ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებმა 28-29-30 ივლისს აჭარა-გურიის ზოგიერთ მიწისქვეშა წყალზე გასვლითი საველე-სამეცნიერო ექსპედიცია განახორციელეს. ექსპედიციის მიზანი იყო ლაბორატორიული კვლევებისათვის (ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური) ნიმუშების აღება; ინსტიტუტის თემატიკიდან გამომდინარე ამოცანის შესაბამისი აქტივობის განხორციელება; შერჩეულ ლოკაციებზე GPS-მონაცემების შეგროვება და მიმდებარე ტერიტორიების ფონური შესწავლა.
ექსპედიცია განხორციელდა აჭარის და გურიის შემდეგ ლოკაციებზე: მახინჯაურის, ქობულეთის (აჭარის რეგიონი) მიწისქვეშა თერმული წყლები; ძიმითის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) მიწისქვეშა თერმული წყალი; ხაჯალიას (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) მიწისქვეშა წყალი. ექსპედიციაში მონაწილეობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები: ნინო კიკნაძე, ნარგიზ მეგრელიძე, რუსლან დავითაძე; ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - ნანი გვარიშვილი; ბიოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი - გოგიტა შაინიძე. ექსპედიციაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ფარმაციის სპეციალობის IV კურსის სტუდენტი - ლინდა ცინცაძე და ბიოლოგიის სპეციალობის II კურსის მაგისტრანტი - თამთა აბულაძე.
ექსპედიციის მიმდინარეობის პერიოდში საველე პირობებში ჩატარდა შემდეგი აქტივობები:
-მიწისქვეშა წყლებში პორტატული მულტიმეტრის მეშვეობით pH-ის, ელექტროგამტარობის, მშრალი ნაშთის და ტემპერატურის განსაზღვრა;
-შერჩეულ ლოკაციებზე უშუალოდ დაკვირვებების ჩატარების პროცესში ჰაერის ატმოსფერული წნევის განსაზღვრა;
-წყლის ნიმუშების აღება ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევებისთვის;
-წყლის ნიმუშების აღება მათი თანმხლები აირების შემადგენლობის განსაზღვრისთვის აირ-თხევადი ქრომატოგრაფიის მეთოდით;
-წყლების აღების პარალელურად, დამატებით ხდებოდა ნიადაგის ნიმუშების აღება, მათი ქიმიური შემადგენლობის და ნაყოფიერების მაჩვენებლების დადგენის მიზნით;
-საკვლევი ლოკაციების მიმდებარე ლანდშაფტების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების მიზნით, ჩატარდა რეკოგნოსცირებული სამუშაოები, მოხდა ფონური მდგომარეობის კვლევა. შეფასდა ლანდშაფტების ანთროპოგენული ტრანსფორმაციის ხარისხი;
- მცენარეულობის შესწავლის მიზნით განხორციელდა ცენოტიპების იდენტიფიკაცია, სტრუქტურული თავისებურებების კვლევა. საინტერესო ობიექტები დაფიქსირდა ფოტოსურათების სახით.
აჭარა-გურიის ზოგიერთი მიწისქვეშა წყლის საველე კვლევის ფარგლებში რუკის შედგენის მიზნით, ზუსტი კოორდინატებისა და ზღვის დონიდან სიმაღლის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა მაღალი სიზუსტის GNSS GPS მოწყობილობა (STONEX S900A). ველზე აღებული კოორდინატებით შედგენილია შერჩეული მიწისქვეშა წყლების 1:300.000 მასშტაბის რუკა, რომელზეც წყლების ადგილმდებარეობასთან ერთად, დატანილია ჰიდროგრაფიული ქსელი და საველე კვლევის დროს განვლილი მარშრუტი.
რუკა შედგენილია გეოინფორმაციული სისტემების პროგრამული უზრუნველყოფა ArcGIS-ის გამოყენებით, რაც პირველად განხორციელდა აღნიშნული ექსპედიციის საველე კვლევების ფარგლებში.
წყლების ლაბორატორიული კვლევების შემდეგ, რუკაზე განახლდება ინფორმაცია და ადგილმდებარეობასთან ერთად, შესაძლებელი გახდება მიწისქვეშა წყლების ქიმიური და ფარმაკოლოგიური მაჩვენებლების დატანაც. შესწავლილი იქნება თერმული წყლების ლოკაციების მიმდებარე ლანდშაფტების თანამედროვე მოზაიკა, ტიპოლოგიური ერთეულები, ეკოლოგიური საკითხები და კონსერვაციული ასპექტები. ლაბორატორიული კვლევების შემდეგ, ArcGIS-ის გამოყენებით შეიქმნება მიწისქვეშა წყლების მონაცემთა ბაზა (GDB), რაც გაადვილებს აღნიშნული ინფორმაციის გაზიარებას დაინტერესებული პირებისთვის.
უკან |