გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ბსუ-ში სტუდენტური კლუბი "რუსთაველი" დაფუძნდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ კლუბი „რუსთაველი“ დაარსდა. კლუბის მიზანი სტუდენტებისთვის შემოქმედებითი, სპორტული, კულტურული და სასწავლო ცხოვრების გამრავალფეროვნებაა. თანატოლები თანატოლებისთვის ბევრი საინტერესო დღის დაანონსებას გეგმავენ.

გოგა ბაუჟაძე: „პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი საუნივერსიტეტო საქმეებში ჩართულობა განპირობებულია იმით,  რომ მოცემული სივრცე ახალგაზრდებს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ერთად შევქმნათ რაღაც ღირებული, რაც ისევ სტუდენტების განვითარებისკენ იქნება მიმართული. კლუბის შექმნის იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ  საუნივერსიტეტო კლუბების მიერ განხორციელებულ პროექტებში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობა მოგვეცეს და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

კლუბის დაფუძნების იდეა  რამდენიმე თვეა მწიფდებოდა და ველოდებოდით სასწავლო პროცესის დაწყებას.  ამჟამად კლუბი საერთო იდეებისა და მოტივაციების მქონე სტუდენტებს აერთიანებს.  მოცემული ჯგუფი მიზნად ისახავს მეტი არაფორმალური პროექტის, აქტივობის დაგეგმვას და განხორციელებას. კლუბის დაარსების ძირითადი მიზანი საუნივერსიტეტო სივრცეში არსებული სხვადასხვა საგანმანათლებლო კლუბების გაერთიანება, გაძლიერება და მხარდაჭერაა.

კლუბს გააჩნია  სტრუქტურა, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ.  ინიციატორებიც  ბსუ-ს სტუდენტები ვართ.

უნივერსიტეტში არსებობს არაერთი სტუდენტური კლუბი და ჯგუფი, მათ შორისაა: სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება, ფოტო-ვიდეო ხელოვანთა კლუბი, დებატკლუბი, კინომოყვარულთა კლუბი და ა.შ. თითოეულ მათგანს რა თქმა უნდა მოქმედების თავისი სფერო და არეალი გააჩნია, მაგრამ დღემდე არ არსებობდა ისეთი რგოლი, რომელიც უნივერსიტეტში არსებულ ყველა კლუბსა თუ გაერთიანებას ერთად მოაქცევდა. ეს მისია  საკუთარ თავზე ავიღეთ და  ,,რუსთაველში“ გავაერთიანეთ უნივერსიტეტში არსებული  სტუდენტური ჯგუფები. ჩვენი მიზანი მათ მხარდაჭერაა. უკვე დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე საუნივერსიტეტო პროექტი და მათ შესახებ ბსუ-ს სტუდენტები  ფეისბუქ გვერდის საშუალებით გაიგებენ. პროექტები  კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, სტუდენტურ ბანაკებსა და თემატურ დებატებს მოიცავს. გეტყვით იმასაც, რომ ,,რუსთაველი“ დაფუძნებულია ქართულ  კულტურულ და ევროპული ღირებულებებზე. ჩვენი ორგანიზებით სხვადასხვა თემებზე სტუდენტური კონფერენციები გაიმართება, შედგება საჯარო ლექციები და შეხვედრები.

კლუბს „რუსთაველი“ ჰქვია და ვფიქრობ, რომ მარტო სახელწოდებაც გვავალდებულებს გავუფრთხილდეთ ჩვენ მიერ დასახულ მიზნებს და სრულფასოვნად შევასრულოთ  აღებული ვალდებულება.

აქვე გეტყვით, რომ კლუბის წევრებს ვღებულობთ მათი სურვილის მიხედვით.  საორგანიზაციო გუნდში გაწევრიანებისთვის აუცილებელია  სარეგისტრაციო ბმულის შევსება და გასაუბრების გავლა“.

ჯანრი ბერიძე:  „პროექტები, რომლებიც ამ ეტაპზეა დაგეგმილი, ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრ სტუდენტს დააინტერესებს და ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. კლუბის პოპულარიზაციისთვის აქტიურად ვიყენებთ სოცილაური პლატფორმებს. კლუბის მიზნების  განხორციელებისთვის ყველა წევრი მზად ვართ, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ და  მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავიდეთ სასურველ შედეგზე.

სტუდენტური პროექტები სტუდენტებისთვის დიდი შესაძლებლობაა, რათა განვითარდნენ და გამოავლინონ თავიანთი უნარები.   რაც უფრო მეტი სტუდენტი ჩაერთვება საუნივერსიტეტო საქმეში, მით უფრო განვითარდება უნივერსიტეტიც“.

თემო ცინცაძე: „სტუდენტებს შევთავაზებთ ბევრ  სიახლეს მათი პროფესიული განვითარებისთვის. კლუბის პოპულარიზაციისთვის იქნება სახალისო და საინტერესო აქტივობები. ვფიქრობ, რომ ასეთ კლუბებში  სტუდენტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან  ბევრ საეინტერესო ადამიანთან გიწევს შეხვედრა.   აქ სტუდენტს ეძლევა შანსი თავისი იდეა რეალობად აქციოს“.

ქეთი მგელაძე:  „რუსთაველი“ ახლად ჩამოყალიბებული სტუდენტური კლუბია, რომელიც საერთო ინტერესებისა და  მოტივაციის მქონე სტუდენტებს აერთიანებს.

კლუბის მიზანი მიმართულია თითოეული სტუდენტის კეთილდღეობისაკენ. კლუბში დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ტრადიციული კულტურისა და ევროპული ღირებულებების, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების გაცნობასა და მხარდაჭერას. კლუბი „რუსთაველი“ აქტიურად აპირებს განახორციელოს საჯარო შეხვედრები ჩვენი ქვეყნის საინტერესო სპიკერებთან, ისეთ ადამიანებთან რომელთა მონოლოგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვუსმენთ ტელეეკრანებიდან და ალბათ მათი პირისპირ მოსმენაც ბევრჯერ მოგვდომებია, საჯარო შეხვედრები კი საშუალებას მოგვცემს პირადად გავიცნოთ ისინი და სხვადასხვა შეკითხვებიც დავუსვათ. მსგავსი სახის შეხვედრები  არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ უცხოელ გამოჩენილ სპიკერებთანაც იგეგმება. კლუბის დახმარებით ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა დაესწროს საჯარო ლექცია/სემინარებს დღის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.  „რუსთაველი“  ორგანიზებას  გაუწევს იმ სტუდენტურ კონფერენციებს, თემატურ დებატებსა და სტუდენტურ ბანაკებს, რომლებიც ვფიქრობ, რომ ნაყოფიერი სტუდენტური წლების  მომტანი იქნება. კლუბის პოპულარიზაციისთვის აქტიურად ვგეგმავთ სხვადასხვა ფაკულტეტებზე საინფორმაციო შეხვედრებსაც.

უნივერსიტეტში არ არსებობს ისეთი კლუბი, რომელიც შეიძლება რომელიმე სტუდენტის ინტერესის სფეროს არ შეეხოს, ბსუ საშუალებას გვაძლევს არამხოლოდ ჩავერთოთ არსებულ ინტელექტუალურ, კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებებში, არამედ თავადაც კი გავხდეთ ინიციატორები რაღაც ახლის. ,,სიტყვებს და იდეებს სამყაროს შეცვლა შეუძლია’’-კლუბის მთავარი მიზანიც სწორედ ამას გვიმტკიცებს.

ძლიერი აკადემიური სწავლების პარალელურად, მრავალფერონვანი სტუდენტური ცხოვრება ის აუცილებელი ფაქტორია, რომელიც უფრო სრულყოფილსა და შთამბეჭდავს ხდის იმ გამოცდილებას, რასაც სტუდენტები იძენენ უნივერისტეტში. სტუდენტური პროექტები და შემეცნებითი კლუბები საშუალებას გვაძლევს გავიღრმაოთ ცოდნა, მივიღოთ სულიერი საზრდო სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებისგან და რაც ყველაზე მთავარია მომავალში ამ პროექტებიდან მიღებული გამოცდილებით წარმატებულად დავსაქმდეთ.

მე, როგორც დამამთავრებელი, მე-4 კურსის სტუდენტი, მთელი გულით ვურჩევდი ჩემს თანაუნივერსიტეტელებს აუცილებლად გამოიყენონ ყველა ის შესაძლებლობა რასაც ბსუ გვთავაზობს, რადგან არაფერი ჯობია სტუდენტურ წლებში მიღებულ გამოცდილებას,  საუნივერსიტეტო პროექტებისა და შემეცნებით კლუბების განხორციელების მონაწილეობას და ისეთი თავგადასავლებით სავსე ისტორიის დაწერას, რასაც სიამაყით მოვუყვებით ჩვენს მომავალ თაობას. ხანდახან ადამიანები თავს ვიკავებთ ჩავერთოთ ჩვენთვის უცხო აქტივობებში მაგრამ ამით ხელს ვუშლით საკუთარ თავს რეალიზებაში, განვითარებაში, სიახლეების აღმოჩენაში და ასევე თავს ვარიდებთ ისეთი საინტერესო ადამიანების და სახეების გაცნობას, რომლებთან ერთადაც შეიძლება თავად გავხდეთ ძალიან მაგარი პროექტების თანაავტორები!

„სტუდენტური წლები არის საუკეთესო“ ამას ხშირად მეუბნებოდნენ და თავიდან არ მჯეროდა კიდეც, მაგრამ მას შემდეგ რაც უბრალოდ გადავწყვიტე ჩავერთო აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებაში, დავრწმუნდი, რომ ბსუ-ს სტუდენტური წლები იმაზე კარგი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი“.

ნია ტაკიძე: „მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კლუბი არის სრულიად თავისუფალი გაერთიანება, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ყველა სტუდენტის იდეა თუ ინიციატივა. რაც შეეხება სიახლეებს, კლუბის ფარგლებში იგეგმება გასვლითი ტურები და ექვსკურსიები.

როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, ქვეყანაში არსებული ეპიდემიულოგიური მდგომარეობის გამო, სწავლა დისტანციურად დავიწყე. მიუხედავად ამისა, როცა უნივერსიტეტში მისვლის შესაძლებლობა მომეცა, ვფიქრობ, ჩემი საუნივერსოტეტო ცხოვრება მეტად მრავალფეროვანი გახდა. აქტიურად ვღებულობ მონაწილეობას სხვადასხვა კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში, ვმონაწილეობ უნივერსიტეტში არსებულ საზაფხულო სკოლებში, გახლავართ უნივერსიტეტთან არსებული ქორეოგრაფიულო ანსამბლი ,,ტბეთის” მოცეკვავე. გამომდინარე აქედან, ვფიქრობ, რომ საუნივერსიტეტო ცხოვრება არ შემოიფარგლება მხოლოდ ლექცია-სემინარებით. თითოეული სტუდენტი აქტიურად უნდა იყოს ჩართული საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. მიმაჩნია, რომ ეს აუცილებელიცაა, რათა ჩვენი სტუდენტობის საუკეთესო წლები ღირებულად და ნაყოფიერად გავატაროთ“.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა