გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - 2023“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება ბსუ-, ფაკულტეტებისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის ორგანიზებით, „ბსუ- სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - 2023“ გაიმართა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მერაბ დიასამიძემ, რექტორის მოადგილეებმა ანზორ ბერიძემ და თამარ სირაძემ, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ღლონტმა და ფაკულტეტის დეკანებმა, 30 სექციის 90 სხვადასხვა ადგილის მფლობელ მონაწილეს, გამარჯვება მიულოცეს და დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

გაზეთიბათუმის უნივერსიტეტიამჯერად ისტორიის სპეციალობის სტუდენტებს გაგაცნობთ. მესამეკურსელი მარიამ ჭანკურიძე და პირველი კურსის მაგისტრანტი მირიან ფუტკარაძე ის ახალგაზრდები არიან, რომელთაც პირველი ადგილის მოპოვებამ მეტი სტიმული მისცათ. მათი ინტერესის სფერო მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიაა.

ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანის დასაწყისში“ - მარიამ  ჭანკურიძის საკონფერენციო თემაა. სტუდენტის დაინტერესება საკვლევი თემითა და ეპოქით, სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა. მარიამი ამჟამად გერმანიაშია, გაცვლითი პროგრამით.

_ დავასრულე სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლა. ჩემი აქტიური ცხოვრება დაიწყო ძირითადად 2020 წლიდან, მაშინ როცა 50% გრანტით ჩავირიცხე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის სპეციალობაზე. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს მომიწია სასწავლო პროცესის დაწყება, თავიდანვე მიზნად დავისახე მაქსიმალურად გამომეყენებინა ყველა შესაძლებლობა, რასაც უნივერსიტეტისგან და არა მარტო უნივერსიტეტისგან მივიღებდი. პირველ რიგში, შრომისმოყვარეობისა და მიზანდასახულობის წყალობით გავხდი სტიპენდიანტი, რამაც დიდი მოტივაცია მომცა მომავალშიც გამეგრძელებინა წარმატებული გზით სვლა. პირველი სემესტრიდან მოყოლებული დღემდე ვიღებ როგორც სახელმწიფო, ასევე მუნიციპალიტეტის სტიპენდიას. სასწავლო რეჟიმის გაგრძელებას სააუდიტორიო სივრცეში მოჰყვა ჩემი მეტად აქტიურად ჩართვა საინტერესო პროექტებში, მათ შორის გახლავთ ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, რომლის ორგანიზატორია ბატონი გიორგი მასალკინი, გუნდური მუშაობის დამსახურებით ჩვენმა გუნდმა „არტემისმა“ არა ერთგზის მოიპოვა ადგილი ათეულში. სხვა აქტივობას რაც შეეხება, გარდა საუნივერსიტეტო ცხოვრებისა, ვარ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის კლუბის წევრი, ვცდილობ თითოეული შესაძლებლობა რასაც აღნიშნული ორგანიზაცია იძლევა, გამოვიყენო და შევქმნა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ასევე მონაწილეობა მივიღე 2022-23 წლის დებატბანაკის შესარჩევ ტურნირში, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტში საქართველოს უნივერსიტეტისა და სამართლის სკოლის მხარდაჭერით გაიმართა.

რაც შეეხება სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციას, გასულ წელსაც მივიღე მონაწილეობა აღნიშნულ პროექტში და ავიღე საპრიზო ადგილი. წელს კი უფრო მეტი შემართებითა და მონდომებით გამიჩნდა სურვილი მემუშავა ახალ თემაზე „ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანის დასაწყისში“,  ჩემს ხელმძღვანელ ბატონ ჯემალ კარალიძესთან ერთად, ნაშრომზე მუშაობა შრომატევადი თუმცა საკმაოდ საინტერესო პროცესი აღმოჩნდა, საბოლოო შედეგით თუ ვიმსჯელებთ, ჩემი შრომა დაფასდა, მოვიპოვე პირველი ადგილი. მინდა აღვნიშნო, რომ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობამ დიდი გამოცდილება მომცა, პირველ რიგში, გამოვცადე საკუთარი თავი და დავრწმუნდი ჩემს შესაძლებლობებში. ყველა სტუდენტს ვურჩევ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ კონფერენციაში, რათა გამოიმუშაონ როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული უნარ-ჩვევები.

განსაკუთრებით მომწონს XX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ისტორია, წელს ჩვენს უნივერსიტეტში გაიმართა 1989 წლის 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც მხვდა წილი ვყოფილიყავი ერთ-ერთი მოდერატორი და მესაუბრა 34 წლის წინ

_ მარიამ, გთხოვთ მოკლედ გვესაუბრეთ კონფერენციაზე წარდგენილი თემის შესახებ...

_ ჩემი ძირითადი საკვლევი თემა არის ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანის დასაწყისში. საქართველოს ისტორიის ეს პერიოდი გამოირჩევა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობით. ხაზგასასმელი და თან დასაფასებელი არის ის, რომ სანატრელი დამოუკიდებლობა თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოვიპოვეთ. ნაშრომში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლებზე, რომელიც არ იყო სახარბიელო და ვფიქრობ, სწორედ აღნიშნული ფაქტორი ხდის ჩვენივე  ქვეყნის ისტორიას მეტად საინტერესოს, რომ შევძელით ასეთ რთულ ვითარებაში დამოუკიდებლობის აღდგენა.

რაც შეეხება მიზნებს- მსურს განვიხილო და ჩემეული ხედვით წარმოგიდგინოთ ამ პერიოდის საქართველო, ასევე ყურადღება გავამახვილო იმ პერიოდში მიმდინარე ცვლილებებსა თუ სიახლეებზე. გარდა ქვეყნის შიგნით არსებული სიტუაციისა, განვიხილავ საბჭოთა კავშირის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით, სეპარატიზმის პრობლემას და იმ ძირითად მეთოდებს, რომელთაც საბჭოთა კავშირის ხელისუფლება მიმართავდა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლისას.

რუსული აგრესია არც დღეს კარგავს თავის აქტუალურობას, ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალე ამ ნაშრომის კონფერენციაზე წარმოდგენა“, _ ამბობს მარიამი და გაზეთის მკითხველს საკვლევ თემასთან მიმართებაში რამდენიმე დეტალსაც უზიარებს.

ანტისაბჭოთა ტენდენციების ზრდა საქართველოში

XX საუკუნის 80-იან წლებში საქართველო საბჭოთა იმპერიის შემადგენელ ერთ-ერთ რესპუბლიკას წარმოადგენდა, სადაც მუდმივად მობილიზებულნი იყვნენ სამხედრო შენაერთები, მოსახლეობას აღარ სწამდა საბჭოთა ინტერნაციონალიზმის იდეა. გაიზარდა ქართულ საზოგადოებაში იმათი რიცხვი, რომლებსაც სურდათ დემოკრატიული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენა, სწორედ ამის გამოხატულებას წარმოადგენდა 1983 წელს მომხდარი ფაქტი- ე.წ. „თვითმფრინავის გატაცება“.

ქართველთა უკმაყოფილება განსაკუთრებით გაიზარდა 1986 წელს, მას შემდეგ, რაც ვიქტორ ასტაფიევმა გამოსცა თხზულება „ციმორების ჭერა საქართველოში“, ავტორი აკრიტიკებდა ქართველთა ყოფა-ცხოვრების წესს. ქართველმა მწერლებმა თავიანთი პროტესტი მწერალთა კავშირის პლენუმზე განაცხადეს, რასაც მოჰყვა ეროვნებათშორისი ურთიერთობების გამწვავება.

1987 წლის 11 დეკემბერს ქართველმა ინტელიგენციამ ისარგებლა საბჭოთა კავშირში მიმდინარე მოვლენებით(ელცინის გამოსვლა გორბაჩოვის წინააღმდეგ, პრობლემები ავღანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში). გიორგი ჭანტურიასა და გურამ მამულიას ინიციატივით შეიქმნა პირველი ლეგალური საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“. პირველი ლეგალური ორგანიზაციის დაარსებას საბჭოთა კავშირის ხელისუფლების მხრიდან რაიმე მკაცრი ღონისძიება არ მოჰყოლია, რამაც განაპირობა საქართველოში სხვადასხვა არაფორმალური ორგანიზაციებისა და პარტიების ჩამოყალიბება, მაგალითად- აღდგა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ირაკლი წერეთელმა შექმნა ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია და სხვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა გაერთიანებულმა ჯგუფებმა ზრუნვა დაიწყეს ეროვნულ ფასეულობებზე. აღსანიშნავია ის, რომ გამოსვლები მშვიდი ფორმით არ იმართებოდა, ხშირი იყო შემთხვევები, როცა „რადიკალებს დატერორებული ჰყავდათ დაწესებულებების ხელმძღვანელები თავიანთი პიკეტებითა და მიტინგებით“ (ბლუაშვილი,1994:14).

მაშინ როცა საბჭოთა ხელისუფლებამ იგრძნო საფრთხე, შეეცადა კონსტიტუციიდან ამოეღო ის მუხლი, რომლითაც მოკავშირე რესპუბლიკას კავშირიდან თავისუფლად გასვლის უფლება ჰქონდა. ახალი კანონით აღნიშნულ საკითხს მხოლოდ სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა გადაწყვეტდა. 1988 წლის 12 ნოემბერს თბილისში მოეწყო 100 ათას კაციანი საპროტესტო აქცია. საქართველოს კომუნისტური ხელისუფლება დათმობებზე წასვლას ამჯობინებდა, თუმცა მოსახლეობას არ ჰქონდათ იმედი, რომ მათ მოთხოვნებს საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები გაითვალისწინებდნენ, ამიტომაც აქციები გაგრძელდა. მეტიც, 1988 წლის 25 ნოემბერს გაბრიელ ისაკაძემ ჩამოხსნა მთავრობის სასახლის თავზე არსებული საბჭოთა წითელი დროშა, ამით კიდევ ერთხელ გამოვლინდა ქართველთა რეალური მისწრაფება.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია

საქართველოს ავტონომიურ ერთეულებში არსებულ სეპარატისულ ძალებს რუსეთის რეაქცია ასაზრდოებდა. ქართველთა წინააღმდეგ ამ ურთულეს და უმნიშვნელოვანეს მომენტში, როცა მათ თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებოდა,  ავტონომიურ ერთეულებში მცხოვრები აფხაზები და ოსები გამოიყვანეს. სეპარატისტული განწყობილება ყველაზე უფრო აფხაზეთში გაძლიერდა, გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში 1989 წლის 18 მარტს 30 ათასი აფხაზი შეიკრიბა და მიიღეს გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შესვლის.

ის, რომ ლიხნში მიმდინარე მოვლენები მიზანმიმართული იყო კომუნისტური ხელისუფლების ინტერესების დასაცავად, ამაზე მიგვანიშნებს აფხაზეთში ადგილობრივების განწყობაც, რომლებმაც დაგმეს სეპარატისტების გამოსვლა („თვით აფხაზეთშიც „ლიხნის მიმართვა“ დაგმო ადგილობრივმა ქართველობამ“(დაუშვილი, ნათმელაძე,2004:344)) და მათი აზრი დააფიქსირეს საპროტესტო აქციებზეც- გაგრაში, ლესელიძესა და სოხუმში. რაც შეეხება თბილისში მიმდებარე მიტინგებს, წინა პერიოდისგან განსხვავებით რადიკალური ხასიათი მიიღო განსაკუთრებით აპრილის დასაწყისში, ვინაიდან აქციების ორგანიზატორებმა აფხაზეთის საკითხთან ერთად წინ წამოწიეს საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გასვლის იდეა.

ჩემი აზრით, მიტინგის ასეთ ცვლილებას ისიც უწყობდა ხელს, რომ საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მ.გორმაჩოვი და საგარეო საქმეთა მინისტრი ე.შევარდნაძე ინგლისში იმყოფებოდნენ, მათ ვერ მოახდინეს დროული რეაგირება, რითაც ისარგებლეს მომიტინგეებმა და საბოლოოდ პროტესტს რადიკალური ხასიათი მიეცა. რეალურად, მთავარმა იდეამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა, ხალხი იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის.

8 აპრილს სიტუაციის დასარეგულირებლად თბილისში უნდა ჩამოსულიყვნენ ე.შევარდნაძე და ვ.რაზუმოვსკი, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ეს საჭიროდ არ ჩათვალა, ამ დროს კი ვითარება უმართავი გახდა. მომიტინგეთა დასაშინებლად გამოიყვანეს სამხედრო ძალა, თუმცა აღნიშნულმა ფაქტორმა ხელისუფლებისთვის სასიკეთო შედეგი ვერ გამოიღო. გამთენიისას მოსახლეობამ უარი თქვა ქაშვეთის ეკლესიაში წასვლაზე, ეს კი ნიშნავდა იმას, რომ შეკრებილები მანამ არ დაიშლებოდნენ, სანამ სასურველს არ მიაღწევდნენ.

 მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლა ძალისა და მომწამვლელი გაზის გამოყენებით გადაწყდა, შედეგად ადგილზე 16 ადამიანი გარდაიცვალა (ჯამში კი 21), საბჭოთა კავშირის ხელისუფლება ცდილობდა ყველაფერი ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციისთვის დაებრალებინა. თუმცა ყველაფერი უკვე ცხადი იყო, 9 აპრილის ტრაგედიამ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა საბჭოთა იმპერიალიზმის სახე. სისტემის გარდაქმნაზე საუბარი მხოლოდ მოჩვენებითი ხასიათის იყო, რეალურად მრავალეროვანი იმპერია განწირული აღმოჩნდა დაშლისთვის. 9 აპრილის სისხლიანი ღამის შემდეგ, საქართველოში კომუნისტური რეჟიმი ფაქტობრივად მოიშალა. დაჩქარდა ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენის პროცესი, გაძლიერდა ნაციონალისტური იდეოლოგია.

9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ გრძელდებოდა არეულობა აფხაზეთში, საქართველოს კომუნისტური ხელისუფლება იძულებული გახდა ასეთ რთულ მომენტში დათმობებზე წასულიყო და დაენიშნა არჩევნები 1990 წლის 25 მარტისთვის. ეს ფაქტი ეროვნული მოძრაობის დიდი გამარჯვება იყო.

საქართველოს კომუნისტური ხელისუფლება ცდილობდა დაკარგული ავტორიტეტი აღედგინა სხვადასხვა გზით, მათი ინიციატივით შეიქმნა ისტორიკოსთა ჯგუფი, რომლებმაც შეისწავლეს 1921 წლის თებერვლის მოვლენები და მისცეს მას ობიექტური შეფასება. ეს დღე გამოცხადდა საქართველოს ანექსიის დღედ, თუმცა ხელისუფლების ამ ნაბიჯმა მათთვის სასურველი შედეგი ნამდვილად ვერ გამოიღო. არც მოსახლეობას და არც რადიკალური ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლებს ხელისუფლების აღარ სჯეროდათ.

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, სამწუხაროდ ეროვნული ძალების გაერთიანება ბოლომდე ვერ მოხერხდა. ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი პიროვნული ინტერესები თუ ამბიციურობა იყო. ამ ყველაფერმა გმაოიწვია ეროვნული ფორუმის დაშლა, თუმცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესები მაინც დაემთხვა, რომელთაც შეძლეს ახალი პოლიტიკური კოალიციის-  „მრგვალი მაგიდის“ ჩამოყალიბება, 1990 წლის 28 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში გაიმარჯვა სწორედ „მრგვალი მაგიდა - თავისუფალმა საქართველომ“, რომელმაც ახლადარჩეულ უზენაეს საბჭოში- პარლამენტში შეძლო 155 ადგილის მიღება, 14 ნოემბრის სხდომაზე პარლამენტის თავჯდომარედ აირჩიეს ზვიად გამსახურდია.

1990 წლის 14 ნოემბერს, როცა შედგა პირველი სესია, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას ეწოდა საქართველოს რესპუბლიკა, ამგვარად, საქართველოში კომუნისტური წყობილება მშვიდობიანად დაემხო. აღდგა სახელმწიფო სიმბოლიკა- გერბი, ჰიმნი, დროშა კი შეიცვალა.

საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენა

XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში ურთულესი ვითარება იყო. ბრძოლას აგრძელებდნენ აფხაზებთან ერთად ოსი სეპარარისტებიც, ამავდროულად დაიწყო ეკონომიკური კრიზისი, სოციალისტურ ეკონომიკაში ღრმად ინტეგრირებული რესპუბლიკა, მზად არ აღმოჩნდა ამ დარგში სიახლეების დანერგვისთვის. ვითარება დაიძაბა ზვიად გამსახურდიასა და მის  მოწინააღმდეგე მეორე რადიკალურ დაჯგუფებას შორის, ყველა დაძაბულობას, რაც კი არსებობდა ქვეყანაში, საბჭოთა ხელისუფლება იყენებდა ავტონომიურ ერთეულებში მცხოვრები სეპარატისტების წასაქეზებლად. შექმნილ ვითარებაში, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მომავალი პოლიტიკური ბედი განესაზღვრათ რეფერენდუმით, რომელიც 1991 წლის 31 მარტს უნდა ჩაეტარებინათ. საბედნიეროდ მონაწილეთა 98.9% (3 266 285 ადამიანმა) მხარი დაუჭირა იდეას, რომლის მიხედვითაც უნდა აღმდგარიყო საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. ამ რეფერენდუმით, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ქართველთა რეალიური მისწრაფება, მოსახლეობას სურდა დამოუკიდებელ სახელმწიფოში ეცხოვრა, საბჭოთა რუსეთისგან კონტროლის გარეშე. საქართველოს უზენაესმა საბჭომ რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე სიმბოლურად- 1991 წლის 9 აპრილს- გამოაცხადა საქართველო სუვერენულ სახელმწიფოდ. აღსრულდა იმ ადამიანთა სურვილი, რომლებიც ამ დროის განმავლობაში იბრძოდნენ სანატრელი დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.

_ XX საუკუნის 80-იან წლებში საბჭოთა სოციალისტური სისტემის კრიზისი შესამჩნევი გახდა. მართალია, გორბაჩოვის მიერ გატარებულმა ცვლილებებმა საბჭოთა კავშირი „ჰუმანურ“ სახელმწიფოდ ვერ ჩამოაყალიბა, თუმცა სოციალისტურ რესპუბლიკებში, მათ შორის საქართველოშიც, დემოკრატიული პროცესების დაწყება სწორედ ამის შემდგომ გააქტიურდა.

საქართველოში პარტიების ჩამოყალიბებას თან მოჰყვა ეროვნული თვითშეგნების გამოცოცხლებაც. საგულისხმოა ის, რომ თავდაპირველად საპროტესტო აქციებზე გამოსული ხალხი მოითხოვდა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების კონტროლს, თუმცა ამ დაძაბულ და ერთი შეხედვით ხელსაყრელ მომენტში, მოსახლეობამ გადაწყვიტა კონსტიტუციური გზით აღედგინა საქართველოს დამოუკიდებლობა. აღნიშნულ პერიოდში საქართველოში ეროვნული მოძრაობა სულ უფრო გამოკვეთილ ანტისაბჭოურ ხასიათს იღებდა, კულმინაციამ აპრილის თვეში მიაღწია. ტოტალიტარულმა სახელმწიფომ გამოსვლების ჩახშობა ძალის გამოყენებით გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ სამშობლოს დასაცავად გამოსული შეუიარაღებელი მოქალაქეების წინააღმდეგ მოემართებოდნენ გაწვრთვნილი სამხედრო შენაერთები.

ჩემი აზრით, 9 აპრილის ტრაგედიამ კიდევ უფრო დააჩქარა საბჭოთა იმპერიის რღვევის პროცესი, მშვიდობიანი აქციის ძალის გამოყენებით დაშლა უკვე მიანიშნებდა ბოროტების იმპერიის რეალურ სახეზე. ეროვნულმა ძალამ შეძლო არსებული ვითარების გამოყენება, ამაზე მიგვანიშნებს ჯერ 1990 წლის 28 ოქტომბერში მიმდინარე მოვლენები, როცა პოლიტიკური ასპარეზი დაატოვებინეს კომუნისტურ პარტიას და ასევე 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, რომლის საფუძველზეც აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, რომლის გამოცხადებაც სიმბოლურად განხორციელდა 1991 წლის 9 აპრილს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ, ქართველებს, 9 აპრილის ტრაგედია მუდმივად უნდა შეგვახსენებდეს, რომ თავისუფლება ადამიანების გმირობისა და სიცოცხლის ფასად მოვიპოვეთ. ასეთი გზით მოპოვებულ თავისუფლებას კი გაფრთხილება და შენარჩუნება სჭირდება, _ დასძინა მარიამმა დასკვნის სახით.

მირიან ფუტკარაძემ ბაკალავრიატი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით დაასრულა. ამბობს, რომ მაგისტრატურაში პროფილის შეცვლა,  სამშობლოს სიყვარულმა განაპირობა. მირიანის საკონფერენციო ნაშრომია „1921 წლის მარტი ბათუმში“.

_ როგორც მოგეხსენებათ, ერთიანი სამაგისტრო გამოცდებისა და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ გავხდი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი, საქართველოს ისტორიის მიმართულებით. პროფილის შეცვლა განაპირობა საქართველოს ისტორიით დაინტერესებამ და სამშობლოს სიყვარულმა. დავესესხები რაფიელ ერისთავს და ვიტყვი - „არ გავცვლი მე ჩემ სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“! 

  ჩემი კვლევის სფერო არის საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის შესწავლა, ასევე  საქართველოს პოლიტიკური სისტემების ისტორია.

  როცა გამოცხადდა რეგისტრაცია სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე, გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა. საკონფერენციო თემა გახლავთ 1921 წლის მარტის მოვლენები ბათუმში, ხელმძღვანელი _ პროფესორი ჯემალ კარალიძე. ჩემი საკონფერენციო ნაშრომი შეფასდა უმაღლესი ქულით და გავედი ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოლოგიის მიმართულებით სექციაში პირველ ადგილზე. კონფერენციის ფარგლებში გამოიცემა კრებული, რომელშიც დაიბეჭდება ჩემი  სამეცნიერო მოხსენება, ეს დიდი მოტივაცია სტუდენტისთვის, რომელსაც სურს  სამეცნიერო მიმართულებით განვითარება.   ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადაუხდი ჩემს სამეცნიერო ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის და ნდობისთვის.

 გარდა სწავლისა და სამეცნიერო საქმიანობისა, 2021 წლიდან ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას, ვარ ისტორიის რეპეტიტორი, ვამზადებ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.

 რაც შეეხება ჩემს გეგმებს, მსურს მონაწილეობა მივიღო სხვადასხვა საერთაშორისო თუ რეგიონლურ კონფერენციებში,  წარმატებით დავასრულო სამაგისტრო პროგრამა და სწავლა გავაგრძელო დოქტორანტურის საფეხურზე კვლავ ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში.  ჩემი მთავარი მიზანი მრავალფეროვანი ცოდნის მიღებაა, რათა მუდმივად განვიცდიდე კარიერულ განვითარებას.

_ მირიან, გთხოვთ მოკლედ გვიამბოთ, რას ეხებოდა თქვენი საკონფერენციო ნაშრომი?

_ აღნიშნულ სამეცნიერო ნაშრომში განხილულია 1921 წლის მარტის მოვლენები ჩვენს ქალაქში. გარდა ამისა, საინტერესოა ისეთი მნიშვნელოვანი აქტორების, როგორებიცაა თურქეთის და რუსეთის საგარეო პოლიტიკური ინტერესები ამიერკავკასიაში და განსაკუთრებით აჭარის რეგიონში. ბათუმის საკითხში  გადაკვეთა  მათი გეოპოლიტიკური ინტერესები.  1921 წლის დამდეგისთვის   სქართველოში მეტად მძიმე მდგომარეობა იყო. ამიერკავკასიაში სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე გასაბჭოებულია და ჯერი საქართველოზე იდგა, რომელიც ერთადერთი სუვერენული სახელმწიფო გახლდათ რეგიონში.

    ვფიქრობ, თურქეთთან ერთად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს სწორედაც ბოლშევიკური რუსეთი წარმოადგენდა, რომელმაც 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავისუფლება და სუვერენულობა, ის არ უნდა ჩარეულიყო საქართველოს საშინაო საქმეებში, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით ბათუმის ოლქიც შედიოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებში. სამწუხაროდ, რუსეთმა სულ მალე დაარღვია აღნიშნული ხელშეკრულება, რამაც ერთგვარი  ბიძგი მისცა თურქეთს წამოეყენებინა თავისი პრეტენზიები, გააქტიურდნენ აზერბაიჯანი და სომხეთიც, აწ უკვე საბჭოთა რესპუბლიკაში. საქართველოს ფაქტობრივად მოკავშირე აღარ ჰყავდა, ის სრულიად მარტო დარჩა საბჭოთა რუსეთის წინაშე, რომელსაც თავის მხრივ გადაწყვეტილი ქონდა აზერბაიჯანის და სომხეთის შემდეგ საქართველოს გასაბჭოებაც.  1921 წლის თებერვალ-მარტში შეიქმნა ამისთვის ხელსაყრელი მდგომარეობა, საქართველოს კი მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ქონდა.

   გეოპოლიტიკურ ფაქტორთან ერთად უნდა გამოვკვეთოთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური ელიტის ის ნაბიჯები, რომელმაცც სათანადოდ ვერ შეაფასა ვითარება, ამ ყველაფერს დაემატა ომის დროს დაშვებული შეცდომები, რასაც მოყვა მძიმე  შედეგები.  თბილისის დაცემის შემდეგ  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება იმედოვნებდა მეზობელი სახელმწიფოს - თურქეთის დახმარებას, მაგრამ თურქეთი არათუ დაეხმარა, არამედ თავისი ტერიტორიული პრეტენზიებიც კი წამოაყენა ბათუმის ოლქის მიმართ. ამრიგად, საქართველოსთვის საფრთხედ იქცა  არამარტო რუსეთი, არამედ თურქეთიც. საქართველოს უნდა გაეკეთებინა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ცუდში იგულისხმებოდა საბჭოთა რუსეთი, რომლის მიზანიც იყო საქართველოს გასაბჭოება, ხოლო უარესში იგულისხმება თურქეთი და მისი პრეტენზიები ბათუმის ოლქის მიმართ.  სწორედ 1921 წლის მარტში განვითარებული მოვლენების შედეგად  ქართველმა ხალხმა შეძლო ბათუმის დაცვა.

_ ცალსახად მნიშვნელოვანია ისტორიული შედეგიც...

_ დიახ, 1921 წლის მარტის მოვლენების შესწავლას მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ეს საკითხი საკმაოდ კარგად არის განხილული როგორც ქართულ ასევე თურქულ ისტორიოგრაფიაში. ჩვენ გავაანალიზეთ ბათუმის ოლქში შექმნილი ვითარება 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის დროს, ასევე საბჭოთა რუსეთისა და თურქეთის გეოპოლიტიკური ინტერესები ბათუმთან მიმართებაში, ის რომ ორივე  მხარეს თავიანთი გეოპოლიტიკური გეგმები ჰქონდათ, ორივეს მიზანი იყო ბათუმის დაკავება. საინტერესოა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის როლი და ადგილი ბათუმის შენარჩუნების საქმეში, ასევე მისი საკანონმდებლო ორგანოს დაფუძნებული კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჯობია ბათუმი დარჩეს საბჭოთა რუსეთს, ვიდრე თურქეთს, რადგან დროთა განმავლობაში მოხდება საბჭოების გაუქმება, ხოლო თურქეთი მუდამ იქნება და ეს ნიშნავს ბათუმის სამუდამოდ დაკარგვასო, ეს არის მეტად საინტერესო და საყურადღებო დასკვნა, რომელსაც იღებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანო.

  საინტერესოა ასევე ბათუმის საკითხი რუსეთ-თურქეთის 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულებაში და ასევე ბათუმის საკითხი 1921 წლის 17-18 მარტის ქუთაისის მოლაპარაკებებით. ბათუმის და მისი ოლქის ნაწილი, რომელიც მოიცავდა თანამედროვე აჭარას, საქართველოს  შემადგენლობაში რჩებოდა. ნოე ჟორდანიას გადაწყვეტილება ბათუმი დარჩენილიყო საქართველოს შემადგენლობაში, თუნდაც ბოლშევიკური რუსეთის კონტროლით, უდავოდ დასაფასებელია.

საბედნიეროდ გიორგი მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით, ქართულმა მხედრობამ ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია ბათუმისთვის გამართულ ბრძოლებში.  ამ საქმეში კი გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ, რომელმაც თავისი უკანასკნელი შერკინება ეროვნული დროშით წარმატებით დააგვირგვინა და ქვეყნის მთავარი საზღვაო კარიბჭე საქართველოს შეუნარჩუნა.

გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ მკითხველს კონფერენციის სხვა მონაწილეებსაც გააცნობს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა