გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი: „განახლდა პროგრამები, სილაბუსები, ლიტერატურა“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 2022 სასწავლო წლისთვის კონკურსის საფუძველზე დაკომპლექტდა. 25-წლიანი გამოცდილების იუბილარი ფაკულტეტი, აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციული რესურსის ჩართულობით, მრავალ გამოწვევას წარმატებით უმკლავდება.

ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნათია წიკლაშვილი გასული სასწავლო წლის გამოწვევებისა და მიმდინარე სიახლეების შესახებ საუბრობს:

_ მიმდინარე სასწავლო წელს ყველაზე სასურველი სიახლე, პანდემიური იძულებითი ონლაინ სწავლების შემდეგ, სასწავლო პროცესის სრულად აუდიტორიებში დაწყებაა,  რასაც განსაკუთრებით მაღალ დონეზე აჰყავს სწავლა სწავლების ხარისხობრივი მაჩვენებელი. შესაბამისად,  განახლდა პროგრამები, სილაბუსები,  ლიტერატურა, ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია. მიმდინარე წელს ეკონომიკის მიმართულების მაგისტრანტები სწავლას დაიწყებენ ახლად აკრედიტებული პროგრამით.

 2022  წელი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისთვის საიუბილეოა. ჩვენ 25-წლიან ისტორიას ვითვლით.  საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია _ „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება“. კონფერენციის პარტნიორები არიან ქართული და უცხოური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. იუბილის ფარგლებში ტარდება საჯარო ლექციების ციკლი, ვორკშოპი, კურსდამთავრებულებთან და დამსაქმებლებთან შეხვედრები და სხვა სტუდენტური აქტივობები.

_ ქალბატონო ნათია, ჩარიცხულ პირველკურსელთა სტატისტიკის შესახებ რას გვეტყვით?

_ წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი საამაყო შედეგებით არის წარმოდგენილი. კონკურსის საფუძველზე სრულად შეივსო გამოცხადებული ვაკანტური ადგილები. ფაკულტეტზე ჩაირიცხა 245 პირველკურსელი, ამათგან  3 სტუდენტი 70%-იანი  გრანტის მფლობელია, 9 სტუდენტმა კი 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.

_  გასულ სასწავლო წელს, ფაკულტეტს რა გამოწვევებისთვის მოუწია გამკლავება?

_ გასული სასწავლო წელი, ისევე როგორც უმეტესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოში, გადიოდა ერთგვარად რთულ გზას. ეს უკავშირდებოდა დისტანციური სასწავლო რეჟიმიდან ჰიბრიდულ და ნაწილობრივ დასწრებულ რეჟიმში გადმოსვლას, რაც თავის მხრივ მოითხოვდა ადმინისტრაციული და აკადემიური რესურსის ოპტიმალურ გამოყენებას. მიუხედავად არსებული გამოწვევისა, მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა, დამხმარე ადმინისტრაციული რესურსების სრული ჩართულობით და აკადემიური პერსონალის მაღალი პასუხისმგებლობით, წარმატებულად გაართვა თავი ამ გამოწვევას. 

_ რას უსურვებს სასწავლო წლის დასაწყისში ფაკულტეტის დეკანი სტუდენტებს?

_ სტუდენტებს და განსაკუთრებით პირველკურსელებს ვულოცავ დასახული მიზნის მიღწევას და სტუდენტის სტატუსის ღირსეულ მოპოვებას. ვუსურვებ  უამრავ წარმატებას პროფესიულ ასპარეზზე, საინტერესო და ნაყოფიერი სტუდენტური წლების გატარებას. რაც მთავარია, მადლობა   გამოცხადებული ნდობისათვის, ჩვენ თქვენ სამსახურში  ვართ!

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა