
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ორგანიზებით სტამბოლის ქართულ სავანესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება გახსნა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა. აუდიტორიას სიტყვით მიმართეს: ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ, ინსტიტუტის მკვლევრებმა - ელზა ფუტკარაძემ და ნაილა ჩელებაძემ, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ, საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. ხაზი გაესვა მკვლევარ შუშანა ფუტკარაძის განსაკუთრებულ წვლილს სტამბოლის ქართულ სავანეში არსებული არქივის შესწავლის საქმეში.
სტამბოლის ქართული კათოლიკური მონასტერი, რომელიც 1861 წელს დაარსდა, თავისი არქივით, ბიბლიოთეკით, უნიკალური ბიბლიოგრაფიული ერთეულებით საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო კერათაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მიერ გამოცემული კრებული „წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან“ (სამ ნაწილად). კრებულის ავტორები არიან - შუშანა ფუტკარაძე, ელზა ფუტკარაძე და როინ მალაყმაძე. ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ მანამდე უცნობი ისტორიული დოკუმენტები სწორედ ამ კრებულიდან გაიცნო.
სტამბოლის ქართულ სავანეში კვლევებს ატარებდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებიც. ღონისძიებაზე ამ კვლევების შესახებ ანგარიშიც იყო წარმოდგენილი.
უკან |