11-18 ივნისს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ნინო მხეიძე, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო კიკნაძე და ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნანი გვარიშვილი იმყოფებოდნენ სამეცნიერო-კვლევით ექსპედიციაში. საბაკალავრო, სამაგისტრო და საკონფერენციო თემების კვლევითი ნაწილის შესრულების მიზნით, ექსპედიციაში ჩართული იყვნენ აგრეთვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ეკოლოგიის სპეციალობის ბაკალავრები და მაგისტრები.
პრაქტიკული მეცადინეობის ფორმატში ექსპედიციის ხელმძღვანელებმა სტუდენტებს ადგილზე გააცნეს ადგილმდებარეობების თავისებურებანი, როგორც ბუნებრივი საფრთხეები, ასევე არასწორი ურბანული განვითარების და ტექნოკრატიული ჩარევების შედეგები. შერჩეულ ლოკაციებზე მოხდა წყლის, ნიადაგის, მცენარის ნიმუშების აღება, რომელთა დამუშავება და ქიმიურ-ეკოლოგიური კვლევა განხორციელდება ინსტიტუტის ანალიზური ქიმიის, მიკრობიოლოგიის და პლაზმურ ატომურ-ემისიური სპექტრომეტრიის ლაბორატორიებში. ასევე აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამუშაო გეგმის შესაბამისად, გათვალისწინებული იყო სასმელი და ბუნებრივი (ზედაპირული და მიწისქვეშა) წყლების ნიმუშების აღება-შეგროვება, მათი შემდგომი კვლევისთვის. ექსპრესს მეთოდების და საველე ხელსაწყოების (წყლის მულტიპარამეტრული კონდუქტომეტრი და pH -მეტრი, ნიადაგის ტენიანობისა და pH-ის მზომი პორტატული ხელსაწყო) გამოყენებით განისაზღვრა in situ პირობებში pH-ის, ტემპერატურის, წნევის, ტენიანობის, მშრალი ნაშთის, ელექტროგამტარობის პარამეტრები, დადგინდა აღებული წყლების სუნის, შეფერილობის, სიმღვრივის მაჩვენებლები.
ლაბორატორიული კვლევისათვის აღებული იქნა სინჯები: ისპანის პერკოლაციური ჭაობი (ხავსი, ნიადაგი); პალიასტომის ტბა (წყალი, ნიადაგი); მდ. ტყიბულას და მდ. აბაშას წყლები; ბალდის კანიონი (კაღუს ჩანჩქერი, მდ. აბაშა); ნოქალაქევი (თერმული გოგირდოვანი წყლები, მდ. ტეხურა); საირმე (მდ. წაბლარა, თერმული წყლები, ნიადაგი); შაორის და ტყიბულის წყალსაცავები (წყალი და ნიადაგი); ზეკარის უღელტეხილი (მცენარე); აბასთუმანი (თერმული გოგირდოვანი წყლები, მდ. ოცხე, ნიადაგი, მცენარე); გოდერძის უღელტეხილი (მწვანე ტბის წყალი, ნიადაგი, მცენარე). ანალიზის შედეგები წარმოდგენილი იქნება ამტი-ს სამეცნიერო ანგარიშში, ასევე სტუდენტთა საკონფერენციო, საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომებში, მომზადდება სამეცნიერო ნაშრომი.
სამეცნიერო-კვლევით ექსპედიციის მარშრუტი: ბათუმი - ქობულეთი (ისპანის ჭაობი) - ფოთი (პალიასტომის ტბა, მდ. ფიჩორა) - მარტვილი (ოკაცეს, მარტვილისა და ბალდის კანიონები) -ნოქალაქევი - რაჭა (ტყიბულის და შაორის წყალსაცავები) - წყალტუბო - ქუთაისი (სათაფლიის აღკვეთილი, ბოტანიკური ბაღი) - საირმე (ზეკარის უღელტეხილი) - აბასთუმანი - გოდერძის უღელტეხილი (მწვანე ტბა) - ხულო (ალპური პარკი) - ბათუმი.
უკან |