ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრაცის (ავსტრია) უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ,,ევროპული სამართალი სამხრეთ კავკასიაში“ (EULISC) გაიხსნა. ერთკვირიან საზაფხულო სკოლაში სამართლის, პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების ქართველი, ავსტრიელი, სომეხი, რუსი, ბელორუსი, აზერბაიჯანელი ბაკალავრები და მაგისტრანტები მონაწილეობენ. საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მიზანია განიხილოს ევროპული კანონის შესაბამისობა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოსთან. სტუდენტებს მოხსენებებს წაუკითხავენ ბათუმის, გრაცის, ერევნისა და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები. ევროპელი და ადგილობრივი ექსპერტები ერთობლივად წარმოადგენენ ევროკავშირის სტრატეგიის ისეთ ასპექტებს რეგიონთან მიმართებაში, როგორიცაა: დემოკრატიის გაძლიერების ხელშეწყობა, მხარდაჭერა კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების საკითხებში და ა.შ. ყურადღება გამახვილდება იმ პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გაცნობაზე, რომელსაც იყენებს ევროკავშირი აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის გატარებისას.
უკან |