და ისლამის რელიგიური ინსტიტუტების ფუნქციონირების საკითხებზე.

პროფესორ ფერიდე აცამბას ხელმძღვანელობით 21-მა ასპირანტმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და დღემდე ხელმძღვანელობს სამეცნიერო ჟურნალ „ვესტნიკ მგუ“-ს (აღმოსავლეთმცოდნეობის სერია).

ფერიდე აცამბა დაიბადა 1922 წლის 28 ივნისს, ბათუმის რაიონის სოფელ მინდაში. იგი 1938-1940 წლებში სწავლობდა ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტში, რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც წარმატებით დაასრულა 1950 წელს.

ფერიდე აცამბა 1956 წლიდან დღემდე მუშაობს მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ინსტიტუტსა და აზიის და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტში, იყო ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი და 1991 წლიდან - პროფესორი. შვიდი წლის განმავლობაში იგი გახლდათ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის კათედრის გამგე, 1990 წლიდან არის აზიისა და აფრიკის ქვეყნების რელიგიების ისტორიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.

ცნობილი მეცნიერი დაჯილდოებულია მედლებით, მინიჭებული აქვს მოსკოვის ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორის წოდება, არის ბათუმის საპატიო მოქალაქე და „მეგობრობის ორდენის“ კავალერი. დიდია მისი წვლილი „ქართველთა და აფხაზთა შორის დროებითი გაუცხოების დაძლევის საქმეში“ (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე).

პროფესორ ფერიდე აცამბას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მრავალი ახალგაზრდა ქართველი და აფხაზი მეცნიერის აღზრდაში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა