გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„ვარსკვლავთბიჭუნა“ - გამარჯვებული ფოტოკონკურსში

სურათი

ნინო კაკაბაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ტურიზმის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. აქტიური სტუდენტის წარმატების მორიგი სერია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ფოტოკონკურსში გამარჯვებაა. „ვარსკვლავთბიჭუნაპატარა ბიჭია, რომელსაც ცხოველები უყვარს. კადრი ნინომ შემთხვევით გადაიღო, ფართო საზოგადოებას გააცნო და მასაც კიდევ ერთი წარმატება მოუტანა.

_ როგორც სტუდენტს, სხვადასხვა სფეროსა და ინტერესის აღმოჩენის მიზნით, საკმაოდ ბევრ პროგრამაში მიმიღია მონაწილეობა. ამათგან ყველაზე გამორჩეული ალბათ გასულ წელს ჩატარებული ღონისძიება იყო, რომელიც საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ურთიერთობის საპატივცემულოდ ჩატარდა. გვესწრებოდა იაპონიის ელჩი მისი დელეგაციით. ღონისძიებას ჩემს მეგობარ ელენე კურტანიძესთან ერთად ვუძღვებოდი. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსი, რომელშიც ასევე ელენესთან ერთად ვმონაწილეობდი, არის სტუდენტური პროექტები, რომლის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის _ „100 წერილი ბსუ“-ს ავტორები ვართ. ვგეგმავთ, წერილები წლის ბოლომდე ცალკე წიგნადაც გამოვცეთ. ვფიქრობთ, რომ წიგნმა უნდა მოიცვას ბსუ-ს კურსდამთავრებულების ისტორიები, სადაც სხვადასხვა პროფესიის საინტერესო  ადამიანები იქნებიან გაერთიანებული. შესაძლოა, იგი ერთგვარ გზამკვლევადაც იქცევა მომავალი თაობისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვინც დაინტერესებულია, რომ ისწავლოს ჩვენს უნივერსიტეტში. ამას გარდა, სხვა სახის ტრენინგებსა და პროგრამებში ვღებულობ მონაწილეობას. ამათგან უახლესია EBIT Group EXPO Batumi - ის საერთაშორისო გამოფენები, ტრენინგები ბათუმსა და ბერლინში პასპინძლობისა და სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულებით. სტუდენტური პროექტების გარდა, ეს  ფოტოკონკურსი ჩემთვის სიახლეს წარმოადგენს.

_ ნინო, გვესაუბრეთ ფოტოკონკურსის მონაწილეობის შესახებ. რა ეტაპების გავლა დაგჭირდათ?

_ მოგეხსენებათ, უნივერსიტეტი ბევრ სხვადასხვა აქტივობასა და კონკურსს სთავაზობს სტუდენტებს. ინფორმაცია ამის შესახებ უნივერსიტეტის ვებგვერდიდან გავიგე. გადავწყვიტე, რომ მიმეღო მონაწილეობა და წარსადგენად შევარჩიე ჩემი საყვარელი ფოტო, რომელიც ძალიან  თბილ და დადებით განწყობას ქმნის.

_ როდიდან ხარ ფოტოგრაფიით გატაცებული? პირველი შეხება ფოტოგრაფიასთან...

_ ფოტოგრაფია არასდროს იყო ჩემი მოწოდება და ინტერესის სფერო, სანამ ელენე არ გავიცანი. ყველას ბავშვობიდან უყვარს ფოტოების გადაღება. მეც არ ვიყავი გამონაკლისი, თუმცა ამ ყველაფრის ერთ სივრცეში მოქცევაზე არასდროს მიფიქრია. ელენეს შემყურე მეც გადავწყვიტე რომ მეცადა და ეს მიმართულებაც ინტერესის გარეშე არ დამეტოვებინა. შესაბამისად, კონკურსზე წარმოგიდექით „ვარსკვლავთბიჭუნათი.“

_ რით გამოირჩევა თქვენთვის ფოტოგრაფია?

_ ფოტოგრაფია, ფოტომასალა _ ეს არის მომენტის სამუდამოდ შენახვა. დრო საკმაოდ სწრაფად გადის და ჩვენი მოგონებებიც, რაც არ უნდა ჩავეჭიდოთ მას, მაინც მივიწყებას მიეცემა. შესაბამისად, ვთვლი, რომ ფოტოგრაფია ამ მოგონებების შენახვის და სამუდამოდ ცხოვრების შესანიშნავი გზაა.

_ ნინო, ვინ არის თქვენი გამორჩეული ფოტოგრაფი?

_ აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს მიმართულება ჩემთვის ახალია და ამიტომაც, არ შემიძლია რომელიმე კონკრეტული ფოტოგრაფის დასახელება.

_ კონკურსში გამარჯვებული თქვენი ფოტოები სახასიათოა,  განსაკუთრებით    ,,ბავშვი და ძაღლი“.  მოგვიყევით ფოტოს ისტორია...  ვინ არის ფოტოზე გამოსახული ბავშვი და სად არის გადაღებული?

_ ფოტო გადაღებულია გასულ ზაფხულს, უმშვენიერეს გოდერძის უღელტეხილთან მდებარე ერთ-ერთ ახლო სოფელში. მოგეხსენებათ ჩვენი კუთხე გამოირჩევა განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით და ერთ-ერთ ოჯახში ვიზიტისას შევხვდით ამ ულამაზეს ბიჭუნას, რომელსაც ცხოველები ძალიან უყვარდა

_ ალბათ ემოციის გარეშე არ არსებობს ფოტოგრაფია. თქვენ რა ემოცია გქონდათ  როცა ბავშვის და ძაღლის ურთიერთობას ციფრულად იღებდით?

_ „ვარსკვლავთბიჭუნას“ წყალობით, მაღალმთიანი აჭარა, კერძოდ გოდერძი, ალბათ, მუდამ თბილ და კომფორტულ გარემოდ გამახსენდება.  როგორც აღვნიშნე, სტუმრად ვიყავი ერთ-ერთ ოჯახში. წინ დიდ ეზოში ბავშვები თამაშობდნენ, სადაც შეიგრძნობდით ზაფხულს. სწორედ ბავშვების ყურებისას გადავწყვიტე, რომ გადამეღო მათთვის ფოტო და ეს სამახსოვროდ წამომეღო. ბიჭუნასა და ძაღლის ფოტო საკმაოდ სპონტანური იყო და სხვა ფოტოების დათვალიერებისას აღმოვაჩინე და გამახსენდა, თუ რამდენად ბედნიერი ვიყავი იქ ყოფნისას.

_ ნინი, გვესაუბრე სამომავლო გეგმებზე...

_ სამომავლო გეგმები საკმაოდ მრავალფეროვანია და დაზუსტებით თავადაც არ ვიცი, სად შეიძლება, რომ აღმოვჩნდე. თუმცა იმის თქმა შემიძლია, რომ შესაძლებელია მეტად დავინტერესდე ფოტოგრაფიით და მეტი საინტერესო ფოტო გავუზიარო საზოგადოებას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა