გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

დასაქმების ფორუმი _ 2023

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  უმაღლესი საფეხურის სტუდენტთა, პროფესიული პროგრამების სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ფორუმი გაიმართა. 40-მდე დამსაქმებელმა კომპანიამ დაინტერესებული აუდიტორიის წინაშე 1000-მდე ვაკანტური ადგილი წარადგინა.

ღონისძიების ორგანიზატორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი გახლდათ. სამსახურის ხელმძღვანელის, ლევან ტარიელაძის თქმით, ფორუმი საკმაოდ მასშტაბური გამოვიდა:

ცხადია, უფრო მასშტაბური ფორუმი მეტი შესაძლებლობისა და არჩევანის მიცემას ნიშნავს ჩვენი კურსდამთავრებულებისა და სტუდენტებისათვის. ახლაც და სამომავლოდაც, ჩვენი პრიორიტეტი არის და იქნება, ფორუმზე წარმოდგენილი ვაკანსიების აბსოლუტური უმრავლესობა უნივერსიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებთან შესაბამისობაში მოვაქციოთ“.

ფორუმზე თქვენ საინტერესო კვლევა წარადგინეთ, სადაც სტუდენტის დასაქმებასთან დაკავშირებით არაერთი საკითხი გამოიკვეთა. უფრო დეტალურად რომ გვესაუბროთ კვლევის მნიშვნელოვან ნაწილზე...

_ ჩვენ პერიოდულად ვატარებთ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა გამოკითხვას, რაც გვაძლევს საშუალებას გავიგოთ დასაქმების პროცესში მათ წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ, რის შემდგომაც ვცდილობთ დავეხმაროთ გამოწვევების დაძლევაში. გამოკითხვამ აჩვენა, რომ სტუდენტების მთავარი გამოწვევა დასაქმების პროცესში, სასწავლო პროცესთან შეთავსება და ნახევარგანაკვეთიანი სამუშაოების ნაკლებობაა. დამსაქმებლებთან შეხვედრაზე ჩვენ სწორედ ამ საკითხებზე ვაკეთებთ აქცენტს და ვთხოვთ მათ, შექმნან ისეთი ვაკანსიები, რომელებიც სტუდენტებს არ შეუშლით ხელს განათლების მიღებაში, ვინაიდან სტუდენტის ძირითადი საქმიანობა არის სწავლა. გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ სტუდენტთა დიდ ნაწილს აქვს შესაძლებლობა დასაქმდეს მაღალანაზღაურებად სამუშაოებზე, რაც ვფიქრობ, დამსაქმებლებს შორის მაღალი კონკურენციით არის განპირობებული.

_ სამომავლოდ, კურსდამთავრებულთა დასაქმების კუთხით, ბსუ- კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი რას გეგმავს?

_ ყველა ღონისძიებას კარიერული განვითარების ხელშეწყობის კუთხით ვახორციელებთ, მათ შორის დასაქმების ფორუმს და კარიერული განვითარების უნარ-ჩვევებზე ორიენტირებულ ტრენინგებს. ხშირად ვატარებთ ცნობილი სპიკერების ლექცია-მასტერ კლასებს, დამსაქმებლებთან შეხვედრებს თუ სხვა აქტივობას, რომელიც განკუთვნილია როგორც სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის. სამომავლოდ გვინდა უფრო მეტ კურსდამთავრებულთან გვქონდეს პირადი კომუნიკაცია და მეტი კურსდამთავრებული ჩაერთოს ჩვენს ღონისძიებებში. დაგეგმილი გვაქვს კურსდამთავრებულთა კლუბის შექმნა, რომელიც პერიოდულად უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა შეკრებას და მათთვის სხვადასხვა აქტივობების შეთავაზებას. ვაპირებთ, რომ დამსაქმებლებს სპეციალობების მიხედვით შევხვდეთ.

ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორღჯალო“ 40 კომპანიათაგან ერთ-ერთია, რომელიც დასაქმების ფორუმზე იყო წარმომადგენელი: „ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, აქტიურად დავიწყეთ კადრების ძიება, კონკრეტულად ექსკურსიამძღოლის პოზიციაზე. მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმში ვაკანტური სამუშაო ადგილების რაოდენობა არც თუ ისე ბევრი გვაქვს, მაინც გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვეღო ბათუმის შოთა სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია კვალიფიციური კადრების მოზიდვა.

აღნიშნული ფორუმი საუკეთესო საშუალებაა ერთ სივრცესა და დროის მცირე მონაკვეთში დამსაქმებელთა და სამუშაოს მაძიებელთა დასაკავშირებლად. ამასთანავე, ფორუმმა საშუალება მოგვცა გაგვეზარდა ბრენდის ცნობადობა და დავკავშირებოდით რეგიონში არსებულ განთავსების ობიექტებისა თუ ტურისტული დანიშნულების ადგილების წარმომადგენლებს სამომავლო თანამშრომლობისთვის.  

ვფიქრობ, ფორუმი შედგა, იქედან გამომდინარე, რომ უკვე გვაქვს სტუდენტების ბაზა, რომელთაც ეტაპობრივად ვუკავშირდებით და გავდივართ მათთან გასაუბრებას. მინდა აღვნიშნო, რომ გვაქვს სტუდენტებზე მოქნილი გრაფიკი და მუდმივად ვზრუნავთ  მათთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაზე. 

სამომავლოდ ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალო“ მზადაა განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა სტუდენტთა კარიერული განვითარების დეპარტამენტთან და ხელი შეუწყოს სტუდენტთა დასაქმებას“, _ აღნიშნავს გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტთან“ საუბრის დროს ეთნოგრაფიულ მუზეუმ „ბორჯღალოს“ PR მენეჯერი თამთა თურმანიძე.

„ზოგადად, დასაქმების ფორუმი და მისი არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაოს მაძიებლებისთვის დღევანდელ პირობებში, რადგან მსგავსი ფორუმები ამარტივებს სასურველი სამუშაოს პოვნას. ამით ადამიანებს საშუალება ეძლევათ ნახონ, გაეცნონ და თავად შეარჩიონ მათთვის საინტერესო ვაკანსიები და ამომწურავად გამართონ პირდაპირი ინტერვიუები დამსაქმებლებთან. ყოველივე ეს უფრო მეტად უწყობს ხელს ეფექტური კომუნიკაცია მოახდინონ ერთმანეთში როგორც დასაქმებულებმა, ასევე დამსაქმებლებმა. რაც შეეხება ჩვენს კომპანიას, მისი ჩართულობა მუდმივი პროცესია მსგავს ფორუმებში და არაერთი ადამიანისთვის გამხდარა შესაძლებლობა ყოფილიყო ჩვენი გუნდის წევრი. ეს კი ზრდის სამსახურის შოვნის პროცესისდამი მეტ გამჭირვალობას და ობიექტურობას.

სამომავლოდ კარგი იქნება თუ მეტი ადამიანი, განსაკუთრებით დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ინფორმირდებიან უნივერსიტეტის მხრიდან სხვადასხვა საშუალებით ფორუმების ჩატარების შესახებ, რათა თავად მოვიდნენ, გაეცნონ რა სახით ტარდება ფორუმი, რა უნდა გაითვალისწინონ სამომავლოდ, რა სახის ვაკანსიები დახვდებათ და ზოგადად სად იპოვონ მათთვის სასურველი სამსახური“, _ ამბობს ანნა ჯიოშვილი, სამშენებლო დეველოპელური კომპანია „ელთ ბინდინგის“ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი.

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ მადლობას უხდის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს ღონისძიების ორგანიზებისთვის. „მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები მისასალმებელია და ყოველთვის სიამოვნებით ჩაერთვება ჩვენი კომპანია. მნიშვნელოვანია დასაქმების მსურველებს უშუალო შემხებლობა ჰქონდეთ კომპანიის წარმომადგენლებთან და მიიღონ ინფორმაცია რეგიონში არსებულ ვაკანტურ პოზიციებთან. დასაქმების ფორუმი კი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს გაეცნონ შრომის ბაზარს, მიიღონ ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის, დასაქმებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობების, ბენეფიტების შესახებ, რასაც კომპანია სთავაზობს მის დასაქმებულს.

მოცემულ ფორუმზე, კომპანიის წარმომადგენლებს გვაქვს შესაძლებლობა სამუშაოს მაძიებელ სტუდენტებს გავუზიაროთ ინფორმაცია, სხვადასხვა პოზიციაზე არსებულ ვაკანსიაზე თუ რა ცოდნასა და უნარებზე გვაქვს აქცენტი  დამსაქმებელ კომპანიებს.

ასევე, ადგილზე გავიცნოთ სამსახურის მაძიებელი სტუდენტები და მათი უნარებისა და ცოდნის შესაბამისად შევთავაზოთ შესაბამისი ვაკანტური პოზიციები. ამავდროულად, დამატებითი გამოცდილების მიღების მიზნით შევთავაზოთ სხვადასხვა სტაჟირების პროგრამა.

ვისურვებდით წელიწადში ორჯერ მაინც მსგავსი ფორუმის განხორციელებას, რათა მუდმივად გვქონდეს სამუშაოს მაძიებელ სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან სკოლაში არსებული ვაკანსიების შეთავაზების და მათი პირადად გაცნობის შესაძლებლობა“.

თავის მხრივ, დასაქმების ფორუმის უპირატესობაზე საუბრობენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც. მათი თქმით, უმაღლესი სასწავლებელი კურსდამთავრებულებისადმი მზრუნველობას გამოხატავს.

„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს ,,სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ფორუმის“ გამართვისთვის. დასაქმების ფორუმმა მოგვცა შესაძლებლობა ერთ სივრცეში მიგვეღო სხვადასხვა კომპანიებისგან ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, ასევე გვქონდა გასაუბრების საშუალება. მსგავსი ღონისძიებები ეხმარება ახალგაზრდებს გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით. ფორუმზე წარმოდგენილი იყო როგორც საზაფხულო, ისე გრძელვადიანი სამუშაოები არაერთ პოზიციაზე, მათ შორის სტუდენტზე მორგებული სამსახური. მნიშვნელოვანია სტუდენტები ვმუშაობდეთ და საფუძველი ჩავუყაროთ მიზნებს, რომელთა მიღწევასაც სამომავლოდ ვაპირებთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართული დასაქმების ბაზარის კვლევებში, რათა სამომავლოდ გათვალისწინებული იყოს ყველა სტუდენტის ინტერესი. გასულ კვირას, ბსუ-ში ალექსანდრე ჯეჯელავას საჯარო ლექცია მოვისმინეთ სადაც საინტერესო ფრაზა გაჟღედა, რომ 21-ე საუკუნის ადამიანს ბევრი პროფესია აქვს და იგი მხოლოდ ერთი, კონკრეტული საქმიანობით არ არის დაკავებული. აქედან გამომდინარე დასაქმება სხვადასხვა სფეროში უნარების განვითარებაში გვეხმარება, რაც  ვფიქრობ, რომ მომავალში  წარმატების წინაპირობაა“, _ ამბობს შალვა შალიკაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი.

თამუნა დოლიძე ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტია. ამბობს, რომ დასაქმების ფორუმმა სტუდენტების იმედი კიდევ უფრო გაამყარა, რომ უნივერსიტეტი მათზე ზრუნავს. თამუნამ ბევრი საინტერესო შემოთავაზებაც მიიღო, თუმცა ამჯერად შემომთავაზებლებს ვერ დათანხმდა: „ძალები მოვსინჯე, შემოთავაზებებიც მივიღე, ერზამუს+-ს პროგრამით ზაფხულში საზღვარგარეთ მივდივარ. სამწუხაროდ, მუშაობისთვის დრო არ მრჩება. სტუდენტებისთვის არაერთი პოზიცია იყო მისაღები, არც ანაზღაურებაა დაბალი, მით უფრო, როცა ზრდის პერსპექტივას გთავაზობენ. მიხარია, რომ უნივერსიტეტი ჩვენზე ზრუნავს და ამისთვის მადლობას ვუხდი მას“.

Georgian-American International School Progress • Kutaisi კარიერა • Jobs Wendy's & Dunkin'ეთნოგრაფიული მუზეუმი ბორჯღალოTBCzoommer•ზუმერიModusმოდუსიBillio- ბილიონიRent AutoAgrohub - აგროჰაბიzoommer • ზუმერიGameRoom • გეიმრუმიLe Méridien BatumiToyota Center Batumi / ტოიოტა ცენტრი ბათუმიAlliance GroupშეკვეთილიLiberty • ლიბერთიDunkin'დეილი სუპერმარკეტი - Daily SupermarketORBI GROUP AlmatyWendy's BatumiLixin Group - Wonderful GeorgiaElt BuildingTegeta • თეგეტაHilton Hotels & Resortsგორგია - GorgiaმოდუსიEuphoria Hotel BatumiSheraton Hotels & Resorts Dressup.ge ლაზიკა კაპიტალი - Lazika CapitalBermeli • ბერმელიMcDonald'sAgrohub • აგროჰაბი, _ ეს ის კომპანიებია, რომელთაც ვაკანსიები ფორუმზე წარადგინეს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა