ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების კვლევითი ინსტიტუტის მემბრანების სინთეზის ლაბორატორია პოლიმერული მემბრანების მიღებისა (MEMCAST™) და მემბრანების ფორების განმსაზღვრელი (POROLUX™) აპარატურით აღიჭურვა. ფორების განმსაზღვრელი აპარატის შემმუშავებელმა და პროგრამის ავტორმა, ბელგიური ფირმა „პორომეტერის“ დირექტორმა დანი პატინიმ და ფირმა „ბენელიუქს საიანტიფიკ“-ის სპეციალისტმა ნატალია პოლტავსკამ მკვლევრებს აპარატურით მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.
პოლიმერული მემბრანების ფირის დასაფენი ავტომატური მოწყობილობა MEMCAST -ის მეშვეობით მიიღება პოლიმერული მემბრანები ე.წ ფაზური ინვერსიის მეთოდით. ხელსაწყო ავტომატიზირებულია, შესაძლებელია დარეგულირდეს მემბრანის სისქე, დაფენის სიჩქარე და ა.შ.
კაპილარული ფორომეტრი Porolux™500 წარმოადგენს ფოროვანი მასალების (მემბრანების, ფილტრების, ტექსტილის, უქსოვადი მასალების, დაპრესილი ფხვნილების) კვლევის გაფართოებულ საშუალებას. ხელსაწყო არის უნიკალური, მაღალტექნოლოგიური გამოგონება, ეფუძნება ფორომეტრიის დარგში მიღწევებს და წარმოადგენს ფორების ზომების გამნსაზღვრელ მოწინავე ინსტრუმენტს.
საკვლევ მასალაში „გამჭოლი“ ფორების ზომის განსაზღვრა ხდება აირდინამიკური მეთოდით: მისი საფეხურებრივად მზარდი წნევით სკანირებით და ფორიდან მატესტირებელი სითხის გამოძევებით (АСТМ F-316 სტანდარტი).
ხელსაწყოს საშუალებით განისაზღვრება მემბრანის შემდეგი მახასიათებლები: მინიმალური ფორის და მაქსიმალური ფორის დიამეტრი, აირგამტარობა, ე. წ. პირველი ბუშტუკის წერტილი FBP, ჰიდრავლიკური ნაკადი.
აპარატი აღჭურვილია სენსორული ეკრანით, რომელზეც აისახება ექსპერიმენტის სტატუსი, მიმდინარე მონაცემები და გაზომვის პროცესი. ხელსაწყო უზრუნველყოფილია კომპიუტერული პროგრამით LabView.
უკან |