ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ემერიტუს-პროფესორი შუშანა ფუტკარაძე - 80

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი  და  ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი 80 წლის იუბილეს ულოცავს ემერიტუს-პროფესორს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ შუშანა ფუტკარაძეს და უსურვებს ჯანის სიმრთელეს, წელთა სიმრავლეს და ნაყოფიერ  სამეცნიერო მოღვაწეობას. ნაყოფიერი და მრავალმხრივ გამორჩეულია ქალბატონ შუშანა ფუტკარაძის სამეცნიერო მოღვაწეობის ინტერესთა სფერო. მკვლევარი ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს  კუთხეების-აჭარის, ტაო-კლარჯეთის, ფოცხოვ-ჩილდირის, ერუშეთის  ისტორიას, ფოლკლორს, ეთნოგრაფიასა და მეტყველებას იკვლევს. 

ქალბატონი შუშანა დაიბადა  1942 წლის 15 თებერვალს, შუახევის რაიონის სოფელ ლომანაურში. 1959-1964 წწ. სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1978 წ. მიენიჭა  ფილოლოგიის კანდიდატის, ხოლო 1999 წ.- ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.  1964 წლიდან მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2002 წლიდან ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელია.

ემერიტუს-პროფესორმა შუშანა ფუტკარაძემ ნიკო მარის მოგზაურობის შემდეგ,  პირველმა მოინახულა ჩვენი ძირძველი კუთხე-ტაო-კლარჯეთი, ჩაიწერა თემატურად მრავალფეროვანი დიალექტოლოგიურ-ფოლკლორული თუ ეთნოგრაფიული მასალა.  ცალკე  დიალექტურ ერთეულებად გამოყო იმერხეული, ტაოური, ნიგალური და ზედა მაჭახლური. აღნიშნულ საკითხს  ეხება სამეცნიერო წრეებში აღიარებული  მისი   მონოგრაფია  - „ჩვენებურების ქართული“, I-II  ტომი, რომელიც თავისი აქტუალობით სამაგიდო წიგნებადაა ქცეული. დიახ, ქალბატონი შუშანას ტკბილქართულმა გაუთბო გული საზღვრის მიღმა დარჩენილებს, ქართული სიტყვის ლაზათს ნატრულებს და არც ისაა შემთხვევითი, რომ „ჩვენი თამარა დოდოფალიო“, ასე ესიყვარულებიან მას.

ყოველივე ამასთან ერთად, ქალბატონი შუშანა თურქეთში არსებული ქართული  კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარიცაა.  სწორედ მისი ხელმძღვანელობით შესწავლილია სტამბოლის ქართული სავანის ბიბლიოთეკა და არქივი. ამ კვლევის  შედეგები ასახულია მისი თანაავტორობით გამოცემულ მონოგრაფიაში „ წერილები სტამბულის ქართული  სავანიდან“, I-II ტომი. აღნიშნული სავანის კვლევას ეხება ასევე მისი მონოგრაფია „სტამბოლის ქართული სავანე“, რომელიც  ქართულ და თურქულ ენებზეა გამოცემული („Istanbul gürcü ocagı“).

სწორედ, სტამბოლის ქართულ  სავანეში  ჩატარებული კვლევების შედეგად წარმოაჩინა არაერთი ისტორიული პიროვნების ვინაობა. კერძოდ, შავშეთელი მოღვაწე, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის  აღმშენებელი გიორგი ჯვარელი,  შავშეთელი პოეტი, შოთა რუსთაველის თანამედროვე იოანე შავთელი,  მართა იერუსალიმელი,  წმ. თევდორე აჭარელი, ახმედ და აბას ათაბაგები.  ეს არის მცირე ჩამონათვალი მისი დიდი სამეცნიერო საქმიანობისა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა